საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამაყობს გუშინ ბათუმის პორტში აქციის გამართვის გამო, რადგან "[ხალხმა] მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია". ბათუმის პორტში სოჭიდან თურქეთის გავლით ჩამოსულ საკრუიზო ლაინერზე მყოფი ტურისტების წინააღმდეგ გამართულ აქციას პრეზიდენტი "ტვიტერზე" გამოეხმაურა.
"ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის", - აცხადებს პრეზიდენტი.
პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც. მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა გურიაში, ზაზა ფაჩულიას და კომპანია „გალფის“ თანამშრომლობით, საკალათბურთო მოედნის გახსნის ღონისძიების შემდეგ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. რეაქცია რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ვიზიტზე იყო“, - აღნიშნა დიპლომატმა. დეგნანის აზრით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეები, როგორც ბათუმში, ისე სხვაგან არ მიესალმებიან ასეთ მოგზაურობას.
„ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ვინც შენს მოქალაქეებს აკავებს“, - თქვა კელი დეგნანმა.
ბათუმის პორტში გუშინ, 27 ივლისს, დილით, თურქეთის გავლით სოჭიდან შევიდა საკრუიზო ლაინერი, რომელმაც ქალაქში ერთი დღით ჩაიყვანა ტურისტები. პორტში შეკრებილმა საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. ლაინერს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.
პოლიციამ ჯებირები გაავლო და აქციის მონაწილეებს არ აძლევდა ლაინერთან მიახლოების უფლებას. გემმა ბათუმის პორტი 27 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე დატოვა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ ლაინერი არ არის სანქცირებული.
Facebook Forum