ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტი კვლავ დაბლოკა


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო.

ორშაბათს, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის დახმარების შემდეგი ტრანშის, 500 მილიონი ევროს გამოყოფაზე. ამის შესახებ "რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი იტყობინება. მისი თქმით, გადაწყვეტილება უნგრეთის წარმომადგენელმა დაბლოკა.

უნგრეთი კიდევ ერთხელ ითხოვს კიევისგან გარანტიას, რომ ქვეყნის უმსხვილესი ბანკი, OTP, გამოირიცხება უკრაინის ე.წ. ომის სპონსორების სიიდან. სიაში შედიან საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის ბაზარზე ოპერირებას. ამ დროისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ, ბანკის სპონსორების სიაში შეყვანა შეაჩერა. მაგრამ, ბუდაპეშტს სურს დარწმუნებული იყოს, რომ უნგრული ბანკი მასში არ დაბრუნდება.

ასეთი შემთხვევები უკვე მოხდა: ივნისში უკრაინამ, ათენის მოთხოვნით, სიიდან გამორიცხა რამდენიმე ბერძნული გადამზიდი კომპანია, რათა მიეღწია ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის მიღებისთვის. პაკეტის მიღებიდან მალევე, კიევმა გადამზიდები რეესტრში დააბრუნა.

უკრაინის დახმარების 500 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი რიგით მერვე ტრანში უნდა ყოფილიყო, ევროპის მშვიდობის ფონდის პროგრამიდან. 2023 წლის ივლისში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ „უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების რაიმე სახით დაფინანსებას ევროკავშირის შიგნით“, სანამ კიევი ბანკ OTP-ს ომის სპონსორების სიიდან არ ამოიღებს.

XS
SM
MD
LG