ორი დაპირისპირებული მხარის პოლიტიკური განწყობა ბანაკებში ბანერებიდანვე მოსჩანს. ოპოზიციის ბანაკში უკრაინის პრეზიდენტს სტალინს, ჰიტლერს და პინოჩეტს ადარებენ.
მთავრობის მხარდამჭერთა კარვების ქალაქში კი, აქციის მონაწილეები ვიქტორ იანუკოვიჩს დღეგრძელობას უსურვებენ.
უკრაინაში მთავრობის მომხრეებს მოსკოვთან კავშირის გაწყვეტის ეშინიათ. ისინი კიევში ლენინის ძეგლის დემონტაჟს კანიბალიზმს უწოდებენ. გრიშა მშენებელია და ქალაქ ნიკოლაევში ცხოვრობს. მისი თქმით, რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებული ქალაქის ბედი სამ ქარხანაზეა დამოკიდებული:
„რუსეთმა ჩვენი ქარხნები რომ არ შეისყიდოს, ისინი ფუნქციონირებას შეწყვეტენ.“
რუსლანი ქალაქ კრემენჩუკიდანაა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს:
„ევროკავშირში თუ შევალთ,სამსახურებს დავკარგავთ. ქარხნები და წარმოება შეჩერდება. ევროპას ჩვენი პროდუქცია არ სჭირდება.“
კიევში დაძაბულობა მატულობს, რადგან ოპოზიციის მომხრეები უკრაინის მთავრობისგან ევროკავშირში შესვლის მოთხოვნით აქციებს არ წყვეტენ. მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობის მხარდამჭერები შიშის ტყვეობაში არიან მოქცეული.
ოლეგი ლვოვში საწყობის მუშად მუშაობს და ღრმად სწამს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს:
„შეხედეთ პოლონეთს, ადრე როგორ უჭირდა და ახლა რა კარგად არის. მსოფლიოს ფართო თვალებით უნდა შევხედოთ, შიშმა საკუთარ ნაჭუჭში არ უნდა გამოგვამწყვდიოს. ევროკავშირში შესვლის შემდეგ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვა, ქარხნები და ფაბრიკები ამუშავდება.“
კინომუშაკი ოლენა დანკო ამ აზრს ეთანხმება:
„საწყენია, რომ უკრაინელებს შიში მართავთ, შიში იმის, რომ სამუშაოს დაკარგავენ, შიში იმის, რომ დაისჯებიან.“
ოენა და მისი მეგობრები მაიდანზე სამსახურის შემდეგ იკრიბებიან. მათ სურთ უკრაინაში ცვლილებების მონაწილე გახდნენ.
მიუხედავად ბარიკადებისა, ოპოზიციის კარვების ქალაქში მაინც ბედნიერი განწყობაა. ბერძნული ეკლესიის მოძღვარი მამა იური ამბობს, რომ მაიდანზე ხალხს არა ფული , არამედ იდეალები აერთიანებს:
„მთავრობის მხარდამჭერ აქციებზე საეკლესიო პირებს ვერ ნახავთ. მღვდლებს ფულით ვერ მოისყიდი.“
კიევში ოპოზიციიის მიტინგებზე უკრაინის ესტრადის ვარსკვლავები ყოველ საღამოს უფასო კონცერტებს მართავენ, აქციის მონაწილეებს კი უფასო სურსათს საქველმოქმედო ორგანიზაციები ურიგებენ.