ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში უმუშევართა რიცხვმა შესაძლოა 205 მილიონს მიაღწიოს


კოვიდ-19-ის შემდგომი ეკონომიკური ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წლისთვის, უმუშევართა რაოდენობა გლობალურად 205 მილიონს მიაღწევს, რაც კრიზისამდე პერიოდის, 2019 წლის 187 მილიონიან ნიშნულს ბევრად აჭარბებს. აღნიშნულზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს, “მსოფლიო დასაქმების და სოციალური საკითხების მიმოხილვაში".

ანგარიშს ავტორები ამბობენ, რომ “კოვიდ-19” პანდემია მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი არ არის, ის დასაქმების და ადამიანური კრიზისიცაა, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკაზე ხანგრძლივი თანმდევი გავლენა ექნება. ანგარიში ამბობს, რომ პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ეფექტის დასასრულისგან შორს ვართ და შესაძლოა პანდემიას გავლენა ეკონომიკებზე, სულ მცირე 2023 წლამდე ჰქონდეს.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გაი რაიდერის თქმით მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის ვითარება დაბალშემოსავლიან ქვეყნებში უარესი იქნება, ვიდრე მაღალშემოსავლიან სახელმწიფოებში. რაიდერი ამბობს, რომ უფრო მდიდარ ქვეყნებს ვაქცინებზე უკეთესი წვდომა აქვთ და მოსალოდნელია, რომ ძლიერი ფინანსური მხარდაჭერით კრიზისიდან უფრო მალე გამოვლენ.

ანგარიშში ნაჩვენებია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში, ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის რეგიონი, ევროპა და შუა აზია იყო. რაიდერი იმედოვნებს, რომ პანდემიური ვითარება თუ არ გაუარესდება, შესაძლოა გლობალური დასაქმება წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესდეს.

ორგანიზაციის თქმით, ქალები ყველაზე მეტად დაზარალდნენ. რაიდერი გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ კრიზისმა სქესთა თანასწორობის საკითხში წინსვლას ძირის გამოთხრის და უკუსვლის საფრთხე შეუქმნა.

პანდემისგან მეტად დაზარალებულთა შორის არიან ახალგაზრდები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2020 წელს ახალგაზრდების დასაქმება 8.7 პროცენტით შემცირდა, უფროსი ასაკის ადამიანებში კი 3.7 პროცენტით.

ანგარიშის ავტორები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ აღდგენის ისეთი სტრატეგიის გარეშე, რომელიც პანდემიის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ კონკრეტულ ჯგუფებზეა გათვლილი, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური უთანასწორობა გაღრმავდება.

XS
SM
MD
LG