ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუკრძალავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლას?


მიხეილ სააკაშვილი და კობა ხაბაზი კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე
მიხეილ სააკაშვილი და კობა ხაბაზი კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე

უკრაინის რადას დეპუტატი ქართველი პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:35 0:00
ბმული


უკრაინის მმართველი პარტიის, „რეგიონების პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, უკრაინის რადას დეპუტატი ოლეგ ცარიოვი საქართველოს 30 მოქალაქისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვას მოითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის აქტიური მოკავშირის „შავ სიაში“, რომელიც უკვე გადაეგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და უშიშროების სამსახურის თავჯდომარეს მოხვდნენ:

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები - დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე, სერგო რატიანი და გივი თარგამაძე. თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი, ვიდეოოპერატორი და სხვები.

დნეპროპეტოვსკელი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ ეს პიროვნებები "უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან" და ისინი წამოადგენენ ერთ მცირე რგოლს, მთლიან ჯაჭვში, რასაც ამერიკული პროექტი „ტეხკომი“ ჰქვია. ოლეგ ცარიოვი დარწმუნებულია, რომ პროექტის საბოლოო მიზანი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაა.

„მიმდინარეობს ოპერაცია „ტეხკომი“, რომლის ფარგლებში ხდება უკრაინაში სამოქალაქო ომის გაჩაღებისთვის მზადება. „ტეხკომი“ მიმართულია საინფორმაციო ომის სპეციალისტების მომზადებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის დისკრედიტაციაზე.

„ტეხკომის“ ფარგლებში ხდება პოტენციური რევოლუციონერების როგორც შემოგზავნა, ისე მომზადება, სახელმწიფო რეჟიმის დასამხობად. პროექტს პატრონობს და კურირებას უწევს უკრაინაში ამერიკის ელჩი ჯეფრი პაიეტი.“

ქართული დროშები კიევში, „ევრომაიდანზე“ გასულ კვირას გამოჩნდა. თავდაპირველად უკრაინის დედაქალაქში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები ჩავიდნენ და მაიდანზე კარავი გაშალეს. ამ ორგანიზაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი ხელმძღვანელობს.

შემდეგ კიევში „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის დელეგაცია ჩაფრინდა. დეპუტატებმა ბარამიძემ, ვაშაძემ, რატიანმა და საყვარელიძემ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს. სულ ბოლოს კი კიევში, საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა, მას თან დეპუტატი კარბელაშვილიც ახლდა.

სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა, შემდეგ ევრომაიდანს უკრაინულ ენაზე მიმართა. გუშინ კი სააკაშვილმა კიევიდან მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გადაინაცვა.

კობა ხაბაზი ღიად ამბობს, რომ „თავისუფალი ზონის“ ათეულობით აქტივისტებმა ევრომაიდანზე მრავალი ადამიანის მიყვანა შეძლეს

„თავისუფალი ზონიდან“ კიევში ათეულობით ადამიანი იყო ჩასული. მონაცვლეობით მოხდა გამგზავრება. პირველი ნაწილი დაბრუნდა უკვე, ნაწილი კი ისევ წავა უკრაინაში, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია - უკრაინაში წყდება არა მხოლოდ უკრაინის ბედი.

ჩვენ მაიდანზე საინფორმაციო ცენტრივით შევქენით. სადაც მოვახერხეთ იქ მაცხოვრებელი ქართველების მობილიზაცია. ვიყოთ გულწრფელები არა მხოლოდ ქართველების, არამედ კიევში მცხოვრები უკრაინელების, რუსების მობილიზაციაც.

მოდიოდნენ ასევე პოლონელები, გერმანელები, ჰოლანდიელები, კანადელები. საკმაოდ საინტერესო საუბარი იმართებოდა. ჩვენი კარავი გახდა თავშეყრის ადგილი.“

გარდა, საქართველოს 30 მოქალაქისა, უკრაინის რადას დეპუტატი ცარიოვი ასევე ითხოვს ქვეყნიდან გააძევონ და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სერბეთის და რუსეთის მოქალაქეები.

მათ შორის არიან ცნობილი გერმანელი პოლიტოლოგი ანდრეას ულმანდი; სტრატეგიულ კომუნიკაციებში ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული სააგენტოს PBN Hill+Knowlton Strategies უკრაინის მიმართულების, აღმასრულებელი დირექტორი მირონ ვასილიკი; USAID-ის მაღალი რანგის ჩინოვნიკი ბრაიან ფინკი; ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ტრანსატლატიკური ურთიერთობების ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ტარას კუზო; რუსი პოლიტოლოგები გლებ პავლოვსკი და სტანისლავ ბელკოვსკი.

ასევე ცნობილი სერბი უფლებადამცველი, მარკო ივკოვიჩი, რომელმაც თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდულ პოლიტიკურ მოძრაობათა ჩამოყალიბებაში სერბეთში („ოტპორა“), საქართველოში („კმარა“), უკრაინასა(„პორა“) და ყირგიზეთში. ივკოვიჩი პერსონა ნონ გრატად უკვე გამოცხადებულია რუსეთში.

საქართველოს მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ კიევში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის და სხვა ოპოზიციონერი ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები საქართველოს ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს

„რამდენადაც მე შეხვედრები მქონდა უკრაინის ხელმძღვანელობასთან, ჩემს კოლეგასთან, მე არ მიმიღია ასეთი მესიჯი მათგან რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია დასრულებულ პროცესად მიაჩნიათ.

პირიქით, მას უწოდებენ, გადადებულს და არა დასრულებულს ან შეწყვეტილს. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხის ნება მთავრობის გადაწყვეტილებებში გათვალისწინებული იქნება.“

ბოლო გახმაურებული შემთხვევა, უკრაინაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით- ამერიკულ როკ ჯგუფს Bloodhound Gang-ს უკავშირდება.

2013 წლის ივლისის ბოლოს, კიევში გამოსვლის დროს, ფილადელფიური ჯგუფის ბასისტმა ევილ ჯარედ ჰასელჰორფმა უკრაინის ეროვნულ დროშაზე მიშარდვის იმიტაცია მოახდინა, რასაც უკრაინული საზოგადოებისა და პოლიტიკური ბომონდის აღშფოთება მოჰყვა.

ამერიკელ მუსიკოსს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ხუთი წლის ვადით აეკრძალა.

P.S დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ქართული ტელეკომპანია "ტაბულას" კორესპონდენტსა და ვიდეოოპერატორს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერსონა ნონ გრატად გამოცხადებითა და უკრაინიდან გაძევებით დაემუქრნენ.

XS
SM
MD
LG