საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს პარიზში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს მასპინძლობს. საუბრის მთავარ თემებს შორისაა: კლიმატური ცვლილებები, ეკონომიკის საკითხები, მსოფლიო ჯანდაცვა და მომარაგების გლობალურ ქსელებში გაჩენილი მიწოდების პრობლემები.
ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი, რომელიც საფრანგეთში მეუღლე დაგ ემჰოფთან ერთად ჩავიდა, დღეს პარიზის მახლობლად მდებარე ხსოვნის მემორიალს ეწვევა. ხუთშაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეტერანთა დღე აღინიშნება. ჰარისი პატივს მიაგებს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიაზე დაიღუპნენ. მემორიალზე ორივე მსოფლიო ომში დაღუპული 1 600-მდე ამერიკელი ჯარისკაცია დაკრძალული.
ამას გარდა, ჰარისი ხუთშაბათს მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში. პარასკევს კი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება ლიბიის სამიტს, რომელიც წინ უძღვის ლიბიაში დეკემბერში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებს.
საფრანგეთს და ამერიკას შორის ურთიერთობას სექტემბერში ჩრდილი მიადგა, როცა ავსტრალიამ საფრანგეთთან წყალქვეშან ნავებთან დაკავშირებული $65 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი შეაჩერა. კანბერამ ახალი ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან, რამაც საფრანგეთის მხრიდან ხისტი რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომში ფრანგ კოლეგასთან შეხვედრაზე, ვაშინგტონის ნაბიჯს მოუქნელი, უხერხული უწოდა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ამერიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საფრანგეთთან, როგორც ტრადიციულ პარტნიორ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს. პარიზთან ურთიერთთანამშრომლობა, ისევე როგორც სხვა ევროპელ მოკავშირეებთან, შეერთებული შტატების მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.
Facebook Forum