ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი აცხადებს, რომ პალესტინელთა ევაკუაციის გეგმა რთული შესასრულებელი იქნება


ჯონ კირბი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი
ჯონ კირბი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი

ისრაელის გეგმა ღაზის ჩრდილოეთიდან მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაციის შესახებ 24 საათის განმავლობაში რთული იქნება, განაცხადა პარასკევს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ.

”ეს ბევრი ადამიანის გადაადგილებისთვის ძალიან მოკლე დროა”, - თქვა კირბიმ ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია MSNBC-ის მისცა.

„ჩვენ გვესმის, რას ცდილობენ ისინი და რატომ ცდილობენ ამას - მშვიდობიანი მოსახლეობის იზოლირებას "ჰამასისგან", რომელიც მათი რეალური სამიზნეა“, - დასძინა მან.

კირბის თქმით, ამერიკის ოფიციალური პირები მუშაობენ ისრაელთან და ეგვიპტესთან, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო გასასვლელი ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, სადაც 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

”ცხადია, ჩვენ არ გვინდა ვნახოთ დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები“,- თქვა მან მოგვიანებით CNN-ზე. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ღაზის ზონიდან უსაფრთხო გასვლას და, რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ღაზის შიგნით ადამიანების უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას".

"პალესტინელი ხალხიც მსხვერპლია. მათ ეს არ სურდათ“, - თქვა მან.

კირბიმ თქვა, რომ ვერ ადასტურებს "ჰამასის" მტკიცებას, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 13 მძევლად აყვანილი ადამიანი დაიღუპა.

"ჰამასის" ოფიციალურმა პირებმა ღაზის სექტორის მაცხოვრებლებს განუცხადეს, რომ დარჩნენ თავიანთ სახლებში, მიუხედავად ისრაელის სამხედრო მოწოდებისა, რომ მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გადავიდეს სამხრეთით 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის წინ.

ნებისმიერი შეჭრა შეიძლება გადამწყვეტი იყოს ისრაელის სამხედროებსა და პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ ბრძოლაში, რომელმაც შაბათს ისრაელზე, 1973 წლის ომის შემდეგ, ყველაზე სისხლიანი თავდასხმა მიიტანა.

შაბათს თავდასხმისას ჰამასის მებრძოლებმა 1300-ზე მეტი ისრაელელი მოკლეს. ისრაელის საპასუხო საჰაერო თავდასხმებს ღაზაში 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG