ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უთანასწორობასთან ბრძოლის პროტესტები დავოსის შეხვედრების პარალელურად


იმ დროს, როდესაც შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მსოფლიოს ლიდერები მილიარდერ ბიზნესმენებს ხვდებიან, მთელ მსოფლიოში ათობით ათასი ადამიანი ქალაქების ქუჩებში გამოდის და მზარდი უთანასწორობის წინააღმდეგ მოქმედებას ითხოვს.

სათხილამურო კურორტ დავოს-კლოსტერში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, 1971 წელს მისი დაფუძნების შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესი ელიტის ყოველწლიური ღონისძიებაა. ის ასევე იქცა ანათემად მათთვის, ვინც აცხადებს რომ გლობალური უთანასწორობა უმართავი გახდა. მსოფლიოს ქალაქებში, მათ შორის ნაირობიში, დელიში, მანილაში და ლონდონში, ათასობით ადამიანი შეუერთდა ქუჩის პროტესტებს, რომელიც ფორუმის დაწყებას დაემთხვა.

ანტონია მუსონგა, რომელიც თანასწორობისთვის მებრძოლი ალიანსის ეგიდით, კენიაში მიმდინარე პროტესტების კოორდინირებას ახდენს, განმარტავს, თუ მისი ჯგუფი ნაირობის ქუჩებში რატომ გამოვიდა.

მუსონგამ „ამერიკის ხმას“ უთხრა: „ახლა მილიარდერებისთვის წერტილის დასმის დროა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დიდი სიმდიდრის მქონე ხალხს აქვს ასევე წვდომა ხელისუფლებაზე, პრივილეგიებზე, ჩვენს დემოკრატიაზე გავლენის მოხდენაზე და იმაზე, თუ დღეს როგორ ვცხოვრობთ.“

მსოფლიოში 2100-ზე მეტი მილიარდერია. საქველმოქმედო ჯგუფ „ოქსფამის“ ანგარიში ამბობს, რომ ისინი უფრო მეტ სიმდიდრეს ფლობენ, ვიდრე დედამიწის უღარიბეს 4.6 მილიარდ ადამიანს აქვს და იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი სიღატაკეში ცხოვრობს, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული ფართოვდება.

ბოლო თვეებში, მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციები 30-ზე მეტ ქვეყანაში დაიწყო, ჩილედან საფრანგეთამდე, სამხრეთ აფრიკიდან სამხრეთ კორეამდე. შესაძლოა მათ განსხვავებული პოლიტიკური მიზნებიაქვთ, მაგრამ უკმაყოფილება აერთიანებს, ამბობს „ოქსფამის“ წარმომადგენელი ამითაბ ბეჰარი.

ბეჰარმა თქვა: „უკმაყოფილების თემა მთელ მსოფლიოშია, ადამიანები ქუჩაში გამოდიან და კითხულობენ ‘ამ მსოფლიოში გვჭირდება მილიარდერები?’ და ეს კრიტიკული კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემაც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა უნდა სცადოს. მილიარდერებმა თავისი გადასახადები უნდა გადაიხადონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნამდვილი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ გადასახადებს ყველა სწორად იხდის.“

საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკული ფირმის, „ედელმანის“ მიერ ჩატარებული გლობალური გამოკითხვა აჩვენებს, რომ შემოსავლების უთანასწორობის ზრდა, კაპიტალიზმის მიმართ ნდობას მთელ მსოფლიოში ძირს უთხრის. გამოკითხულთა 56 პროცენტი ამბობს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში წლების განმავლობაში არსებული ზრდის მიუხედავად, მას კარგ საქმეზე მეტად - ზიანი მოაქვს.

„ედელმანის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ ედელმანი ამბობს: “ვფიქრობ, განვითარებულ ქვეყნებში იყო მოსაზრება, რომ სინამდვილეში თუ ბეჯითად იშრომებ, მომავალი თაობა შემდეგ დონეზე აიწევს. ახლა ეს ჭეშმარიტება აღარ არის.“

ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი ირწმუნება, რომ დავოსი უბრალოდ მილიარდერების მთაში წვეულება არ არის. უმაღლესი დონის შეხვედრის საღამოს შვაბმა თქვა: „ეს ის ადგილია, სადაც ნამდვილად შეგიძლია მთავრობების, ბიზნესის და ა.შ. ხელმძღვანელებს ესაუბრო, კარგად მოგისმინონ შენთან ერთად იმოქმედონ.“

ამ წელს ყურადღება იყო გამახვილებული კლიმატის საგანგებო მდგომარეობაზე აქტივისტ გრეტა თუნბერგზე. დავოსი ძალიან ცდილობს, რომ სუპერ-მდიდრების დასამალი ადგილის სახელი მოიშოროს. დამკვირვებლების უმრავლესობა ამბობს, რომ ამისთვის ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG