ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა და თქვა, რომ საქართველოს სურვილია გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. ბურჭულაძის განცხადებით, ნატოში გაწევრიანება „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების“ ერთადერთი გზაა.
იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მიესალმა ნატოს მტკიცე პოზიციას ალიანსის ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ: სტოლტენბერგი: მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებს ვხვდებით„მე ვესაუბრე ნატოს გენერალურ მდივანს და ჩემს კოლეგებს სხვადასხვა ქვეუნიდან. მათ შორის ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს. მათი პოზიცია უცვლელია და არის ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის მთლიანობაა, სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ. ნატო არის გზა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას,“- აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს. მინისტრმა მზარდი გამოწვევების ფონზე, რეგიონში ნატოს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება ასევე გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.
ბურჭულაძე ოსტინის შეხვედრა
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგასაც შეხვდა. ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
„საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის იყო, რომლებსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს აშშ-ის მთავრობის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძლიერი მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის გამოხატვისთვის, მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებსაც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, რომელსაც აშშ-ის მდივნის საქართველოში ვიზიტისას მოეწერა ხელი,“- წერია განცხადებაში.