ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი ნეთანიაჰუს ამერიკის უწყვეტ მხარდაჭერას დაპირდა


ხუთშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ბლინკენი ვიზიტით იმყოფება ახლო აღმოსავლეთში და მისი მიზანია, პალესტინელ „ჰამასის“ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან კონფლიქტის გაფართოება არ დაუშვას.

ბლინკენის ახლო აღმოსავლეთის ტური იმ დროს დაიწყო, როდესაც ისრაელმა პალესტინელებთან 75 წლიანი კონფლიქტის ისტორიაში ყველაზე ძლიერი დაბომბვის კამპანია დაიწყო და პირობას დებს, რომ ბოლო უქმეებზე თავდასხმების საპასუხოდ, ღაზის სექტორის მმართველ „ჰამასს“ გაანადგურებს.

ვაშინგტონის მთავარი დიპლომატი „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებასაც შეეცდება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მძევლებს შორის ამერიკელებიც არიან. სახელმწიფო მდივანი ასევე ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს ისრაელელებსა და ეგვიპტელებს შორის, რათა ისრაელის სახმელეთო შეჭრის წინ, ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას ანკლავის დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანი შეუქმნან.

ბლინკენის ვიზიტის მიზანია ასევე გზავნილის მიწოდება „ჰამასის“ მხარდამჭერი ირანისთვის, რომ კონფლიქტში არ ჩაერიოს.

ბლინკენი ისრაელიდან იორდანიაში გაემგზავრება, რათა მეფე აბდულას და პალესტინური ხელისუფლების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდეს. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, სავარაუდოდ ის სხვა არაბულ ქვეყნებსაც ეწვევა. თუმცა, კერძოდ რომელ ქვეყნებს, არ უთქვამთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირმა ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით უთხრა, რომ ვაშინგტონი ატარებს წინასწარ მოლაპარაკებებს, რათა ღაზიდან სამოქალაქო პირების, მათ შორის ამერიკელების უსაფრთხოდ გამოყვანა მოხდეს.

„ღაზაში დაახლოებით 500-დან 600-მდე პალესტინელი ამერიკელი ცხოვრობს. ზოგიერთ მათგანს წასვლა სურს... და ჩვენ მათი უსაფრთხო გასვლის ორგანიზებაზე ვმუშაობთ“, თქვა ოფიციალურმა პირმა.

ხუთშაბათს ისრაელმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ყველა მძევლის გათავისუფლებამდე, ღაზის სექტორის ალყის ჰუმანიტარული პაუზა არ მოხდება.

XS
SM
MD
LG