ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დარეჯან კოხტაშვილი სახჩობელას გადაურჩა


დარეჯან კოხტაშვილი მალაზიის სასამართლოზე
დარეჯან კოხტაშვილი მალაზიის სასამართლოზე

ორი შვილის დედას, 38 წლის დარეჯან კოხტაშვილს მალაიზიაში სიკვდილით აღარ დასჯიან. სასამართლომ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და კოხტაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ვინაიდან, კოხტაშვილი კუნძულ პინანგზე საპატიმროში უკვე წელიწადი და ექვსი თვე იმყოფება, იგი ციხეში კიდე ოთხ წელსა და ექვს თვეს გაატარებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ მალაიზიის სასამართლო ანალოგიური განაჩენს გამოუტანს, კიდევ ერთ პატიმარ ქალბატონს, 28 წლის ბაბუცა გორდაძეს. ორი ქართველი მალაიზიის ქალაქ მერგატალში 2010 წლის 24 ოქტომბერს დააკავეს და ათ კილოგრამზე მეტი მძიმე ნარკოტიკი „სუაბუ“ აღმოუჩინეს.

ეს დანაშაული მალაიზიაში, სასჯელის უმაღლესს ზომას, ჩამოხჩობის გზით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. თუმცა, კოხტაშვილმა და გორდაძემ ბრალი არ აღიარეს. დარეჯან კოხტაშვილის შვილმა, მარიმ მადლობა გადაუხადა ყველას ვინც დედა სიკვდილით დასჯისგან იხსნა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე დავით საყვარელიძემ კი აღნიშნა

მარი: „ეს ორი წელია ჯოჯეხეთზე უარესია ჩვენთვის. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ კარგა ხანია ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა დედაჩემის გადარჩენაში.“

დავით საყვარელიძე: „30 მარტს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება დარეჯან კოხტაშვილთან. სიკვდილით დასჯის ნაცვლად მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამგვარი პოზიტიური შედეგის შემდეგ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში მალაიზიის პროკურატურა მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტულებას ბაბუცა გორდაძის მიმართაც.

საქართველოს სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი და მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაგვერჩინა. პირადად გახდით ჩასული ინდონეზიაში და პირადად გავიცანი ჩემი მალაიზიელი კოლეგები. ვთხოვე, რომ გამოეყენებინათ და გაეფორმებინათ სასჯელზე საპროცესო შეთანხმება. ეს არის ახალი ქართული სახელმწიფოს ძალიან დიდი მიღწევა.“

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კოხტაშვილისა და გორდაძის სასამართლო პროცესი მალაიზიაში რამდენჯერმე გადაიდო. ქალბატონების დაკავებიდან ორ კვირაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაბარდა ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი, რომელმაც ნარკოტრეფიკის დანაშაული საკუთარ თავზე აიღო და აღიარა, რომ ქალბატონები მალაიზიაში მოტყუებით გაგზავნა. დავითიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მალაიზიაში სასამართლო პროცესის სრულფასოვან გამართვას ასევე ხელს უშლიდა, ის გარემოება, რომ ეჭვმიტანილები მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებზე საუბრობდნენ და მათთან კომუნიკაცია უჭირდათ, როგორც მოსამართლეებს, ისე ადვოკატებს.

დღეს მალაიზიაში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე გაფრინდა. ხვალ, კი ქალაქ კოტა-კინაბალუში ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, ბაბუცა გორდაძის დედამ ნელი ბუბუტეიშვილმა და დავით საყვარელიძემ განაცხადეს

ნელი ბუბუტეიშვილი: „ხვალინდელ დღეს როგორც გამოგვიცხადეს, არის ბაბუცას სასამართლო და იმედია, რომ ყველაფერი დამთავრდება კარგად.“

დავით საყვარელიძე: „მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გავემგზავრო მალაიზიაში და გავაგრძელოთ მოლაპარაკება ბაბუცა გორდაძის საქმესთან დაკავშირებით.

ვაპირებ შევხდე მალაიზიელ კოლეგებს და რათა მოვილაპარაკოთ და მოვითხოვოთ მაქსიმალურად მსუბუქი პირობები საქართველოს მეორე მოქალაქის მიმართაც. ჩვენ გავაკეთებთ, ყველაფერს რომ შემდგომში ჩვენმა მოქალაქეებმა სასჯელი საქართველოში მოიხადონ.“

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მალაიზიური კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია მსოფლიოში. 1960 წლიდან აქ 441 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. 2011 წელს მალაიზიის სასამართლოებმა 108 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს, აქედან ორი მესამედი ნარკოდანაშაულზე. ბრალდებულთა ერთი მესამედი უცხოეთის მოქალაქეა.

თუმცა იყო გამონაკლისებიც. ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე, უელსელი ქალბატონს სასამართლომ პატიმრობა აკმარა. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ორი შვილის დედას, 41 წლის შივან ორტონს 225 გრამი ჰაშიში აღმოუჩინეს, თუმცა სახჩობელას გადაურჩა.

ცნობილმა უფლებადაცვითმა ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიამ“, ვერ შეძლო შარშან მალაიზიაში სიკვდილით დასჯილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. სულ 2011 წელს მსოფლიოს 20 ქვეყანაში, 676 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

„საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებით, ამ მონაცემებში არ შესულა სიკვდილით დასჯის 1000 მეტი შემთხვევა ჩინეთში, რომელიც ოფიციალურმა პეკინმა სისრულეში საიდუმლოდ მოიყვანა

სიკვდილით დასჯის სტატისტიკა

2011 წელი

ჩინეთი - 1000 მეტი

ირანი - 360

საუდის არაბეთი - 82

ერაყი - 68

აშშ - 43

იემენი - 41

ჩრდილოეთ კორეა - 30

პალესტინა - 14

სუდანი - 12

სომალი - 10

ბანგლადეში - 5

ტაივანი - 5

ავღანეთი - 2

ბელორუსია - 2

ეგვიპტე - 1

არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 1

სირია - (?)

მალაიზია - (?)

XS
SM
MD
LG