„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება - განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ამას 2024 წელს გეგმავდა და გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთებაზე მსოფლიოში შეცვლილი ვითარებით არის განპირობებული. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის სტრუქტურებს განაცხადს ხვალ, 3 მარტს წარუდგენს ოფიციალურად.
„მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც. გასული წლების განმავლობაში, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი შთამბეჭდავი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად განვსაზღვრეთ. განვახორციელეთ მრავალი რეფორმა, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა.
ასევე ნახეთ: ევროპარლამენტარებმა უკრაინის ევროკავშირში კანდიდატ წევრად მიღებას მხარი დაუჭირეს2024 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნად გამოაცხადა. ამ ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენისა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
ქართული ოცნება“ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას კოორდინირებული მოქმედების შედეგად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „კოორდინაცია საქართველოდან „ნაციონალური მოძრაობის მიერ“ ხორციელდება, რომელსაც, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც“.
"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. ამასთან, კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება არის, გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკური მრავალი მიზეზის გამო,"- ამბობს კობახიძე.
ასევე ნახეთ: "იმედგაცრუებული ვარ,"- სენატორი რიშიპარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარებას.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენი პოზიცია უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ურყევი. საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს უკრაინელი ხალხისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ჩვენთვის უკრაინა არის არა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე ან დავით არახამია, არამედ, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ამ პრინციპების დასაცავად, საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მასალაში გამოყენებულია "ინტერპრესნიუსის" და "რადიო თავისუფლების" მასალები