ორბანი: ევროკავშირის სტრატეგია უკრაინის ომთან მიმართებაში "ჩავარდა"

"ევროკავშირის სტრატეგია უკრაინაში ომის თაობაზე წარუმატებელია და ბლოკმა გეგმა "ბ" უნდა შეიმუშავოს, რადგან უკრაინელები ომს ბრძოლის ველზე ვერ მოიგებენ", - ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის სიტყვებია. მან ეს განცხადება 27 ოქტომბერს, უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან საუბრისას გააკეთა. ორბანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისადმი კეთილგანწყობით არის ცნობილი.

უნგრეთის პრემიერი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტს ესწრება და ამბობს, რომ იქ "დიდი ბრძოლა" გაიმართა უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე. ორბანის თქმით, მას არ ესმის, რატომ უნდა გაუგზავნოს ბუდაპეშტმა უნგრელი გადასახადების გადამხდელთა თანხა უკრაინას.

ევროკავშირმა დეკემბერში საბიუჯეტო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბლოკის აღმასრულებელი ლიდერები აცდილობენ უკრაინისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტი უზრუნველყონ, 15 მილიარდი კი მიგრაციის პრობლემასთან გასამკლავებლად დახარჯონ. კიდევ ერთი ინიციატივა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 20 მილიარდის გამოყოფას გულისხმობს.

ასევე ნახეთ: რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ხარკივის რეგიონში სახანძროს 8 თანამშრომელი დაშავდა

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთავაზება საკმარისად დამუშავებული არაა და ვერ გახდება სერიოზული მოლაპარაკებების საფუძველი, ჩვენ ის უარვყავით. ეს დიდი დაპირისპირების საგანი იყო, განსკაუთრებით კი უკრაინის საკითხი", - თქვა ორბანმა და დასძინა, რომ ბრიუსელის სტრატეგია უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგზავნის შესახებ "ჩავარდა".

"დღეს ყველამ იცის, მაგრამ ვერ ბედავს ხმამაღლა თქვას, რომ ეს ტრატეგია ჩავარდა. ნათელია, რომ ეს არ გამოვა... უკრაინელები ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებენ", - თქვა მან და დასძინა, რომ ამისთვის სათადარიგო გეგმის დ ამისი ღირებულების დაანგარიშებაა საჭირო. "როცა ამის ფასი გვეცოდინება, შემდეგ შეგვეძლება ეს ტვირთი ჩვენ შორის გავანაწილოთ", - თქვა უნგრეთის პრემიერმა.

ნაციონალისტ ლიდერს ბოლო 13 წლის განმავლობაში ბრიუსელთან არაერთი დაპირისპირება ჰქონდა. ევროკავშირის ლიდერები მას ხშირად აკრიტიკებენ ქვეყანაში დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო. თავად ორბანი კი ამბობს, რომ ცვლილებები სწორედ ბრიუსელშია საჭირო.