საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს პლენუმმა, დასკვნა დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადა.
უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად საკმარისი იყო 9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა:
- ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მერაბ ტურავას, ევა გოცირიძეს, გიორგი თევდორაშვილს, ხვიჩა კიკილაშვილს, მანანა კობახიძესა და ვასილ როინიშვილს;
- განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
საკითხი, რომლის გამოც საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას შეეხება - ის სექტემბრის დასაწყისში შეხვდა და ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე ესაუბრა გერმანიის, საფრანგეთისა და ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს.
სასამართლო მხარეებს სამი დღის განმავლობაში უსმენდა.
"ქართული ოცნების" არგუმენტები:
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობის გარეშე. კონსტიტუციის მისეული განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება მაშინაც, თუ ის საქართველოში ჩამოსულ სხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდება და მაშინაც კი, თუ სხვა ქვეყანაში წავა, გამოფენაზე დასასწრებად ან დაკრძალვის ცერემონიაზე - გამონაკლისის გარეშე.
პრეზიდენტის არგუმენტები:
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ამავე სასამართლოში 10-წლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მქონე მაია კოპალეიშვილი. ის ამბობდა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, ჩართული იყოს ისეთ საგარეო ურთიერთობებში, რომლებიც არ ეხება ქვეყნის კურსის ცვლილებას - შეხვდეს სხვა ქვეყნის ლიდერებს, გაუგზავნოს მათ წერილები, დაურეკოს და უპასუხოს მათ სატელეფონო ზარებს, მთავრობის ნებართვის გარეშე.
1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.