საქართველო სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას ზრდის

საქართველო სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას ზრდის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იძულებულია არაპოპულარულ ნაბიჯზე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გაზრდაზე წავიდეს, იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში, საკონტრაქტო, პროფესიული სამხედრო სამსახურის მიმართ ინტერესი მკვეთრად დაეცა. ამან კი თავის მხრივ, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების პრობლემები გააჩინაა; წვევამდელთა რაოდენობისა გაზრდით კი პროფესიონალ ჯარისკაცებზე მოთხოვნა ავტომატურად შემცირდება, რაც თავდაცვის ხარჯებს გააიაფებს. ამჟამად თავდავის სამინისტრო ბიუჯეტი 675 მილიონი ლარია. ასეთ შეფასებებს სამხედრო სფეროს ექსპერტები თავდაცვის სამინისტროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ აკეთებენ. ბაჩო ახალაიას უწყება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის, სამი თვით გაზრდის ინიციატივით გასულ კვირას გამოვიდა. თავდაცვის სამინისტრო ითხოვს, რომ წვევამდელებმა 12 თვის ნაცვლად, ჯარში 15 თვე იმსახურონ. თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორი, თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე ამბობს

„ფაქტიურად, არმიაში საკონტრაქტო სისტემაში მომსახურე ადამიანებს დაეკარგათ მოტივაცია. სავარაუდოდ, არის პრობლემები დაკომპლეტებაში. ანუ პროფესიული კომპონენტის კომპლექტაციის პრობლემების გამო ხდება სავალდებულო სამსახურის კომპონენტის გაზრდა. ეს არის გარკვეული პრობლემების მოგვარების მხოლოდ დროებითი გზა და ნამდვილად არ შეესაბამება იმ კურსს, რომელიც აღებული აქვს საქართველოს.“

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას უსაფრთოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც აკრიტიკებს, რომელიც დღეს ოპოზიციური მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“, თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატურ ჯგუფს ხელმძღვანელობს. ირაკლი სესიაშვილი კერძოდ ამბობს

„ეს გადაწყვეტილება არანაირად არ ჯდება არცერთ სისტემაში და ვფიქრობ, რომ სერიოზულ მძიმე შედეგს მოიტანს. სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა იყოს 6 თვე და ამ შემთხვევაში, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობა რეალურად გაზარდოს. სამი თვით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაზრდა არ არის მარტივი საკითხი, ეს სამი თვე სამინისტროს სისტემაში მთლიანად ერთი წლის დაკარგვას გამოიწვევს და შექმნის აბსოლუტურად გაურკვეველ გარემოს შეიარაღებულ ძალებში.“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ჯერ კიდევ 2009 წლის ბოლოდე სრულად უნდა ეთქვა უარი და შეიარაღებული ძალები მთლიანად საკონტრაქტო სისტემით უნდა დაეკომპლექტებინა. თუ რატომ ჩავარდა ეს ამბიციური გეგმა ამ თემაზე თავდაცვის სამინისტროში დღეს საუბარი არ სურთ. კანონით პროფესიონალი სამხედრო თავდაცვის სამინისტროსთან ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებს. მინიმალური ანაზღაურება კი 640 ლარია, რომელიც წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება. ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულმა ინფლაციამ ჯარისკაცთა ხელფასები თითქმის 20 პროცენტით გააუფასურა, ამას წინ უძღოდა 2008 წლის აგვისტოს ომში სასტიკი დამარცხება, რამაც საბოლოო ჯამში პროფესიული სამხედრო სამსახურის მიმართ ინტერესი გაანელა. შესაბამისად, ცარიელი ადგილები წვევამდელებმა უნდა დაიკავონ. სულ სხვა მოტივებზე საუბრობს დეპუტატი მმართველი პარტიიდან კახა სუხიშვილი, რომელიც პარლამენტში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების ინიციატორია.

„სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის 15 თვე არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რაც წვევამდელმა უნდა გაიაროს, იმისთვის რომ ეს პროგრამა თავიდან ბოლომდე აითვისოს. ჩვენ ვუახლოვდებით ეხლა NATO-ს სტანდარტებს და თავდაცვის სამინისტროს გაწერილ ტაქტიკური, თეორიული და ფიზიკური მეცადინეობების პროგრამის დასაძლევად 12 თვიანი ვადა საკმარისი არ არის.“

პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულების შესაბამისად, 2012 წლისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა, ისევე როგორც წინა წლებში 37 000-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ 2007 წელს, თავდაცვის სამინისტროს წვევამდელები საერთოდ არ მიუღია, შარშან, 2011 წელს, სავალდებულო სამხედრო სამსახურში 13 ათასი წვევამდელი იქნა გაწვეული (იხილეთ http://www.mrdi.gov.ge/?page=news1&id=401&lang=1). საგაზაფრულო გაწვევის ფარგლებში კი, რომელიც უკვე დაიწყო 18-დან 27 წლამდე 4 400 წვევამდელის გაწვევაა დაგეგმილი. 15 თვით სავალდებულო სამხდერო სამსახური მას შემდეგ ამოქმედდება, როცა კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაამტკიცებს.