ეგვიპტეში სინაის ნახევარკუნძულზე ჰუმანიტარული დახმარების გადამტანი რეისები ჩადის. "წითელი ნახევარმთვარის" მოხალისეები ამბობენ, რომ ისინი ღაზის სექტორში ტვირთის შესატანად მზად არიან და სატვირთოებით ელოდებიან შესაბამის შესაძლებლობას.
ეგვიპტე ამტკიცებს, რომ რაფის გამშვები პუნქტი ღაზის სექტორის მიმართულებით ღიაა, თუმცა სამანქანო გადააადგილება უკვე რამდენიმე დღეა შეზღუდულია ისრაელის საჰაერო იერიშების გამო.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ეგვიპტესთან, ისრაელთან და ყატართან იმისთვის, რომ შაბათს გამშვები პუნქტი ამუშავდეს. ვაშინგტონი კავშირზეა ღაზაში მყოფ პალესტინელ ამერიკელებთანაც, რომელთა ნაწილსაც სექტორის დატოვება რაფის გამშვები პუნქტიდან სურს, თუმცა უცნობია, მისცემს თუ არა მათ ამის საშუალებას "ჰამასი".
ეგვიპტის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საზღვრის მათ მხარეს დაცვა გაძლიერებულია, მობილიზებულია ცემენტის მოძრავი ბარიერებიც, მაგრამ გამშვები პუნქტი მათ არ ჩაუკეტავთ.
ეს პუნქტი ღაზის სექტორის 2.3 მილიონი მცხოვრებისთვის ერთადერთი გასასვლელია, რომელსაც ისრაელი არ აკონტროლებს. ისრაელი და ეგვიპტე ანკლავის ბლოკადის პირობებს ინარჩუნებდნენ მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" 2007 წელს ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა. მოწმდებოდა სექტორის მიმართულებით მოქალაქეებისა და ტვირთის გადააადგილება. ეგვიპტეში შიშობენ, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის ომი მათ ქვეყანაში ლტოლვილთა ნაკადის გაზრდას გამოიწვევს.
ისრაელის შეიარაღებული ძალები ამტკიცებს, რომ ეს პუნქტი დაკეტილია და რომ ანკლავში ნებისმიერი შესვლა ისრაელთან კოორდინაციით უნდა მოხდეს.
ამ კვირაში საინაის აეროპორტში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს სულ მცირე ხუთი თვითმფრინავით, მათ შორის თურქეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც. ჩავიდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თვითმფრინავიც, რომელმაც პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები და მედიკამენტები ჩაიტანა. ორგანიზაციის პრეზიდენტი ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ ყოველი საათი გადამწყვეტია და ამ ტვირთის დაყოვნებით უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება.