პოლონეთი ნატოს უკრაინისთვის "პატრიოტების" გადაცემას სთხოვს

"პატრიოტის" სისტემები პოლონეთის საზღვარზე, 24 მარტი, 2022

გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემების - "პატრიოტების" გადაცემის საკითხს, მოკავშირეებთან ერთად განინხილავს. ამის შესახებ ალიანსს პოლონეთმა მიმართა, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი სავარაუდოდ ამ ნაბიჯის წინააღმდეგ არ წავა. "პატრიოტებს" ამერიკული კომპანია Raytheon აწარმოებს.

ასევე ნახეთ: ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რუსეთს ხმის უფლება ჩამოართვას

"ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს მოკავშირეებს იმის თაობაზე, თუ როგორ ვუპასუხოთ პოლონეთის რეკომენდაციას", - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერმა, ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბერლინმა ვარშავას "პატრიოტები" საჰაერო თავდაცვისთვის მას შემდეგ შესთავაზა, რაც უკრაინული მხრიდან პოლონეთის მიწაზე საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი რაკეტა ჩამოვარდა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა კი მოგვიანებით გერმანიას სთხოვა, რომ ეს სისტემები პოლონეთის ნაცვლად, უკრაინას გაუგზავნონ.

ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ კონკრეტული იარაღის გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილება თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა მიიღოს, იმ წესებისა და რეგულაციების გათვალისწინეით, რომლებიც საბოლოო მომხმარებელს შეეხება.

სტოლტენბერგის განცხადებამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა ხუთშაბათს თქვა, რომ გერმანული "პატრიოტების" ნატოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნისთვის გადაცემა, მოკავშირეებს შორის წინასწარ დისკუსიებს მოითხოვს.

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის დახმარება უკრაინას

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ იქნება უკრაინისთვის "პატრიოტების" მიწოდება ნატოს მხრიდან ომში ჩართვა, სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსმა უკვე მიაწოდა კიევს მაღალტექნოლოგიური იარაღი, ნატოს პერსონალის ქვეყანაში გაგზავნის გარეშე და ამის გამოცდილება არსებობს.

"ამის გაკეთებისთვის ასევე საჭიროა სპეციალისტები, რომლებიც ამ სისტემების ფუნქციონირებას შეძლებენ, იქნება ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები თუ სხვა მაღალგანვითარებული საარტილერიო სისტემები. უკრაინელებს კი წვრთნა ნატოს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში აქვთ მიღებული", - თქვა სტოლტენბერგმა.