„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე, რომელსაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, კარგად ორგანიზებული იყო, ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ გაასაჯაროვა მტკიცებულებებიც, რომელიც მათ მას შემდეგ მოიპოვეს, რაც ისრაელზე თავდამსხმელები გაანეიტრალეს, ხოლო ისრაელის დროებით დაკავებული ტერიტორიებიდან „ჰამასის“ მებრძოლები განდევნეს.
დოკუმენტების პირველადი შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ "ჰამასის" მებრძოლებს თან ჰქონდათ რუკები, ფოტოსურათები, გათვლილი ჰქონდათ თავდასხმის პერიმეტრი და დროც თუ რამდენი ხანი დასჭირდებოდა ისრაელს თავდასხმაზე რეაგირებისთვის.
"მათ წინასწარ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ",- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
დოკუმენტები, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებს თან ჰქონდათ, კონკრეტულად განსაზღვრავდა სამოქმედო გეგმას. თუ რა უნდა ექნა ამა თუ იმ ჯგუფს, როგორ უნდა აეღოთ კონტროლი დასახლებებზე, მუსიკალურ ფესტივალზე და პოლიციის განყოფილებებზე.
Your browser doesn’t support HTML5
დოკუმენტები, რომლის სრული შინაარსიც მედიისთვის უცნობი რჩება, შეიცავს კოდურ სიტყვებს, საკოორდინაციო მოქმედებების გეგმებს. მასში ნათქვამია ისიც, რომ "უნდა მომხდარიყო მოქალაქეების გატაცება და მკვლელობა".
ისრაელიდან, ამ დროის მონაცემებით, "ჰამასის" მებრძოლებს 200-მდე ადამიანი ჰყავთ გატაცებული. არსებული ინფორმაციით, ტყვეები ღაზის ტერიტორიაზე იმყოფებიან, თუმცა მათი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ასობით დაშიფრული მობილური ტელეფონიც, რომელსაც „ჰამასის“ მებრძოლები კომუნიკაციისთვის იყენებდნენ. ისრაელი ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება.
დოკუმენტაცია ისრაელის თავდაცვის ძალების მედესანტეების 202-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა მოიპოვეს. დაშიფრულ ტელეფონებს, ტექსტებს, ფოტოსურათებსა და რუკებს ახლა ისრაელის შესაბამისი სპეციალური სამსახურები სწავლობს.
„ჩვენ ვაგროვებთ მიმობნეულ ნივთებს, საბრძოლო მასალებს, დოკუმენტაციას, ვახარისხებთ და დამატებითი შესწავლისთვის, სპეციალურ ორგანოებს გადავცემთ“,- წერია ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელმა შეაგროვა ის შეიარაღებაც, რომელსაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელზე თავდასხმის დროს იყენებდნენ. სხვადასხვა მედიასაშუალების, მათ შორის "ფოქს ნიუსის" ცნობით, ასობით საბრძოლო მასალას შორის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებული იარაღიცაა. შეიარაღების შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.
მუშავდება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც ისრაელს თავს დაესხნენ და მშვიდობიან მოსახლეობას გაუსწორდნენ.
„ჯარისკაცებმა, მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალები დაახარისხეს და გადასცეს სპეციალურ სამსახურებს. ექსპერტიზის შემდეგ, ეს საბრძოლო მასალა განადგურდება“,- წერია ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.