ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი" - დეგნანი ბათუმის ნავსადგურში Astoria Grande-ს საწინააღმდეგო აქციაზე


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აჩვენებენ, რომ არ მიესალმებიან ადამიანების ჩამოსვლას იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. ასე უპასუხა ელჩმა ჟურნალისტების შეკითხვას. მედიის წარმომადგენლებმა მას Astoria Grande-ს ბათუმის ნავსადგურში შესვლის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის შეფასება სთხოვეს.

"მნიშვნელოვანი არ არის, რას ვფიქრობ მე. მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აზრი, რომელიც აჩვენებს, არავინ უნდა ელოდოს, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი...

არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ამ ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს - არ აქვს მნიშვნელობა, სახმელეთო გზით თუ ზღვით ჩამოსულს. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ისინი იყენებენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ", - თქვა ელჩმა.

გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შესვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა.

ბათუმის ნავსადგური სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს - მგზავრებმა, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბათუმში ჩაყვანილი ტურისტები ისხდნენ, აქციის მონაწილეები ესროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს შესვლის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

"აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ", - განაცხადეს შსს-ში, როცა აქციაზე 9 დაკავებულის შესახებ იუწყებოდნენ.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა.

რუსეთის საკრუიზო გემის ვოიაჟი ბათუმში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:56 0:00
XS
SM
MD
LG