საფრანგეთი და გერმანია ზამთარში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად, შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობენ. ბერლინი და პარიზი აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალებით შეძლებენ კრიზისის პრევენციას.
მოახლოებული ზამთრის პირზე, ქვეყნებს შორის შესაბამისი დოკუმენტიც გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი გერმანიის მხრიდან კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოაწერა, საფრანგეთიდან კი - პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა. შეთანხმების მიხედვით, გერმანია საფრანგეთს - ელექტროენერგიას, ხოლო საფრანგეთი გერმანიას ბუნებრივ აირს მიაწვდის.
„მეგობრები ერთმანეთს გასაჭირში ხელს უწვდიან,“- ამბობს ოლაფ შოლცი. გერმანიის კანცლერის პოზიციას იზიარებს საფრანეთის პრემიერ-მინისტრი ბორნი და დასძენს, რომ ორ ევროპულ მძლავრ ქვეყანას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს კრიზისის პრევენციაში. „ეს უკვე დამტკიცდა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავუძლოთ გამოწვევებს,“- ამბობს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.
Your browser doesn’t support HTML5
ევროპაში პოტენციური ენერგოკრიზისის შესახებ საუბარი, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას მოჰყვა. გერმანია, რომელიც აქამდე დიდწლიად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, ახლა ალტერნატიული გზების გამონახვას ცდილობს. მათ შორის, ბერლინმა გათხევადებული აირის იმპორტიც დაიწყო, რაშიც მას შეერთებული შტატები ეხმარება.
საფრანგეთს უფრო რთული ვითარება აქვს ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით. პრობლემას აღრმავებს ის, რომ რამდენიმე ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ საფრანგეთი გერმანიას გაზს მიაწვდის, სანაცვლოდ კი მისგან ელექტროენერგიას მიიღებს.
Your browser doesn’t support HTML5
დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის საწარმოებლად, გერმანია დროებით ცვლის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც ატომური ელექტროსადგურების მუშაობა უნდა შეეზღუდათ და რამდენიმე სადგური საერთოდ გაეჩერებინათ. მოსალოდნელი ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად, ახლა ბერლინი ელექტროსადგურებს ბაზარზე დაბრუნების საშუალებას აძლევს. ეს კი გერმანიას მისცემს საშუალებას არამარტო საკუთარი მოსახლეობა უზრუნველყოს, არამედ დენი საფრანგეთსაც მიაწოდოს.