ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ელექტრონერგიის და გათბობის გარეშე - რუსული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე


მილიონობით უკრაინელი რჩება გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე, მას შემდეგ, რაც უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე, რუსეთმა დამანგრეველი საჰაერო თავდასხმები განახორციელა. უკრაინაში მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, მოემზადნონ შემდგომი თავდასხმებისთვის და მოიმარაგონ წყალი, საკვები და თბილი ტანსაცმელი.

მოსკოვი აცხადებს, რომ თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე სამხედრო თვალსაზრისით ლეგიტიმურია და რომ კიევს შეუძლია დაასრულოს მისი ხალხის ტანჯვა, თუ ის რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილება. უკრაინა აცხადებს, რომ თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პირობების გაუარესებას, ომის დანაშაულია.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსული იერიშებისა, უკრაინა ამას გადაიტანს.

„ერთად გავუძელით ცხრა თვის სრულმასშტაბიან ომს და რუსეთმა ვერ იპოვა ჩვენი გატეხვის გზა და ვერც იპოვის“, - თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამით ვიდეომიმართვაში.

რუსეთი, ოქტომბრის დასაწყისიდან, კვირაში ერთხელ ურტყამს უკრაინის ენერგეტიკულ ქსელს, მათ შორის, შორი მანძილის რაკეტებით.

ოთხშაბათს მომხდარმა თავდასხმებმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა უკრაინის ენერგეტიკას და მილიონობით ადამიანი დატოვა სინათლის, წყლისა და გათბობის გარეშე მაშინ, როცა ტემპერატურა მთელ ქვეყანაში ნულამდე დაეცა.

კოსმოსიდან დანახული, უკრაინა ღამით ბნელ ლაქად იქცა პლანეტაზე. რუსეთი ამტკიცებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არაა მისი სამიზნე. თუმცა, საერთაშორისო შეფასებები განსხვავებულია.

„ამ თავდასხმების გამო მილიონობით ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში და საშინელ პირობებშია“, - თქვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა.

ნაიჯელ პოვოასი, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წამყვანი პროკურორი, რომელიც უკრაინას ომის დანაშაულების გამოძიებაში ეხმარება ამბობს, რომ დარტყმები „ფოკუსირებული იყო ინფრასტრუქტურის დანგრევაზე, რომელიც კრიტიკულია მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენისთვის, როგორიცაა სითბო, წყალი, ელექტროენერგია და სამედიცინო დაწესებულებები“.

"თავდასხმების ყოველი ტალღა აძლიერებს კრემლის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულებრივ ბრალდებებს. ამ თავდასხმებს ძალიან მცირე კავშირი აქვს სამხედრო მიზნებთან" - განუცხადა მან „როიტერს“. „ეს თავდასხმები აჩვენებს დანაშაულებრივ განზრახვას - დათესო შიში, შექმნა დიდი მასშტაბის ჰუმანიტარი კრიზისი და გამოიწვიო სიკვდილი, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, რათა უკრაინელი ხალხი აიძულო დანებდეს“, - თქვა მან.

რუსული იერიშების 48 საათის შემდეგ, ენერგო-ქსელის ეროვნულმა ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ ენერგოსისტემა კვლავ 30%-ით ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.

„პრიორიტეტი მიენიჭა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ყველა რეგიონში: გათბობის სისტემებს, გაზგამანაწილებელ სადგურებს, წყალმომარაგებას, კანალიზაციის ნაგებობებს, ზოგიერთ რეგიონში მუშაობს საზოგადოებრივი ელექტრო ტრანსპორტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამი ატომური ელექტროსადგური უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახლა მუშაობს, ნათქვამი განცხადებაში. აქამდე, რუსულმა თავდასხმებმა, უკრაინა აიძულა, 40 წლის განმავლობაში პირველად, სადგურები დაეხურა, რასაც კიევმა ატომური კატასტროფის რისკი უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG