ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოსპიტალური სექტორის მონოპოლიზაცია საქართველოში


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს სახელმწიფო საავადმყოფოების დახურვის პროცესი.

საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის მონოპოლიზაცია მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში. ბოლო დროს საქართველოში არაერთი ახალი საავადმყოფო გაიხსნა, როგორც წესი მათი პრეზენტაცია პრეზიდენტის გარეშე არ ხდება, აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია.

ყველა რეგიონში, სადაც ახალი საავადმყოფო აშენდა, მსგავსი ტიპის სამედიცინო სახელმწიფო დაწესებულებები დაიხურა - ამბობს ასოციაციის ექსპერტი მერაბ ჯანიაშვილი :

” სადაც ახალი საავადმყოფოები შენდება რეგიონებში, სამწუხაროდ იმ რეგიონებში მანამდე არსებული ყველა სამედიცინო დაწესებულება იხურება. მაგალითად, ბორჯომში თუ აშენდა ერთი კერძო , 100 კაციანი კლინიკა, პარალელურად იქ არსებობდა ბავშვთა პოლიკლინიკა, საავადმყოფო, სამშობიარო.. სამივე მათგანი იხურება.. ანუ, ეს ერთი კერძო კლინიკა, სადაზღვეო კომპანიის მფლობელობაში არსებული კლინიკა რჩება მონოპოლისტად ამ სფეროში ,რასაც, რა თქმა უნდა, იყენებენ შემდეგ ძალიან კარგად სადაზღვეო კომპანიები და ზრდიან ფასებს. ზოგი მომსახურების ფასი 2-ჯერ, 3-ჯერ იზრდება, მაგრამ მომხმარებელი იძულებულია მივიდეს და იმკურნალოს ამ კლინიკაში, იმიტომ რომ სხვა არჩევანი მას არ რჩება.

მთავარი პრობლემა ექიმებისთვის არის დაბალი ანაზღაურება, ძალიან დაბალ ხელფასებს აძლევენ მათ კერძო კლიონიკებში, ბევრად დაბალ, ვიდრე სახელმწიფო საავადმყოფოში იღებდნენ. ანუ სახელმწიფო საავადმყოფოში პაციენტს ჰქონდა ნაკლები გადასახადი, ხოლო ექიმს უფრო მაღალი ხელფასი, აქ პირიქით არის. სადაზღვეო კომპანიამ ჰოსპიტალის აშენებაში ჩადო სერიოზული ინვესტიციები. თანაც, მათთვის არ არის რენტაბელური ეს სფერო, მომგებიანი არ არის საავადმყოფო, რომ ჰქონდეს რომელიმე რეგიონში. თუმცა, ისინი ახლა მაქსიმალურს გააკეთებენ, რომ თავიანთი დანახარჯები უკან ამოიღონ.ეს ხდება იმ მოსახლეობის ხარჯზე, რომელსაც ძველ საავადმყოფოებშიც მკურნალობის საშუალება არ ჰქონდათ. ახალ პირობებში რამდენი ადამიანი შესძლებს ჰოსპიტალური მომსახურების მიღებას, საკითხავია."

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, 2013 წლისთვის საქართველოში 150 ახალი, თანამედროვე კლინიკა იფუნქციონირებს. ამ სფეროში მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. პრეზიდენტის განცხადებით, მთელი ჰოსპიტალური სექტორი იქნება პრივატიზებული, რაც მისივე თქმით , ჯანდაცვის სისტემაში კორუფციას გამორიცხავს და მაღალი დონის მომსახურებას უზრუნველყოფს.

"ის დატვირთვა, რა დატვირთვაც ჰქონდათ საავადმყოფოებს, სულაც არ ნაზღაურდება კერძო სექტორის მიერ აშენებული კლინიკების მიერ" - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე:

” ახალი კერძო კლინიკები ვერ უზრუნველყოფენ ექიმების სრულ დასაქმებას, შესაბამისად დატვირთვას , საწოლების რაოდენობცა შემცირებულია. გარდა ამისა, ეს ამცირებს კონკურენციას და უტოვებს სადაზღვეო კომპანიებს შესაძლებლობას გაზარდონ ფასები. გამომდინარე იქედან, რომ მომხმარებელს, პაციენტს, არ ექნება სხვა არჩევანი. გარდა ამისა, ის დაზღვევის პაკეტი, რომელსაც ისინი სახელმწიფოსგან მიიღებენ, იქნება პირდაპირ მიბმული ამ კონკრეტულ კლინიკებზე და მათ არ ექნებათ არანაირი არჩევანი. დაზღვევა რას გულისმობს, ჯერ არ არის ცნობილი.. პრეზიდენტი ამბობს, რომ დააზღვევს ყოველ მე-2 მოქალაქეს, თუმცა დაზღვევის პაკეტში რა მომსახურობები შევა, ჯერ ცნობილი არ არის. გარდა ამისა, ხელმისაწვდომობა ისედაც რთული იყო რიგითი მოქალაქეებისთვის, კერძო კლინიკების შემოსვლა კიდევ უფრო გააძვირებს მკურნალობის ხარჯებს , რადგან კონკურენცია მნიშვნელოვნად შემცირდება, მომხმარებელი არჩევანის გარეშე რჩება, ის იძულებული გახდება მიმართოს კონკრეტულ კლინიკას. ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ გაძვირებულ მომსახურებას კერძო სექტორში მოსახლეობა ვერ აანაზღაურებს ამ ხარჯებს . კერძო სადაზღვეო კომპანიები, რომლებმაც ააშენეს ეს კლინიკები.. ფაქტიურად ეს პროექტი ჩავარდნის პირას არის, ვინაიდან მილიონებს, რომლებიც ამ კლინიკების აშენებას დაახარჯეს, ვერ ამოიღებენ.. გამომდინარე აქედან სახემწიფომ ეს დაზღვევის პროგრამა შემოიღო, რათა კლიენტები გაუჩინოს კლინიკებს”.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს სახელმწიფო საავადმყოფოების დახურვის პროცესი, რომ მოსახლეობას არჩევანის საშუალება მიეცეს:” თუნდაც 2-3 წლის მანძილზე ერთი ძველი სახელმწიფო საავადმყოფო დავტოვოთ, რომ კონკურენცია გაუწიონ გარკვეული პერიოდის მანძილზე მაინც ახალ კერძო კლინიკებს. რაც გამოიწვევს, კერძო კლიონიკის დაინტერესებას დაბალი ფასები შესთავაზოს მომხმარებელს და უფრო ხარისხიანი მომსახურება, ვიდრე მარტო მონოპოლისტი რომ იქნება. ახლა, როცა ერთი ხელის მოსმით იხურება ყველა სახელმწიფო საავადმყოფო, ხდება ამ სფეროს მონოპოლიზაცია , რაც ძალიან ცუდად აისახება მომხმარებლის ჯიბეზე”.

XS
SM
MD
LG