ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ქალები მალაიზიაში ისევ განაჩენს ელიან


ბაბუცა გორდაძე მალაიზიის ციხეში
ბაბუცა გორდაძე მალაიზიის ციხეში

80 დღეა საქართველოს ორი მოქალაქე, ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი, მალაიზიის სასამართლოსგან სასიკვდილო განაჩენს ელიან. მალაიზიური კანონმდებლობით, სწორედ უმაღლესი სასჯელი შეიძლება იყოს სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი იმ დანაშაულისთვის, რომელშიც ქართველი ქალბატონები არიან ეჭვმიტანილნი.

ქართველები 2010 წლის 24 ოქტომბერს მაშინ დააკავეს, როცა თურქეთი-მაროკო-კამერუნის გავლით, მალაიზიაში ჩაფრინდნენ და თან ათ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი „სუაბუ“ ჩაიტანეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალისტი ეკა იაკობიშვილი, რომელიც ლონდონში, დიდი ბრიტანეთის ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაციაში (IHRA) მუშაობს, „ამერიკის ხმასთან“ კერძოდ ამბობს:

„მალაიზიის კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს ერთადერთ სასჯელს - ეს გახლავთ სიკვდილით დასჯა. ქალბატონებს, რომლებსაც ათი კილოგრამი ამფეტამინი გადაჰქონდათ, ნამდვილად 39ბ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ელით.

მაგრამ, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი ამ ქალბატონებს შეფარდებული აქვთ თუ არა კონკრეტულად ეს სისხლის სამართლის დანაშაული. მე რამდენადაც ვიცი აგრეთვე, დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიც არის „საერთაშორისო ამნისტია“ და სხვებიც, ამ ეტაპზე, თავს იკავებენ უშუალოდ ამ საქმეში ჩართვისგან, სწორედ იმ მოტივით, რომ ეს ქალბატონები ამ ეტაპზე, სიკვდილმისჯილთა კატეგორიაში არ ხვდებიან.

თუ მათ დაუმტკიცდათ, რომ ნამდვილად ამ მუხლში გათვალისწინებულ ქმედებას ჩადიოდნენ, ერთადერთი სასჯელი რაც მათ ერგებათ სამწუხაროდ გახლავთ სიკვდილით დასჯა.“

გორდაძე და კოხტაშვილი თბილისიდან თურქეთში გასული წლის ოქტომბერში, გორდაძის მეუღლის ელდარ დავითიანის სატელეფონო ზარის შემდეგ წავიდნენ. დავითიანი მათ ჯინსების მწარმოებელ ფაბრიკაში დასაქმებას შეპირდა.

ამის შემდეგ, როგორ და ვისი დახმარებით მოხვდა ორი ქართველი მალაიზიაში და საიდან აღმოჩნდა მათ ბარგში დიდი ოდენობით ნარკოტიკი უცნობია. ქალბატონების დაკავებიდან ორ კვირაში, ელდარ დავითიანი სტამბულიდან თბილისში ჩამოფრინდა და პოლიციას ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავითიანმა დანაშაული თავის თავზე აიღო. უფრო დეტალურად მისი ჩვენება არ ხმაურდება. 2010 წლის 8 ნოემბერს დავითიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მისი აღიარება მაშინვე გადაუგზავნეს მალაიზიის პოლიციას, თუმცა აღიარებს თუ არა თბილისიდან გაგზავნილ მასალებს იურიდიულ მტკიცებულებად. მალაიზიური სასამართლო დღემდე უცნობია. ბაბუცა გორდაძის დედა, ნელი ბუბუტეიშვილი ამბობს, რომ დამნაშავე არა მისი ქალიშვილი, არამედ სიძეა:

„რა თქმა უნდა, მან წაიყვანა და მან დაღუპა ჩემი შვილი. სხვას არავის არაფერს ვაბრალებ, სიძეს ვადებ ხელს და ვადანაშაულებ ჩემი შვილის გაწირვაში! უნდა მითხრას, სად გაუშვა. ცოლი თურქეთში ოჯახში ჰყავდა გაშვებული სამუშაოდ და მერე აღმოჩნდა მალაიზიაში ჩასული, ორი ჩანთა წამლით, სურათებით და ქალი იყო წასული ჯინსების ბიზნესის მოლაპარაკებაზე.“

ზიანის შემცირების საერთაშორისო ორგანიზაცია (International Harm Reduction Association) რამდენიმე წელია მალაიზიაში ნარკოდანაშაულთან და სიკვდილის დასჯასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, სპეციალური პროექტის ფარგლებში იკვლევს.

ასოციაციის ლონდონის ოფისში ფიქრობენ, რომ ქართველი ქალბატონების საქმეს ძალიან წააგავს, გასული წლის დეკემბერში, მალაიზიაში დაკავებული 41 წლის უელსელი, ორი შვილის დედის შივან ორტონის საქმე, რომელსაც ასევე სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ორტონის ოჯახი ამტკიცებს, რომ შივანი უდანაშაულოა და მალაიზიის პოლიციის მიერ მათი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკები შივანის მალაიზიელ მეუღლეს ეკუთვნის, რომელიც ასევე დააპატიმრეს, ეკა იაკობიშვილი ამბობს:

„ამ ეტაპზე ნარკოგადაზიდვის ბრალდებით მალაიზიაში დაკავებულია კიდევ ერთი ბრიტანელი ქალბატონი, საკმაოდ ცნობილი მეცნიერის ქალიშვილი. ამ ბრიტანელი ქალბატონის საქმე ძალიან წააგავს ჩვენი ქართველი ქალბატონების საქმეს. და თუ რაიმეს გაკეთება არის შესაძლებელი, ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს იყოს სწორედ ევროკავშირის შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციების ჩართვის კუთხით. ვ

ინაიდან მალაიზიის მთავრობა, არ გახლავთ მთავრობა, რომელიც ზოგადად საერთაშორისო ვალდებულებებს პატივს სცემს, ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ ნორმებს. აქ უფრო დიპლომატიური და პოლიტიკური მოლაპარაკებები და ზეწოლა არის განსახორციელებელი მეტად.“

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველაფერს აკეთებს დაკავებულთა ადექვატური დაცვის უზრუნველსაყოფად. ამის მიუხედავად, ზოგიერთი დამკვირვებელი საუბრობს იმაზე, რომ ქართულმა მხარემ მაინც დააგვიანა მოქმედება, რის გამოც ბაბუცა გორდაძე პირველ სასამართლო სხდომაზე ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე იყო.

დღეისათვის, როგორც მალაიზიაში და ისე საქართველოში, ჩამორთმეული ნარკოტიკების ქიმიური ანალიზის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც სასამართლო საქმის არსებით განხილვაზე გადავა. მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ამბობს:

„ჩვენ ინტენსიურად ვართ კონტაქტზე მალაიზიურ მხარესთან. გვაქვს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. ყველა ზომას მივმართავთ და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს.

ყველა სიახლეზე მალაიზიური მხარე ცდილობს რომ ჩაგვაყენოს საქმის კურსში. ჯერჯერობით, ეს ადამიანები კვლავაც პატიმრობაში არიან. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა და სავარაუდოდ თებერვლის დასაწყისში დაიწყება.“

ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი ორივე ქალბატონი დაკავებამდე თბილისში, თემქაზე, მარკეტში გამყიდველებად მუშაობდნენ. ორივე მათგანი დედაა. 26 წლის ბაბუცა გორდაძეს სამი წლის ლიზი ჰყავს. 37 წლის დარეჯან კოხტაშვილს კი ორი ქალიშვილი - 19 წლის ხათუნა და 16 წლის მარიამი.

1975 წლიდან მალაიზიაში ნარკოდანაშაულისთვის 300-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქართველ ქალბატონებს ჩამოხჩობა ელით, შეწყალების უფლება მხოლოდ მალაიზიის უმაღლეს მმართველს - მეფე იანგ დი პეტრუან აგონგა მეთორმეტეს აქვს.

XS
SM
MD
LG