ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმიდან მეცხრე დღეს, ისრაელი ღაზის სექტორზე საპასუხო იერიშების აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.
ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს აგრძელებს.
„ამჟამად, ასეთი მცდელობები არ მიმდინარეობს. თუ რამე შეიცვლება, ჩვენ ვაცნობებთ საზოგადოებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას "ჰამასის" წინააღმდეგ, ამ მკვლელი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელმაც თავდასხმები განახორციელა“,- ამბობ ისრაელის სამხედრო სპიკერი, დანიელ ჰაგარი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღაზის სექტორზე იერიშების ინტენსივობა შედარებით შემცირებული იყო, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, ღაზის დატოვების საშუალება ჰქონოდათ.
პალესტინელები, რომლებიც ღაზის სექტორში ცხოვრობენ ჰყვებიან, რომ ორშაბათს გამთენიისას, საჰაერო იერიშები გაძლიერდა.
მაშინ, როცა ისრაელი "ჰამასთან" გამოცხადებულ ომშია, ბევრი პალესტინელი ღაზის სექტორის დატოვებას ვერ ახერხებს, რის გამოც მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მაღალია.
ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის საპახუსო იერიშებს 2700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათი მეოთხედი ბავშვია, 10 000 ადამიანი დაშავდა, ათასი კი, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება.
ისრაელის ომი "ჰამასის" წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს და მოკლეს 1300-ზე მეტი ადამიან. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბოლო 75 წლის განმავლობაში, ეს ისრაელისთვის ყველაზე სისხლიანი დღე იყო.
ახლა, ისრაელის გაცხადებული მიზანია გაანადგუროს "ჰამასი" და მისი მებრძოლები. საჰაერო იერიშებთან ერთად, გრძელდება მზადება სახმელეთო ოპერაციისთვის, რომლის დაწყების დრო ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ისრაელს, ამ დროისთვის, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში აქვს მოქცეული. სექტორის დიდ ნაწილს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, რომელსაც ისრაელი წლების განმავლობაში უფასოდ აწვდიდა იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ღაზის სექტორი, რომელიც სრულად მარაგდება ჰუმანიტარული დახმარებით, ბოლო კვირის განმავლობაში ამ დახმარებას ვერ იღებს. ტვირთი ეგვიპტის ტერიტორიაზეა შეჩერებული. პარალელურად, არ ფუნქციონირებს ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გასასვლელიც, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით ეგვიპტესა და ისრაელს შორის გრძელდება.
საევაკუაციო მარშრუტზე რამდენიმე აფეთქებაც მოხდა, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ ეს ტერიტორია მათ არ დაუბომბავთ.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ჰამასის" მებრძოლები მოქალაქეებს არ აძლევენ ევაკუაციის საშუალებას და საკუთარ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. "ისინი ბლოკავენ გასასვლელებს, რამდენიმე ადგილზე გზაც ჩახერგეს",- ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-თან საუბრის დროს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჰამასის" მებრძოლებმა ერთ-ერთ მოქალაქეს მანქანის გასაღებიც წაართვეს, რათა მას ოჯახთან ერთად ჯაბალიას ტერიტორია არ დაეტოვებინა.
ღაზის სექტორში რჩებიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებიც. ვაშინგტონი ამბობს, რომ საუბარია 600-მდე ადამიანზე. ამერიკა მოუწოდებს მოქალაქეებს, დატოვონ ღაზის ტერიტორია.
ისრაელი "ჰამასისგან" მოითხოვს გაათავისუფლოს 199 მძევალი, რომელიც ჰამასმა ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანა. არსებობს ინფორმაცია, რომ მძევლებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან. მძევლების გათავისუფლების პროცესში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატებიც.
"ჰამასს" ამ დროისთვის ტყვედ ჰყავს აყვანილი 200-მდე ადამიანი, მათ შორის არიან ქალები, მოხუცები და ბავშვები. გატაცებულთა ადგილსამყოფელი, ამ დროისთვის, ცნობილი არ არის. უცნობია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
ღაზაზე ისრაელის იერიშების პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში, აფეთქებების ხმები ისმოდა თავად ისრაელშიც. "ჰამასი" ისრაელის ქალაქებზე იერიშების მიტანას ცდილობს. ღაზის სექტორიდან გასროლილ რაკეტებს ისრაელი რკინის გუმბათის დახმარებით იგერიებს.
Facebook Forum