ჰონგ-კოგის პოლიციამ გასულ უქმეებზე მომხდარ ძალადობაში დემონსტრაციის მონაწილეები დაადანაშაულა. სამართალდამცავებმა ქალაქში გამოსული ათასობით მომიტინგის წინააღმდეგ, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
პოლიცია ამბობს, რომ დემონსტრანტები მათ აგურებს, ჯოხებს და სხვა ნივთებს ესროდნენ, რომ ისინი ქუჩებში სარეცხ სითხეს ასხამდნენ, რათა სამართალდამცავებს ფეხი დაცურებოდათ. პოლიციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეებმა სიტუაციის "ესკალაცია უკანონო და ძალადობრივი ქმედებით" გამოიწვიეს.
დემოკრატიის მხარდამჭერი მასობრივი აქციის მონაწილეები და მათი ადვოკატები კი ამბობენ, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება "საერთოდ არ იყო საჭირო". საპროტესტო მსვლელობა კვირას ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზის ვაზნები მაინც დაუშინა. ზოგი დემონსტრანტი ამბობს, რომ მათ ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება მოუწიათ, რადგან მთავრობა აქციის მოთხოვნებზე არ რეაგირებს.
ამასობაში, ჩინეთმა ბრიტანეთის საკონსულოს თანამშრომელი საიმონ ჩენგი გაათავისუფლა, რომლის დაკავებასაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მოჰყვა. ჩანგი ჰონგ-კონგის საზღვარზე აიყვანეს და 15 დღე ჰყავდათ დაკავებული. პოლიციის განცხადებით, ბრიტანეთის საკონსულოს თანამშრომელმა საჯარო უსაფრთხოების რეგულაციები დაარღვია და ბრალიც აღიარა. ჩანგის მშობლები "ფეისბუქზე" წერენ, რომ ის ახლა თავისუფალია და ჰონგ-კონგში დაბრუნდა.