ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე გამოკითხვას ატარებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

დღეს, 17 ნოემბერს, უნგრეთის მთავრობამ თავის მოქალაქეებს გამოკითხვა გაუგზავნა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის მიერ უკრაინის დასახმარებლად მეტი თანხების გამოყოფას და ბლოკში მისი გაწევრიანების საჭიროებას. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მცდელობა, მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი მხარდაჭერა უნგრელებში.

ოქტომბერში ჩატარებული ბოლო ორი გამოკითხვის მიხედვით, ამ წლის განმავლობაში, ორბანის მმართველი პარტიის "ფიდესი" მხარდაჭერამ, 5 პუნქტით იკლო. უნგრეთის მთავრობას წელს მთელი ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მაღალ ინფლაციასთან და ეკონომიკურ შენელებასთან უწევს გამკლავება.

ოქტომბერშში "ფიდესს" კვლავ მხარს უჭერდა ამომრჩეველთა 29%. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მისი უახლოესი ოპოზიციური კონკურენტის, რომელსაც 12%-იანი მაჩვენებელი აქვს. ახალი გამოკითხვის ჩატარება კი იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული მონაცემები ორბანს არ აკმაყოფილებს.

ასევე ნახეთ: უნგრეთი ევროკავშირს უკრაინის მიმართ პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს

ორბანს, რომელი რუსეთის ახლო მოკავშირეა და უნგრეთის ხელისუფლებაში 2010 წლიდან იმყოფება, ევროკავშირთან რამდენიმე საკითხზე უთანხმოება აქვს. მისი მმართველობის პერიოდში, ბლოკმა გააყინა უნგრეთის ხელმისაწვდომობა მილიარდობით ევროზე, რაც უნგრეთში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ბრიუსელის შეშფოთების გამო მოხდა.

ორბანი ევროკავშირის ბრალდებებს უარყოფს. ამ კვირის დასაწყისში მან თქვა, რომ ბლოკის სტრატეგია უკრაინაში ფულისა და სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ, ჩავარდა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი წინააღმდეგობა კიევთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

ორბანის მთავრობა ბლოკის სხვა წევრებისგან გამორჩეულად, უკრაინის მიმართ გამუდმებით განსხვავებულ პოზიციას იკავებდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბუდაპეშტმა არაერთხელ შეიკავა თავი კიევისთვის იარაღის მიწოდებისგან და აკრიტიკებდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, მან მხარი დაუჭირა ბრიუსელის ყველა სანქციას.