ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ბორჯომი“ ქართული ბრენდი აღარ არის


პატარკაციშვილების ოჯახის ერთ-ერთი მსხვილი აქტივი მიხეილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფის“ საკუთრება გახდა
პატარკაციშვილების ოჯახის ერთ-ერთი მსხვილი აქტივი მიხეილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფის“ საკუთრება გახდა

2008 წელს გარდაცვლილი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს, რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მათ საკუთრებაში არსებული კომპანია IDS Borjomi 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა „ალფა ჯგუფმა“ იყიდა.
პატარკაციშვილები IDS Borjomi -ში მხოლოდ მინორიტარულ, ე.წ მცირე აქციონერებად დარჩნენ.

IDS Borjomi დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების მინერალური წყლების ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეა. ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხნის გარდა, კომპანია ფლობს მირგოროდისა და მორშინსკის მინერალური წყლის ქარხნებს უკრაინაში. მასვე ეკუთნის რუსეთში დღეს ყველაზე პოპულარული მინერალური წყალი „სვიტოი ისტოჩნიკი“.

მიუხედავად იმისა, რომ IDS Borjomi-ის ყველაზე პოპულარული ქართული ბრენდებისთვის „ბორჯომისა“ და „ლიკანისთვის“ რუსეთის ბაზარი 2006 წლიდან ჩაკეტილია, კომპანიის შესაძენად რამდენიმე მსხვილი რუსული ფინანსური ჯგუფი იბრძოდა, მათ შორის, ყალმუხეთის ყოფილი პრეზიდენტის კირსან ილუმჟინოვის კომპანია.

საბოლოოდ, რუსული პრესის ცნობით, IDS Borjomi მიხეილ ფრიდმანის საკუთრება გახდა, რომლის ქონებაც 13 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. უკრაინელი ანალიტიკოსი მაქსიმ ავქსენტევი ამბობს:

„ჩვენი მონაცემებით, მიხაილ ფრიდმანის ალფა ბანკი ბოლო დრომდე არ ფიგურირებდა „ბორჯომის“ შესაძლო მყიდველებს შორის. თუმცა, ამავე დროს, ეს არ იყო ჩვენთვის მოულოდნელობა. ამ გაყიდვას წინ უსწრებდა დრამატული მოვლენები, IDS Borjomi-ზე პირდაპირი შეტევა.

მე ვფიქრობ, რომ ამ მეტად მიმზიდველი ბაზრის ნაწილის გაყიდვა, პოლიტიკის ჩარევის გარეშე არ მომხდარა. შესაძლოა საქმე გვქონდეს უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლების შეთანხმებულ მოქმედებასთან, ძალიან მაღალ დონეზე.“

IDS Borjomi-ის შესაძლო გაყიდვაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ შარშან აგვისტოში გავრცელდა. დასახელებული იქნა ფასიც 500 მილიონი დოლარი. გარდა IDS Borjomi-ისა პატარკაციშვილების ოჯახი ასევე ყიდდა - ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებულ დიდ აქტივებს: რძის კომპანია Imlek-ს, საკონდიტრო ქსელს - Bambi-სა და სასმელის მწარმოებელ კომპანია Knjaz Miloc-ს.

ინფორმაციის გაჟონვამ ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ IDS Borjomi-ს შეუქმნა. უკვე სექტემბერში, რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე კომპანიის ოფისებსა და და ქარხნებში მილიცია და საგადასახადო სამსახური შევიდა.

რუსეთში IDS Borjomi დაადანაშაულეს, რომ დევნილმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ კომპანიაში რუსეთის ბიუჯეტიდან მითვისებული 320 მილიონი დოლარი დააბანდა; უკრაინაში კი IDS Borjomi-ს გადასახადების დამალვაში დასდეს ბრალი.

პატრაკაციშვილის ქალიშვილი ლიანა ჟმოტოვა ამ ბრალდებებს რუსული გაზეთის „კომერსანტის“ ფურცლებზე გამოეხმაურა:

„სავარაუდოდ მიმდინარეობს რეიდერული თავდასხმა
კომპანიის ხელში ჩაგდების მიზნით. ჩვენ ორივე ქვეყანაში უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ და არასოდეს ასეთი პრობლემები სახელმწიფო სტრუქტურებთან არ შეგვქმნია. ეხლა კი როცა მეპატრონის შეცვლა დაიგეგმა, ეს პრობლემები უეცრად გაჩნდა.

ცხადია, რომ ეს ამბები არანაირად არ უკავშირდება ბორის ბერეზოვსკის, რომელსაც IDS Borjomi-ში არანაირი აქტივი არ აქვს. შესაძლოა ვინმე ფიქრობს, რომ ასე ჩვენ შეგვაცვლევინეს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვსურს რომ IDS Borjomi-ში მხოლოდ მინორიტარული პაკეტი დაგვრჩეს“.

გაყიდვის მომენტში, IDS Borjomi-ის ყველა აქტივი რუსეთსა და უკრაინაში სასამართლოს მიერ დაპატიმრებული იყო. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ IDS Borjomi, რომელიც რეალურად 700-800 მილიონი დოლარი ღირს და ყოველწლიურად 250 მილიონ სუფთა მოგებას ტოვებს, საკმაოდ დაბალ ფასად გაიყიდა.

ექსპერტთა აზრით, მყიდველმა რუსულმა „ალფა ჯგუფმა“ უაღრესად ხელსაყრელი დრო შეარჩია - ოფიციალურმა მოსკოვმა დეკემბრის ბოლოს ქართულ მინერალურ წყლებზე 2006 წელს დაწესებული ემბარგოს გაუქმების პირობა დადო.

ქართულ „ბორჯომსა“ და „ლიკანს“ რუსულ ბაზარზე დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეთ, მით უმეტეს რომ „ალფა ჯგუფს“ რუსეთში საკუთარი მაღაზიების, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ერთ-ერთი უდიდისი ქსელი აქვს, რომელიც შარშან მილიარდ ნახევარმა ადამიანმა მოინახურა.

ყველაზე სახელგანთქმული ქართული ბრენდის - „ბორჯომის“ ისტორია 1825 წელს დაიწყო, როცა ის რუსეთის იმპერიის ჯარისკაცებმა შემთხვევით აღმოაჩინეს. „ბორჯომმა“ მალევე მთელს იმპერიაში გაითქვა სახელი. ქალაქი ბალნეოლოგიურ კურორტად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად გადაიქცა.

1890 წელს „ბორჯომის“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო, ასი წლის შემდეგ კი „ბორჯომი“ საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარული მინერალური წყალი იყო, მისმა რეალიზაციამ 450 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.

დამოუკიდებლობამ „ბორჯომს“ კრიზისი და პრივატიზება მოუტანა. 1995 წელს ეს აქტივი „თი-ბი-სი“ ბანკის მფლობელს მამუკა ხაზარაძეს გადაეცა. უფრო მოგვიანებით კი „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის საინვესტიციო კომპანია „სელფორდის“ ხელში აღმოჩნდა. 2006 წელს „ბორჯომის“ გასაღების ყველაზე დიდი ბაზარი რუსეთი ჩაიკეტა.

პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წელს, ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის ‘სელფორდის“ აქტივებზე, სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში მორიგებით დასრულდა.

ბერეზოვსკიმ სადაო აქტივები, მათ შორის, IDS Borjomi ოფიციალურად, პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს კი კომპანია რუსული „ალფა ჯგუფის“ საკუთრება გახდა. ასეთ ფონზე, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, „ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე ბრუნდება.

XS
SM
MD
LG