ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დოკუმენტი, რომელიც 27 ივლისს გამოქვეყნდა, ვარაუდობს, რომ ჩინეთი რუსეთს ეხმარება დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში. დოკუმენტის საჯარო ნაწილში წერია, რომ პეკინი მოსკოვს სავარაუდოდ აწვდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს, რომელთაც შემდეგ მოსკოვი უკრაინასთან ომში იყენებს.
„მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა და ექსპორტის კონტროლისა ჩინეთი [რუსეთს] აწვდის ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიებს, რომელსაც რუსეთის ჯარი იყენებს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად“, - წერია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის დოკუმენტში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის ნაწილი საიდუმლოა, ნაწილი კი საჯარო.
ჩინეთმა აქამდე არაერთხელ უარყო, რომ რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. პეკინი ამბობს, რომ რუსეთს არც ტექნოლოგიებს არ აწვდის. ამერიკის დაზვერვის ამ ახალ დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ „ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის კომპანიები“ რუსეთთან თანამშრომლობენ და „უგზავნიან სანავიგაციო აღჭურვილობებს, ბლოკირებისთვის საჭირო ტექნოლოგიებსა“ და ბევრ სხვა აკრძალულ საქონელს. ამერიკის დაზვერვის დოკუმენტი ასევე ამბობს, რომ მოპოვებული ინფორმაცია „საბაჟო რეგისტრაციაში არსებულ ჩანაწერებს“ ეფუძნება.
დაზვერვის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვაჭრობა ქვეყნებს შორის ჩინური ვალუტით, იუანით ხდება. ორივე ქვეყანა აფართოებს შიდა გადახდის სისტემების გამოყენებას.
მას შემდეგ, რაც რუსეთში უკრაინამ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, პეკინმა მოსკოვისგან ენერგორესურსების იმპორტი გაზარდა, იქნება ეს ნავთობი თუ გაზი - წერია ანგარიშში.
ივლისის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და მრჩეველმა ემანუელ ბონემ განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის ნივთებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო დანიშნულებისთვის. თუმცა, პარიზი იმასაც ამბობს, რომ ეს ვაჭრობა მასშტაბური ხასიათის არ არის.
Facebook Forum