პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
"ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე", - წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს დელეგაციის წევრები არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი.
დღეს, 16 იანვარს, შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში ისხნება ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. გამოცემა "ბლუმბერგის" ცნობით, მასში წელს რუსეთის არცერთი წარმომადგენელი არ მონაწილეობს.
ეკონომიკური საკითხების გარდა დავოსში, მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური და ბიზნესის ლიდერები პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ. წინასწარი ინფორმაციით, მათ შორის იქნება ომი უკრაინაში და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.