მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბე და უკიდურესი სიმდიდრე იზრდება, ამის შესახებ პარიზის მშვიდობის ფორუმზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ისაუბრა.
"ფაქტობრივად ყველა პარამეტრით, განსხვავება გაზრდილია. ჩვენ უთანასწორობის დრამატული ზრდის მომსწრენი ვართ და ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ", - თქვა ჰარისმა და დასძინა, რომ ვერცერთი სახელმწიფო ამ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდება.
"ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს განსხვავება მიუღებელია, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ამასთან გასამკლავებლად ერთად ვიმუშავებთ", - ავრცელებს კამალა ჰარისის გამოსვლის ნაწილს სააგენტო "ფრანს პრესი".
ასევე ნახეთ: კამალა ჰარისი პარიზში ემანუელ მაკრონს ხვდებაფორუმი, რომელიც ხუთშაბათს გაიხსნა, ფიზიკურ შეხვედრებსაც ითვალისწინებს და ვირტუალურ სამიტებსაც. მას 30-მდე ქვეყნის ლიდერი, კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციების მეთაურები და სხვები ესწრებიან, რათა განიხილონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, კოვიდ-19-ის პანდემია და ციფრული ტრანსფორმაცია.
შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები. მათ შორის არიან საფრანგეთის, არგენტინის, იორდანიის, მოროკოს და სხვა ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები, ასევე "ამაზონის", "გუგლის", "იუთუბის", "მეტას", "სნეპჩათის", "მაიკროსოფტისა" და "ტვიტერის" წარმომადგენლები. ისინი ციფრულ სივრცესი ბავშვების მეტ დაცულობაზე მსჯელობენ. ამერიკა, ჰარისის განცხადებით, უერთდება ამ ძალისხმევას, რათა კიბერსივრცე უკეთ იყოს დარეგულირებული.
საქართველო პარიზის მშვიდობის ფორუმზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახითაა წარმოდგენილი. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე „საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“. პრეზიდენტის აპარატის ცნობით, პანელის მუშაობაში სხვებთან ერთად, მონაწილეობას იღებს ჯოზეფ ბორელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ასევე მარკ ლეონარდი, ევროპული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი.