კვირას ათობით ათასი დემოკრატიის მხარდამჭერი გამოვიდა ჰონგ-კონგის ქუჩებში. ეს უკვე მე-11 კვირის ბოლოა, რაც იქ მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები იმართება.
მასობრივმა დემონსტრაციამ ამჯერად მშვიდობიანად ჩაიარა. მისი ორგანიზატორი, ორგანიზაცია სახელწოდებით - ცივილური ადამიანის უფლებების ფრონტი - თავიდანვე ითხოვდა, რომ საპროტესტო აქცია "რაციონალური და არაძალადობრივი" ყოფილიყო.
რამდენიმე წინა აქციაზე დემონსტრანტებს და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთი კვირით ადრე, ჰონგ-კონგის აეროპორტში გამართულმა აქციამ თითქმის 1 000-მდე რეისის გაუქმება გამოიწვია.
კვირის აქციის წინ, კანადამ და ევროპის კავშირმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც მათ მხარი დაუჭირეს ჰონგ-კონგის მოქალაქეთა შეკრების თავისუფლებას. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისტია ფრილანდმა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადეს, რომ ადამიანთა ამ "ფუნდამენტური უფლების დაცვა" ჰონგ-კონგში კვლავაც უნდა გაგრძელდეს.
განცხადება ოტავაში მდებარე ჩინეთის საელჩომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. პეკინმა კომენტარიც დაურთო, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადამ "დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ჰონგ-კონგის და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა".
ჩინეთი ტაივანის განცხადებამაც გაანაწყენა. ტაივანმა ჰონგ-კონგის დემონსტრაციის მონაწილეებს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში ინტენსიურადაა ჩართული, აცხადებს, რომ საქმეში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უნდა ჩაერთოს. ვაშინგტონი თვლის, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი თავად უნდა მოელაპარაკოს ჰონგ-კონგის დემონსტრაციებში მონაწილეებს, რომ 7.5 მილიონ ადამიანთან შეთანხმების მიღწევა მოხდეს. მხოლოდ ამ გზით მოხდება ჰონგ-კონგის პრობლემის მოგვარება, "მე ამაში ეჭვი არ მეპარება" - დაწერა გასულ კვირას "ტვიტერზე" პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
Facebook Forum