ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო რეიდები დაიწყო


ისრაელის ტანკები ღაზის სექტორის საზღვართან. 13 ოქტომბერი, 2023 წ.
ისრაელის ტანკები ღაზის სექტორის საზღვართან. 13 ოქტომბერი, 2023 წ.

ისრაელი აცხადებს, რომ დღეს, 13 ოქტომბერს, მათი ტანკები და ქვეითები ღაზის სექტორში შევიდნენ და პალესტინელების ანკლავში პირველი რეიდები მოაწყვეს. ეს კრიზისის დაწყების შემდეგ, ისრაელის პირველი განცხადებაა, რომელიც საჰაერო იერიშებით დაწყებული ომის სახმელეთო ოპერაციებზე გადასვლაზე მიუთითებს.

"ჰამასის" მიერ ისრაელზე 7 ოქტომბერს მიტანილი მსხვერპლიანი იერიშის შემდეგ, თელ-ავივი ცდილობს გაანადგუროს პალესტინელთა დაჯგუფების მეომრები, რომლებიც ღაზის სექტორს აკონტროლებენ.

ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, ადმირალმა დენიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ტანკების მხარდაჭერით, ისრაელის ჯარებმა ღაზაში უკვე განახორციელეს საბრძოლო რეიდები. მათი სამიზნე პალესტინის სარაკეტო დანადგარების ეკიპაჟები იყო, ასევე სურდათ ინფორმაცია მოეპოვებინათ ისრაელიდან გატაცებული მძევლების სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ.

ღაზაში მცხოვრებთა ნაწილმა სახლ-კარი მას შემდეგ დატოვა, რაც ისრაელმა მილიონზე მეტ ადამიანს უბრძანა, 24 საათის მანძილზე გასულიყვნენ სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან. "ჰამასმა" მათ უთხრა, რომ იქიდან არ წასულიყვნენ.

ფოტო და ვიდეო მასალებში ჩანს ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მიმავალი ათასობით ადამიანი. მათი რაოდენობის შეფასება მედიისთვის ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამასთან, ბევრმა თქვა, რომ ღაზიდან არ წავიდოდნენ.

ისრაელის გეგმა, ღაზის ჩრდილოეთიდან მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაციის შესახებ, 24 საათის განმავლობაში რთული იქნება, განაცხადა დღეს დილით, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ. გაეროც თვლის, რომ ეს შეუძლებელი ამოცანაა.

პალესტინურ ანკლავში ისრაელის სრული ბლოკადის პირობებში, როცა სექტორის მოსახლეობას ელექტროენერგია, საკვები, საწვავი და წყალი აღარ მიეწოდება, ყველას ევაკუაცია შეუძლებელია, - განაცხადა 13 ოქტომბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გაერო შიშობს, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალი ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG