იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო ამბობს, რომ იტალიის მთავრობის ოთხი წლის წინანდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდა ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას, „იმპროვიზებული და სასტიკი“ გადაწყვეტილება იყო.
შეთანხმება ჩინეთთან იტალიის წინა მთავრობამ გააფორმა. ინიციატივის მიზანია აღდგეს "აბრეშუმის გზა", რომელიც ჩინეთსა და აზიას ევროპასთან დააკავშირებს.
ასევე ნახეთ: აშშ-ის დაზვერვა: ჩინეთი რუსეთს სავარაუდოდ სამხედრო ტექნოლოგიებს აწვდისიტალიის მოქმედი ხელისუფლება, შეთანხმებიდან გასვლას განიხილავს რადგან მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა ჩინეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ინსტრუმენტებს გაზრდის.
„[ამ შეთანხმებამ] გაზარდა ჩინეთის ექსპორტი იტალიაში, თუმცა მას იგივე გავლენა არ ჰქონია ჩინეთში იტალიის ექსპორტზე", - თქვა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, იტალიურ გამოცემა „Corriere della Sera“ - სთან საუბრის დროს.
„დღეს საკითხი ასე დგას - როგორ გამოვიდეთ შეთანხმებიდან ისე, რომ პეკინთან ურთიერთობები არ დავაზიანოთ. რადგან, მართალია ჩინეთი კონკურენტია, მაგრამ ის ასევე არის პარტნიორი“, - ამბობს იტალიის თავდაცვის მინისტრი.
ვაშინგტონში ვიზიტის დროს იტალიის პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ მისი მთავრობა მუშაობს გეგმაზე, როგორ დატოვოს შეთანხმება. ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ ის უახლოეს პერიოდში გეგმავს ვიზიტს პეკინში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, იტალია „გადაწყვეტილებას დეკემბრამდე მიიღებს“.
ასევე ნახეთ: საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას - მთავრობის ადმინისტრაციავაშინგტონში ყოფნის დროს იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იტალიის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაში ყოფნა „პარადოქსია“. მისი თქმით, იტალიას ჩინეთთან ურთიერთობების შენარჩუნება სურს, თუმცა ამისთვის მოქმედი შეთანხმება არ არის საჭირო.