ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპარლამენტო არჩევნებამდე პენსიონერები გაზრდილ პენსიებს მიიღებენ


2012 წლიდან საქართველოში ყველა პენსიონერი დაეზღვევა, პენსია 140 ლარამდე გაიზრდება.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საპენსიო პაკეტი. კანონპროექტის თანახმად მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან პენსიონერები საქართველოში გაზრდილ პენსიებს მიიღებენ. 2012 წლიდან საქართველოში ყველა პენსიონერი დაეზღვევა, პენსია 140 ლარამდე გაიზრდება, აქედან 15 ლარი იქნება სადაზღვეო პაკეტის. სადაზღვევო პაკეტის საშუალებით უფასო იქნება ექიმთა კონსულტაცია, ულიმიტო გადაუდებელი ოპერაციები 80 %-ანი დაფინანსებით და ლიმიტირებული ოპერაციები 15 ათას ლარამდე. სადაზღვევო პაკეტში შედის უფასო ქიმიო და სხივური თერაპია და უფასო სისხლის ანალიზები. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად კუკავას თქმით, გაზრდილი პენსია ხანდაზმული ადამიანების მატერიალურ მდგოამრეობას შეამსუბუქებს:

” რა თქმა უნდა შეამსუბუქებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჯერ ერთი იზრდება თანხის ოდენობა, ამასთანავე შემოგვაქვს სიახლე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პენსიონერებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის.ეს არის პენსიონერთა დაზღვევა, რაც ხელს შეუწყობს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაბამისად ამ მიმართულებით, ამ სფეროში ზოგადად გააუმჯობესებს სიტუაციას იმ თვალსაზრისით, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდება მათთვის ის სერვისები, რასაც მიაწვდის წელს განახლებული ჯანდაცვის სისტემა. ამ დაზღვევით შესაძლებელი გახდება, როგორც ჩვეულებრივი , მარტივი ოპერაციების ხარჯების დაფარვა, როგორც ბრმანაწლავი, ასევე უფრო სერიოზული ოპერაციების და სხვა მომსახურების დაფარვაც, რაც არის დაკავშირებული არა მხოლოდ ამბულატორულ მკურნალობასთან, არამედ სტაციონალურ მკურნალობასთან”.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ წურწუმია კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს :

” პენსიების ზრდა იმ ციკლის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მეთოდურად ხორციელდება, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში სისტემატურად იზრდება პენსიები. ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან, შემოსავლების ზრდასთან ბიუჯეტში, იმიტომ რომ, თუ ჩვენ არ გვექნა ფინანსური რესურსები, მიუხედავად დიდი სურვილისა, ზრდას ვერ მოვახერხებთ.

ფასებიც იზრდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ფასების ზრდას, რაც მსოფლიო პროცესებია, ჩვენ ვერ შევაჩერებთ. და მხოლოდ იმის თქმა, რომ პენსიების ზრდა ფასების ზრდასთან ადეკვატურ მიმართებაში არ იმყოფება, არ არის სწორი. ეს თანხა ნამდვილად არ არის საკმარისი, და ამას არავინ ამბობს, რომ საკმარისია დააკმაყოფილის ადამიანის მოთხოვნა, თუნდაც მინიმალურად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო ამით აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ ის თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ცდილობს და ეცდება მომავალშიც პენსიები გაზარდოს. პენსიების ზრდა, როდესაც პენსიონერთა რაოდენობა 600 000 აჭარბებს, ბუნებრივია უკავშირდება სერიოზულ ასიგნაციებს ბიუჯეტში. თუ ჩვენ ქვეყანას ექნება საშუალება, რომ ეკონომიკის ზრდა შეინარჩუნოს, მას არ ექნება პოლიტიკური რყევები და მის საინვესტიციო გარემოს არ შეექმნება საფრთხე, შემიძლია დაგარწყმუნოთ რომ მომავალ წლებში, უახლოეს 2-3 წელიწადში პენსიების ზრდა უკვე თვალსაჩინო იქნება და დაეტყობა პენსიონერების ცხოვრებასაც”.

2012 წლის 1 სექტემბრიდან პენსია მხოლოდ ხანდაზმულებს გაეზრდებათ.მარჩენალდაკარგულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იმავე რაოდენობის პენსიებს აიღებენ, რაც აქვთ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განცხადები:

”სახელმწიფო ბიუჯეტში ფინანსური შესაძლებლობის გამოჩენისთანავე საპენსიო კანონში გათვალისწინებული იქნება მარჩენალდაკარგულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსიების თანხობრივი ზრდა. კონკრეტულად როდის, ამის თქმა რთულია, ვფიქრობ, ნახევარი წლის ბიუჯეტის შეჯამების შემდეგ უფრო დაზუსტდება”.

საპენსიპო პაკეტის კრიტიკით , განცხადებით, რომ აღნიშნული ცვლილება ”მოქალაქეების ღირსეულ სიბერეს ვერ უზრუნველყოფს” გამოვიდა განხილვაზე ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გურამ ჩახვაძე. დეპუტატის თქმით:

”ხელისუფლების განცხადება იმის შესახებ, რომ სოციალური დახმარების დღევანდელი ოდენობა გუშინდელს სჯობს, არგუმენტად ვერ გამოდგება. პენსიონერები ადრეც და ახლაც ნორმალურ მდგოამრეობაში ყოფნას საჭიროებდნენ და საჭიროებენ”.

გურამ ჩახვაძე ხელისუფლებას ედპ-ს ინიციატივას სთავზობს, რომელიც საბაზისო პენსიას ითვალისწინებს, იქნება მიბმული საარსებო მინიმუმთან და ინფლაციასთან ერთად ყოველწლიურად გადახედვას დაექვემდებარება.

XS
SM
MD
LG