ბრძოლას მაიდანისთვის ქართველიც შეეწირა

კიევის ცენტრი. აქვე აღმოაჩინეს ზურაბ ხურციას ცხედარიც

თინა ხიდაშელი: „იანუკოვიჩის რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება“
უკრაინის დედაქალაქში გუშინდელ სისხლისმღვრელ შეტაკებებს, პრეზიდენტ იანუკოვიჩის მომხრე სამართალდამცველებსა და ოპოზიციურად განწყობილ დემონსტრანტებს შორის, სულ მცირე, 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეც არის.

53 წლის ზურაბ ხურცია სენაკში დაიბადა. აფხაზეთის ომამდე, გაგრაში, წერეთლის გამზირზე ცხოვრობდა. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში. ომის შემდეგ, მისი ოჯახი სენაკში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. თავად ზურაბ ხურცია ბოლო ორი წელია, უკრაინაში მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.

ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის, როგორ აღმოჩნდა გუშინ ზურაბ ხურცია, კიევის მაიდანთან ახლოს. მისი ცხედარი ინსტიტუტის ქუჩაზე აღმოაჩინეს, სადაც უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები მდებარეობს.

ქართული დიასპორის წარმომადგენლები უკრაინაში აცხადებენ, რომ ხურცია მაიდანთან შემთხვევით აღმოჩნდა და „ბერკუტელების“ მოულოდნელი თავდასხმის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

უკრაინული გაზეთის „ვესტის“ ინფორმაციით კი, ხურცია ბარიკადებს იცავდა და კიდევ ორ აქტივისტთან: ნიკოლაი ნიკიტინთან და ვლადიმერ კიშჩუკთან ერთად დაიღუპა. მათთან ახლოს დაღუპულა 62 წლის პენსიონერი ანტონინა დვორიანეციც. გუშინ, მაიდანთან ასევე მოკლეს გაზეთ „ვესტის“ ჟურნალისტი ვიაჩესლავ ვერემი.

გუშინვე საღამოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ კიევის ტრაგედიაზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

„ვინც საღად უყურებს ამ ყველაფერს და ვისაც არ აქვს ფუნდამენტურად მცდარი წარმოდგენები - ქვეყნების უფლებებზე თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი, ყველასთვის ნათელია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე, კიევში ადამიანთა სიცოცხლის შეწირვას ვგულისხმობ, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ეკისრება.“

გუშინ განვითარებული მოვლენების გამო კი საქართველოს საელჩომ კიევში 24 საათიანი ცხელი ხაზი აამოქმედა (იხილეთ http://ukraine.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=453&info_id=22806). დატრიალებულ ტრაგედიას დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ოფიციალურმა თბილისმა სასტიკად დაგმო ძალის გამოყენების ფაქტი და დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდა.

„ის პროცესები, რომლებსაც ამჟამად შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპულ ღირებულებებთან. ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს უკრაინის ხელისუფლებისადმი, რათა გადადგმულ იქნას ქმედით ნაბიჯები, რომ მხარეები დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს და ვითარება არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში“ - ნათქვამია მინისტრ ფანჯიკიძის უწყების განცხადებაში.

უკრაინის მოვლენებს დღესვე გამოეხმაურა პრემიერი ღარიბაშვილი და აღნიშნა, რომ ასეთ დროს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას, რადგან იგი ვალდებულია არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია, არ მიიყვანოს საქმე სისხლისღვრამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე.“

გაცილებით რადიკალურია თავის შეფასებაში, მმართველი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერი, რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის კონტინენტზე მაინც აღარ იქნება ისეთი ქვეყნები, სადაც საკუთარ მოსახლეობას ასე გაუსწორდებიან. საქართველომ ეს შესაძლებელი გახადა და ეს შესაძლებელი იქნება უკრაინაშიც.

ასეთი რეჟიმები ყველგან მარცხდება და აუცილებლად დამარცხდება იანუკოვიჩის რეჟიმიც. ამაში დარწმუნებული ვარ და იქ თავისფლების მოყვარული ხალხი გაიმარჯვებს.“

ამჟამად, უკრაინაში დაახლოებით 300 000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კიევსა და კიევის ოლქშია თავმოყრილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და ასევე ქართველ ჟურნალისტებს, ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს მოუწოდა თავი შეეკავებინათ ქალაქის იმ ნაწილში გადაადგილებისგან, სადაც დემონსტრაციები მიმდინარეობს. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, დემონსტრანტთა შორის ეთნიკური ქართველები მრავლად არიან.