ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ აღიარა, რომ ჰიპ-ჰოპ ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრებს გიორგი ქებურიასა (Kay G) და მიხეილ მგალობლიშვილს (Young Mic) დანაშაული არ ჩაუდენიათ და „განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების საქმე“ რეპერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში „შეუკერეს“.
პროკურატურის მიერ 18 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „გამოძიების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც ქებურიასა და მგალობლიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო“.
„ბირჟა მაფიას“ ორი რეპერი 2017 წლის 6 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ რაც სოციალური ქსელით, ჯგუფის ახალი ბითი-ლირიკა "თსლ შავი ზედა" გავრცელდა. კლიპში პოლიციელი იყო გაშარჟებული.
ქებურია და მგალობლიშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა დააპატიმრეს, სისხლის სამართლის საქმე კი „დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება MDMA-ს უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე“ აღიძრა.
როგორც გაირკვა, პოლიციელებს დაკავებულებისთვის, რომლებსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ, პირადი ჩხრეკა საერთოდ არ ჩაუტარებიათ და შესაბამისად, MDMA მათ ჯიბეებში არ ჩაუდიათ. ეს ყველაფერი მხოლოდ საბუთებში გააფორმეს და შემდეგ, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური მუქარით „დანაშაულის აღიარებას“ მიაღწიეს.
„ბირჟა მაფიას“ წევრმა გიორგი ქებურიამ სრულად გამართლების შემდეგ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, რომელმაც რეპერების დაკავების გამო, უკმაყოფილება მასშტაბური საპროტესტო აქციებით გამოხატა:
როგორც იქნა გამოძიებამ ჩვენი უდანაშაულობა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტურა. დიდი მადლობა ხალხს, რომელსაც პირველივე დღიდან სჯეროდათ ჩვენი უდანაშაულობის, გვერდში გვედგნენ და მხარს გვიჭერდნენ. “გიორგი ქებურია, "ბირჟა მაფიას" რეპერი
„როგორც იქნა გამოძიებამ ჩვენი უდანაშაულობა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტურა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც დიდი შრომა ჩადო ამ შედეგის მისაღწევად. ასევე დიდი მადლობა ხალხს, რომელსაც პირველივე დღიდან სჯეროდათ ჩვენი უდანაშაულობის, გვედგნენ გვერდში და მხარს გვიჭერდნენ.“
რეპერების გამართლების შემდეგ, მთავარი პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, „ქებურიასა და მგალობლიშვილის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე“.
ვინ გასცა ბითის შინაარსის გამო „ბირჟა მაფიას“ რეპერების დაკავებისა და მტკიცებულებების გაყალბების უკანონო ბრძანება? იყვნენ თუ არა საქმის კურსში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სამინიტროს და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა მაღალი თანამდებობის პირები? - ეს არის კითხვები, რომელზეც საზოგადოება პასუხს ელის. გიორგი ქებურიას ადვოკატი გაგა მოსიაშვილი ამბობს:
რეპერების გამართლების შემდეგ იბადება ლოგიკური კითხვა რა მოხდა? ამ კითხვაზე პასუხი მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცეს. უდავოა, რომ აქ იკვეთება შესაძლო მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომელიც ბოლომდე უნდა იქნეს გამოძიებული“გაგა მოსიაშვილი, იურისტი
„რეპერების გამართლების შემდეგ იბადება ლოგიკური კითხვა რა მოხდა? ამ კითხვაზე პასუხი მიმდინარე გამოძიებამ უნდა გასცეს. უდავოა, რომ აქ იკვეთება შესაძლო დანაშაულის ჩადენის მძიმე ფაქტი, რომელიც ბოლომდე უნდა იქნეს გამოძიებული.“
მთავარმა პროკურატურამ „ბირჟა მაფიას“ სკანდალურ საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილება გიორგი მღებრიშვილის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის შემდეგ გამოაქვეყნა. 2017 წლის 13 ნოემბერს მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა. ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ კი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ჩაუდგება სათავეში.
ოპოზიცია ყოფილი მინისტრის ახალ თანამდებობაზე დანიშნვას ეწინააღმდეგება და ხარაგაულელი ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის, თბილისელი პაატა პავლიაშვილის გარდაცვალებისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმეებზე გიორგი მღებრიშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს.