ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალთა საერთაშორისო დღე, ქალების შეჭირვებული მდგომარეობის ზრდით აღინიშნა


ქალთა საერთაშორისო დღე, 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიოში ქალების მიღწევებით აღინიშნებოდა

მაგრამ წელს, დაკარგული სამუშაო ადგილების და გაზრდილი საშინაო საზრუნავის გამო, ეკონომიკური კუთხით, ქალები მამაკაცებზე უარეს ვითარებაში აღმოჩნდნენ.

გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებით, გლობალურად ქალებმა მამაკაცებთან შედარებით მეტი სამუშაო ადგილი დაკარგეს. 2020 წელს, სამსახური მამაკაცების 3.9 პროცენტთან შედარებით, ქალების დაახლოებით 5-მა პროცენტმა დაკარგა, რაც სამსახურის სრულად დაკარგვას ან შემცირებულ სამუშაო საათებს ნიშნავდა.

პანდემიის პერიოდში, გაერომ ხაზი გაუსვა იმ განსხვავებებს თუ კრიზისმა ქალებზე, მამაკაცებთან შედარებით როგორი გავლენა მოახდენა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თქვა: “გასულ წელს სქესთა შორის უთანასწორობა დრამატულად გაიზარდა. სკოლების დაკეტვამ და სახლიდან მუშაობამ, მთავარი დარტყმა ქალებს მიაყენა.”

გაეროს თანახმად, მსოფლიოში ქალების 58 პროცენტი “არაფორმალურადაა დასაქმებული”, სამუშაო ადგილები მეტწილად რეგულაციების გარეშეა და ხშირად გადასახადების და შეღავათების გარეშეა. ამასთან ერთად, მეტია იმის შანსი, რომ ქალები მუშაობენ ისეთ დარგებში, რომლებსაც პანდემიამ ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა, როგორიცაა სასტუმრო ბიზნესი და ბავშვთა მოვლა.

შეერთებულ შტატებში, თეთრკანიან ქალებთან შედარებით უფრო მეტმა შავკანიანმა და ლათინო-ამერიკელმა ქალმა დაკარგა სამსახური და ბოლო თვეებში, ვითარების გამოსწორება მათთვის უფრო ნელა ხდებოდა.

შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემების თანახმად, თებერვალში თეთრკანიანი ქალების 5.2 პროცენტთან შედარებით, შავკანიანი ქალების 8.95% და ლათინო-ამერიკელი ქალების 8.5% უმუშევარი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ეკონომიკური გამოწვევების, უმუშევრობის უფრო მაღალი დონის და დაკეტილი სკოლების გამო, ბავშვების მოვლის ტვირთის წინაშე დგანან, მათ გამონახეს გზები, რომ საკუთარი უნარები გამოეყენებინათ და სხვებისთვისაც შთაგონება მიეცათ.

კოლუმბიელმა ფერმერმა ნუბია კარდენასმა თქვა, რომ მისთვის ძნელი გადასატანი იყო იმის ყურება, თუ ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტაში დედები როგორ წვალობდნენ რათა საკუთარი შვილები გამოეკვებათ. მას და მის ვაჟს იდეა გაუჩნდათ.

კარდენასმა “ამერიკის ხმას” უთხრა: “ჩემმა ვაჟმა მითხრა, მოდი რამე ნაყოფიერი გავაკეთოთ. “იუთუბის” რაიმე არხები, ასწავლე ფერმის გაძღოლა ან რაიმე სხვა. მიეცი მათ იმედი.”

2020 წლის აპრილში დაწყებულ მათ “იუთუბის” არხს, ახლა 700 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

მთელ მსოფლიოში ქალები მუშაობენ როგორც მკერავები, რათა უპასუხონ პირბადეებზე მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას, რაც კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდადაა საჭირო.

ერაყელმა მკერავმა ნიგა მოჰამედმა “ამერიკის ხმას” უთხრა: “ჩვენ გვჯერა, რომ ქალები ძლიერები არიან და მამაკაცების მხარდამხარ მუშაობა შეუძლიათ.”

ავტორი და დასაქმებული შავკანიანი ქალების უფლებების აქტივისტი მინდა ჰარტსი თვლის, რომ სამუშაოს დისტანციურ წესზე გადართვასთან ერთად, მწარმოებლებს თავისი მუშახელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობა გაუჩნდათ.

ჰარტსმა“ამერიკის ხმას” უთხრა: “მჯერა, რომ მაღალ-ტექნოლოგიურ კომპანიებში შავკანიანი და ყავისფერკანიანი ქალებისთვის მეტი შესაძლებლობები გაჩნდება. რათა “ფორჩუნ 500” კომპანიებში თავისი სოფლებიდან იმუშაონ, ან ისეთი ადგილებიდან, სადაც არ აქვთ საშუალება რომ საცხოვრებლად დიდ ქალაქებში გადავიდნენ.”

მაგრამ შრომის სტატისტიკის ბიუროს ბოლო თვეების მონაცემები მანიშნებს, რომ ასეთი ცვლილებები მალე არ მოხდება.

ქალთა საერთაშორისო დღის ამ წლის თემაა “აირჩიე გამოწვევა”.

ქალთა საერთაშორისო დღის ვებგვერდის თანახმად, “გამოწვევის წინაშე მდგარი მსოფლიო, ფხიზელი მსოფლიოა. გამოწვევა კი ცვლილების საწინდარია.”

პანდემიის პირობებში, მსოფლიოს ბევრი ქალისთვის, უპირველესი გამოწვევა შესაძლოა ეკონომიკური გადარჩენა იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG