Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ეროვნული ბანკი ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებას მართლაც მიაწოდა თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილს ინფორმაცია, რომ ორ უმსხვილეს ქართულ ბანკს - TBC - სა და ლიბერთის კრემლთან დაახლოებული რუსული ბანკები ყიდულობენ.
პრეზიდენტმა ამის შესახებ გუშინ თითქმის სამსაათიანი პრესკონფერენციის დროს განაცხადა და ინფორმაციის წყაროდ ეროვნული ბანკი დაასახელა.
გუშინვე მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ ივანიშვილის „ქართუ ბანკს“ რუსული ბანკი უწოდა, რუსეთის ბანკების საქართველოში შემოსვლას კი - საგანგაშო:
„რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - Сбербанк-მა . ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი Алфа Банк, მჭიდროდ დაკავშირებული კრემლთან, ყიდულობს TBC ბანკს.
"ქართუ" ისედაც რუსული ბანკია. შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო Газпромбанк , რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა.
მინდა გვესმოდეს ეს რა არის. ჩვენი, ქართველების ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში.“
დღეს ბაქოში გამგზავრებამდე კი მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ დეზინფორმაცია გაავრცელა
„რაღაც ინფორმაციები რაც მე წინასწარ მქონდა, საბედნიეროდ არ დადასტურდა. ვწუხვარ თუ რაიმე არასწორად ვთქვი. თუ არასწორად დავასახელე ბანკები ეს ჩემდა უნებურად მომივიდა.“
როგორც TBC ბანკმა, ისე ლიბერთი ბანკმაც პრეზიდენტის გავრცელებული ინფორმაცია პრესკონფერენციის მიმდინარეობის დროსვე კატეგორიულად უარყვეს.
ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ლადო გურგენიძემ აღნიშნა, რომ რუსულ „სბერბანკთან“ არანაირი მოლაპარაკება ბანკის გაყიდვის თაობაზე არ ჰქონიათ.
2009 წელს ლიბერთი ბანკი საკმაოდ საეჭვო ვითარებაში აღმოჩნდა გურგენიძისა და რუმინელი მილიარდერის დინუ პატრიციუს ხელში. ყოფილი აქციონერები ბანკის დასაბრუნებლად დღემდე იბრძვიან.
პრეზიდენტის გავრეცელებული ინფორმაცია უარყო TBC ბანკმაც. გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ TBC განვითარებას აგრძელებს. ამ ბანკმა 2011 წელს, მიკროსასფინანსო სეგმენტის ლიდერი ბანკი „კონსტანტა“ შეიძინა:
„TBC ბანკს არც „ალფა ბანკთან“ და არც სხვა რუსულ ბანკთან არ უწარმოებია მოლაპარაკება წილის გაყიდვის შესახებ და არც მომავალში ვგეგმავთ ამას.“
დღეისათვის, საქართველოში 19 კომერციული ბანკი მუშაობს. მათ შორის 17 ბანკი, არარეზიდენტი ბანკების ფილიალების ჩათვლით, უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. უცხოური კაპიტალის წილი ქართული ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში, 1 თებერვლის მონაცემებით, 77 პროცენტს აღემატება.
ბოლო დრომდე საბანკო სექტორში ყველაზე აქტიური მოთამაშე ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) იყო, რომელმაც რამდენიმე ბანკის, მათ შორის - უმსხვილესი „საქართველოს ბანკის“ აქტივები შეიძინა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად.
უცხოური კაპიტალი ქართულ საბანკო სექტორში საკმაოდ ჭრელია. უდიდესი ფრანგული ფინანსური კონგლომერატის „სოსიეტე ჟენერალის“ ჯგუფში შედის ბანკი „რესპუბლიკა“. სწორედ ამ ბანკმა იყიდა 2011 წლის ბოლოს, საქართველოდან წასული ბრიტანული გიგანტის HSBC ბანკის საქართველოს ფილიალის საცალო პორტფელი.
გერმანული სახელმწიფო ბანკის მონაწილეობით დაფუძნდა 1999 წელს „პროკრედიტ ბანკი“, რომლის აქციონერიც 2001 წლიდან გერმანული „კომერცბანკია“. 2003 წლიდან ლიხტენშტეინისა და ბრიტანეთის კაპიტალით მუშაობს „ინვესტბანკი.“
ყაზახური ბანკი „ტურანალემი“ საქართველოში 2005 წლიდან „ბითიეი ბანკით“ არის წარმოდგენილი. 2008 წლიდან თბილისში ასევე მუშაობს ყაზახური „სახალხო ბანკის“ შვილობილი „ხალიკ ბანკი“. 2007 წლიდან კი უკრაინულმა „პრივატ ბანკმა“ „ტაო ბანკი“ შეიძინა და ის „ტაოპრივატბანკად“ აქცია.
2008 წელს გარდაცვლილი ბადრი პატარაკაციშვილისთვის „სტანდარტ ბანკის“ ჩამორთმევის შემდეგ, ეს ბანკი არაბეთის გაერთიანებული საემიროების განათლების მინისტრმა შეიხმა ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანმა და მისმა პარტნიორებმა შეიძინეს. საქართველოში ასევე ოპერირებს თურქეთის სოფლის მეურნეობის ბანკი „ზირაათ ბანკი“ და „იშ ბანკის“ ფილიალი ბათუმში.
ახლახანს, „ბაზისბანკის“ 90 პროცენტიანი წილი 100 მილიონ დოლარად ჩინური „სინცზიან ჰუალინგის საინვესტიციო-სავაჭრო ჯგუფის" ხელში გადავიდა.
თებერვალში თბილისში პირველი ფილიალი გახსნა აზერბაიჯანულმა „პაშა ბანკმა“. ეს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკ-საქართველოსა“ და „კავკასიის განვითარების ბანკის“ თბილისის ფილიალის შემდეგ, მესამე მსხვილი აზერბაიჯანული ბანკია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა.
რაც შეეხება „ქართუსა“ და „პროგრეს ბანკს“ ისინი პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის საკუთრებას წარმოადგენენ.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე რუსული კაპიტალის შესაძლო შემოდინებაში საფრთხეს ხედავს იმ შემთხვევაში თუ ეს სახელმწიფო კაპიტალი იქნება:
„ყოველთვის არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსული სახელმწიფო კაპიტალის, ხაზვს ვუსვამ, სახელმწიფო კაპიტალის მფლობელობაში მყოფი სტრატეგიული ობიექტები, შესაძლოა, გამოყებული იქნას გარკვეული პოლიტიკური მანიპულაციებისთვის.“
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალდებას ასე უპასუხა:
„არ ვიცი, რაზე საუბრობდა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე რაც მახსენდება არის ის, რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული ინფრასტუქტურა, ეს იქნებოდა ენერგეტიკის სფროში, იგივე ოქროსა და სპილენძის საბადოები, იგივე ენგურჰესი, რუსეთზე სწორედ მისი და მისი პარტიის მმართველობის დროს გასხვისდა.“
დღეისათვის, ქართულ ბაზარზე რუსული კაპიტალის მონაწილეობით ერთადერთი ბანკია - „ვითიბი ბანკი ჯორჯია“. ყოფილი „გაერთიანებული ქართული ბანკი“ რუსულმა Внешторгбанк-მა 2005 წელს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ შეიძინა.
საკონტროლო პაკეტის ყიდვა უმაღლეს დონეზე შეთანხმდა. „ვნეშტორგბანკის“ პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი მაშინ თბილისში ჩამოფრინდა და პრეზიდენტ სააკაშვილს პირისპირ შეხვდა. „ვნეშტორგბანკი“ (2006 წლიდან „ვითიბი ბანკი“ -ზ.წ ) რუსეთის სიდიდით მეორე ბანკია და მისი აქციების 75 პროცენტს რუსეთის სახელმწიფო ფლობს.
მაშინ მოლაპარაკებაში აქტიურად მონაწილეობდა პეტერბურგში მცხოვრები ქართული ფესვების მქონე მილიონერი, კრიმინალური წარსულის მქონე ფსიქიატრი შოთა ბოთერაშვილი, რომელზეც მოგვიანებით რუსეთშიც და საქართველოშიც ძებნა გამოცხადდა.
P.S დღის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ, „არ ფლობს ინფორმაციას გუშინ ტელევიზიით დასახელებულ კომერციულ ბანკებს შორის წილის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით.“