საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი ამ დრომდე ვერ ამბობს თბილისში, 26 აპრილი-5 მაისის ჩათვლით, რომელი ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ დაიღუპა ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის ერთი გოგონა. მათი ასაკი 22-დან 39 წლამდე მერყეობს.
ოთხი მათგანი ღამის კლუბში გართობის შემდეგ, სახლში დაბრუნებული ძილში გარდაიცვალა. ერთის კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაყვანა მოხერხდა, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მას პირველადი სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს, თუმცა მიმღებშივე დაიღუპა.
ამ დრომდე, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ერთი, 23 წლის პაციენტი, იგი კომაშია. მძიმე ინტოქსიკაციით კლინიკას კიდევ რვა ახალგაზრდამ მიმართა. მათი ნაწილი მართვით სუნთქვაზეა. ექიმებმა არ იციან, რომელმა ნარკოტიკმა გამოიწვია ეს უმძიმესი შედეგები.
ერთ-ერთი გარდაცვლილი საჯარო მოხელე იყო, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელი. მისი ოჯახის წევრი ამბობს, რომ იგი სახლში თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან დაბრუნდა და ძილში დაიღუპა:
სახლში ჩვეულებრივად ეძინა და ძილში გული გაუჩერდა. დილით იპოვა მეუღლემ და მისმა მეგობარმა. რახან შესაძლებელია ჩვენთან ნარკოტიკის შეძენა, ის მაინც გააკონტროლონ რა იყიდება"
„სახლში ჩვეულებრივად ეძინა და ძილში გული გაუჩერდა. დილით იპოვა მეუღლემ და მისმა მეგობარმა. რახან შესაძლებელია ჩვენთან ნარკოტიკის შეძენა, ის მაინც გააკონტროლონ რა იყიდება. ბოლო დღეებში, ჩემი ძმის გარდა, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, ზოგი კი ამ დრომდე კომაშია.“
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდების დაღუპვის ყველა ფაქტს იძიებს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით კომენტარს არ აკეთებს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს თუ ვისგან, რა ვითარებაში შეიძინეს და რომელი ნარკოტიკი მოიხმარეს გარდაცვლილებმა.
შსს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რომელმაც უცნობი მომწამვლელი ნივთიერების ქიმიური შემადგენლობა უნდა განსაზღვროს. ექსპერტიზის დასრულებას სავარაუდოდ ერთი თვე დასჭირდება.
სპეციალისტების განმარტებით, არის იმის ალბათობაც, რომ ექსპერტიზა უშედეგოდ აღმოჩნდეს, როგორც ეს 2017 წლის აგვისტოში მოხდა, როცა ანაკლიაში, JEM ფესტზე, 22 წლის გოგონა ზედმეტი დოზირებით დაიღუპა. მაშინ გამოძიებამ ვერ დაადგინა ლეტალური შედეგი რომელი ნარკოტიკის მიღებისგან დადგა.
სამედიცინო კლინიკა „ურანტის“ ხელმძღვანელი, ექიმი-ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ ძალიან დიდი პრობლემაა, როცა სახელმწიფოს წინასწარ არ აქვს შესწავლილი საქართველოს „შავ ბაზარზე" რომელი ნარკოტიკები ტრიალებს:
შავ ბაზარზე არის ბევრი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რაც არის დიდი პრობლემა, უფრო სერიოზული პრობლემა რომ სახელმწიფო ვერ ახდენს ამ ნივთიერებების დადგენას და ექიმებმა არ იციან რასთან აქვთ საქმე“ზურაბ სიხარულიძე, ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა "ურანტი"
„სანამ ექსპერტიზა არ იტყვის, რომ ეს ნივთიერება, რომელმაც ახალგაზრდები მოკლა არის მეფედრონი, მეფამფეტამინი, ამფეტამინი, ოპიაკი, ბიოჰეროინი თუ სხვა ნარკოტიკი, ძალიან რთულია ამაზე საუბარი, ფაქტი ის არის, რომ შავ ბაზარზე არის ბევრი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რაც არის დიდი პრობლემა. უფრო სერიოზული პრობლემა რომ სახელმწიფო ვერ ახდენს ამ ნივთიერებების დადგენას და ექიმებმა არ იციან რასთან აქვთ საქმე.“
ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში კვლავ გამწვავდა პოლემიკა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და დღეს არსებული რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების მომხრე ჯგუფებს შორის. ნარკოპოლიტიკის რეფორმა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს პარლამენტშიც, სადაც შესაბამისი კანონპროექტის განხილვა უკვე მერამდენედ გადაიდო. მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესია.
როგორ ხვდება მკვლელი ნარკოტიკი ჩვენს ქვეყანაში? ვინ მფარველობს ამ ბიზნესს? რატომ არ მოხდა „შავ ბაზარზე“ არსებული ნარკოტიკების შესწავლა და პრევენცია? ეს კითხვები ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.