რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საკუთარი აზრი, ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლთა დედებმაც გამოთქვეს. მათი აზრით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტის რანგში მოევლინოს ქვეყანას კიდევ ერთხელ.:
„ჩვენ, ბესლანის #1 სკოლის შტურმის შედეგად დაზარალებულები მივმართავთ თანამოქალაქეებს, 4 მარტს არ მისცეთ ხმა პუტინის სასარგებლოდ. ჩვენ ჩავატარეთ საკუთარი გამოძიება ტერაქტთან დაკავშირებით და შევაგროვეთ მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ პუტინმა გასცა სკოლის შტურმით აღების ბრძანება ტანკებით. მძიმე ტექნიკით სკოლის დაცხრილვის მოწმეები ბესლანშიც და სხვაგანაც ბევრი ადამიანია. ახლა პუტინს კიდევ სურს პრეზიდენტობა. კითხეთ საკუთარ თავს, აქვს მას ამის მორალური უფლება? რას შეიძლება კიდევ მოველოდეთ ასეთი პრეზიდენტისგან? ოსეთმა არ უნდა მისცეს ხმა პუტინს. ვინც სახლში დარჩება, მისი ხმა პუტინს დარჩება, ამიტომ, მიბრძანდით საარჩევნო უბნებში და ხმა მიეცით ნებისმიერს, გარდა პუტინისა. არც ერთი ხმა პუტინს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ბესლანის ხმამ“ გაავრცელა.
სუსანა დუდიევა, რომელსაც ვაჟი დაეღუპა ბესლანში მომხდარი ტრაგედიის დროს, ამბობს:
ნდობაზე იმ შემთხვევაში შეიძლებოდა გვესაუბრა, თუ ტრაგედიას გამოიძიებდნენ და დასჯიდნენ დამნაშავეებს. მოცემულ სიტუაციაში კი შეიძლება მხოლოდ ვთქვათ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოტყუებულნი ვართ. კიდევ ერთხელ ვანდოთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების, შვილების სიცოცხლე მას ვინც სსაკუთარ სიტყვას არ ასრულებს? დღეს ჩვენ გამოვხატავთ საკუთარ დამოკიდებულებას იმ ადამიანის მიმართ, ვისაც კიდევ ერთხელ სურს პრეზიდენტობა, ვისაც სურს მოგვევლინოს კონსტიტუციის გარანტად და ვამბობთ, რომ მას ჩვენ არ ვენდობით“.
რიტა სიდაკოვა, რომელმაც ბესლანის ტრაგედიის დროს ქალიშვილი დაკარგა, ამბობს:
„მოხდა საუკუნის დანაშაული და არ არსებობენ დამნაშავეები და დასჯილები ამ ტექტის დროს. დიახ, 31ტერორისტი განადგურებულია. შტაბი შეიქმნა მძევლების განთავისუფლების მიზნით, მაგრამ მათ რა გააკეთეს? ყველა დახოცეს და არ გაითვალისწინეს, რომ ამ ყველაფერს ბავშვები ეწირებოდნენ. როგორ შეიძლებოდა ამის შემდეგ გენერალ ანდრეევისთვის წოდება მოემატებინათ და დაეწინაურებინათ. ეს ხომ ნონსენსია. ეს პუტინისთვის მესამე ვადა იქნება, მაგრამ მუშაობის მეთოდებიც და გუნდიც იგივე რჩება.“
ანეტა გაგიევა, რომელმაც ბესლანის ტრაგედიის დროს ქალიშვილი დაკარგა, ამბობს:
„ჩვენ არ გვაქვს ნდობა პუტინის მიმართ იმიტომ, რომ იგი იცავს სისტემას, რომელიც არ უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას, რომელიც გაჟღენთილია კორუფციით, რომელიც არ გვაძლევს უფლებას ვიქონიოთ უკეთესი მომავლის იმედი, ეს სისტემა არ გვაძლევს საშუალებას გამოვიძიოთ ბესლანის ტრაგედია. შეიძლება ბევრი ველაპარაკოთ პერსპექტივებზე, უკეთეს მომავალზე, მაგრამ ის არ იქნება, რადგან სიმართლე ბესლანშია, ბესლანი ამ დამღუპველი სისტემის რეზულტატია.“
ელვირა ტუაევა: რომელმაც ბესლანის ტრაგედიის დროს ქალიშვილი დაკარგა, ამბობს:
„ის პრეზიდენტი, რომლის მუშაობის დროსაც ასეთი საშინელი ტერაქტები მოხდა, კიდევ იყრის კენჭს და პრეზიდენტობა სურს. მე ამასთან შეკითხვა მაქვს: აქვს კი უფლება ხელახლა გახდეს პრეზიდენტად და საკუთარი ხალხის წინაშე დადოს ერთგულების ფიცი?“
მარინა პაკი, რომელმაც ბესლანის ტრაგედიის დროს ქალიშვილი დაკარგა, ამბობს:
„ყოველთვის ასეა, რომ მსხვერპლი რაღაც მიზნისთვის არის საჭირო, აქ ვცხოვრობ და ვერ ვიგებ, რა შეიცვალა, რატომ მიიტანეს ჩვენი შვილები, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მსხვერპლად. ერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ პუტინის წყალობით ჩვენ დღეს რასაც გვინდა ვაკეთებთ და სადაც გვინდა მივდივართო, შეიძლება ის ადამიანი, თავის მხრივ მართალია, მაგრამ მეც შემიძლია ვთქვა, რომ პუტინის წყალობით, ჩვენ ჩვენი შვილები დავკარგეთ, ვერ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა და ვერც იქ მიდივართ, სადაც გვინდა, ჩვენთვის ეს ადგილი აქ დაწყევლილია. მე ვიცი, რომ მართალი ვარ. არ ვიქნებოდი ლოგიკური, ახლა რომ დამეწყო მისთვის მადლობის გადახდა რაკი გაპრეზიდენტება ხელახლა სურს.“
რაც შეეხება სამოქალაქო აზრის გამოხატვის საკითხს დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერია. ორიოდე დღის წინ გავრცელდა გასული წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ალა ჯიოევას მიმართვა მოქალაქეებისადმი, სადაც იგი ამბობს, რომ იმყოფება ცხინვალის სომატურ საავადმყოფოში საკუთარი შტაბზე შტურმის შემდეგ, შიარაღებული ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ:
„ამ დრომდე ჩემს მიმართ ჯერ არანაირი ბრალდება არაა წამოყენებული. ფაქტობრივად, მე თავისუფლება მაქვს აღკვეთილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე, ჩემი მომხრეები მატყობინებენ, რომ სურთ აქციების განახლება ხელისუფლების წინააღმდეგ. როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, არ შემიძლია დავუშვა სიტუაციის დესტაბილიზაცია ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის. მოვუწოდებ მოსახლეობას პასუხისმგებლობით მოეკიდნონ ამ საკითხს. პრეზიდენტის არჩენების შემდეგ მე გავაკეთებ საგანგებო განცხადებას. მანამდე კი მოგიწოდებთ, არ აყვეთ პროვოკაციებს და შეინარჩუნოთ წესრიგი,“– ნათქვამია ჯიოევას განცხადებაში.