ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბანკო საიდუმლოება - საიდუმლოება აღარ იქნება


სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას „დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში“, ნებისმიერი პირის საბანკო ანგარიშის მონიტორინგის განხორციელების საშუალება ეძლევა, ისე, რომ მოქალაქეს ამის შესახებ არაფერი ეცოდინება.

მმართველი პარტია კანონმდებლობაში ამ უპრეცედენტო ცვლილებებს, შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებით ხსნის. ამ მიზნით კოდექსს ემატება 124 პრიმა მუხლი, რომელიც პროკურატურას უფლებას აძლევს, სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში, დაავალდებულოს ბანკი, გამოძიებისთვის საინტერესო პირის ნებისმიერი საბანკო ინფორმაცია გასცეს.

ამასთან, კანონპროექტში, საერთოდ არ არის გაწერილი თუ რა ვადით შეუძლია პროკურატურას საბანკო ანგარიშის საიდუმლო მონიტორინგი. განმარტებაში, წერია, რომ გამოძიებას მანამდე შეუძლია აკონტროლოს კერძო პირების საბანკო ანგარიშები, სანამ დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს არ მოიპოვებს. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს:

„უწერიათ, რომ საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის აუცილებელ ვადას. ანუ, თუ თქვენს ანგარიშზე მონიტორინგს დააწესებენ, თუ ჩათვლიან, რომ თქვენ ამ ანგარიშს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის იყენებთ, მათ უფლება აქვთ დაელოდონ ამ დანაშაულებრივ მოვლენას და მტკიცებულება მოიპოვონ და დაამაგრონ შესაბამისი წესით.

ეს შეიძლება გაგრძელდეს 5 წელი, შეიძლება გაგრძელდეს 10 წელი, შეიძლება 50 წელი გაგრძელდეს. ანუ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ეყოლებათ თქვენი საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც შეიძლება თქვენ არც ახორციელებდეთ არავითარ დანაშაულს, მაგრამ მათ აქვთ თურმე დასაბუთებული ვარაუდი, რომ შეიძლება განახორციელოთ დანაშაული მომავალში, 6 დღის შემდეგ, 3 დღის შემდეგ, ან 6 წლის შემდეგ და ამისთვის გამოიყენეთ საბანკო ანგარიში.

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ თითქმის ყველა სისხლის სამართლის საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, ვერავინ ვერ გაიგებს რომელ საქმეზე, რომელი ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის წინააღმდეგ არის გამოყენებული ეს ნორმა, ვისი ანგარიშები კონტროლდება, რატომ კონტროლდება და როგორ შეიძლება ივანე მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილის ხელში გამოყენებული იყოს თქვენმა მსმენელმა დაასკვნას.“

დღემდე, შავი ფულის წინააღმდეგ ბრძოლას „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის“ შესახებ კანონი არეგულირებს, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, 2003 წლის ივნისში მიიღეს.

კანონის მიხედვით, თუ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე, ბრუნვა 30 000 ლარს აღემატება კომერციული ბანკი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს, ხოლო თუ ბრუნვა 3 000 ლარს აღემატება, მაშინ ბანკის კლიენტის იდენტიფიცირება და მისი კონტროლზე აყვანა ხდება.

ბანკი ასევე ავტომატურად გადასცემს მონიტორინგის სამსახურს ინფორმაციას, თუ ბანკის კლიენტის მიმართ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ იგი კანონს არღვევს.

ახალი რეგულაციით კი პროკურატურას ნებისმიერი კომერციული ბანკის ნებისმიერი კლიენტის საბანკო ანგარიშების კონტროლის საშუალება ეძლევა. უფლებადაცვითი ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს:

„ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის მეორე პუნქტით გარანტირებული უფლება, რომელიც ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალობას გულისხმობს. ანუ, ისევე, როგორც სხვა პირადი ინფორმაცია, ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციაც უნდა იყოს კონფიდენციალური და დაცული.

მისი ხელყოფა და ამ უფლების დარღვევა უნდა ხდებოდეს კონკრეტული მიზნისთვის, მკაცრად დადგენილი პროცედურის ფარგლებში.

მიზანი, რის გამოც ხდება ამ ფუნდამენტური უფლების დარღვევა და თვითონ უფლების დარღვევის ფაქტიც პროპორციული უნდა იყოს, ეს პროპორცია არ უნდა დაირღვეს. ჩვენ ვთლით, რომ წარმოდგენლი რედაქციით საფრთხე იმისა, რომ ეს უფლება შეიძლება მომავალში დაირღვეს არსებობს.“

საკანონმდებლო ცვლილების ავტორები ამტკიცებენ, რომ კანონპროექტის დამუშავება საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს მანდატით მოქმედი MONEYVAL-ის რეკომენდაციებით შემუშავდა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე კახა ანჯაფარიძე ამბობს, რომ პროკურატურის „დასაბუთებული ვარაუდი“ სასამართლო კონტროლს აუცილებლად გაივლის.

ამ მოსაზრების საპირისპიროდ, ოპონენტებს მოჰყავთ სტატისტიკა, რომ ბოლო წლებში სასამართლოს სამართალდამცავებისთვის ერთხელაც კი არ უთვამს ოპერატიულ სამძებრო-ღონისძიების ჩატარებაზე უარი.

ჯერ კიდევ, 2010 წლის მარტში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის“ შესახებ კანონში შესული ცვლილებით უცხოეთში მცხოვრები პოლიტიკურად აქტიური პირების ქართულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები განსაკუთრებულ კონტროლს დაექვედებარა.

მაშინ, უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე ირწმუნებოდა, რომ ცვლილება საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდებოდა:

„როდესაც უცხოეთის მოქალაქე გახსნის საქართველოში საბანკო ანგარიშს და მისი შემოსავალი არის 5 000 ლარი და უცებ გაჩნდება მის ანგარიშზე 500 000 ლარი, ბანკმა უნდა იკითხოს საიდან?! ამაზეა მხოლოდ საუბარი, საქართველოს მოქალაქეებს ეს არ ეხებათ.“ (05.02.2010)

რაში დასჭირდა მმართველ პარტიას საქართველოში ყველა საბანკო ანგარიშის გაკონტროლება? ექსპერტები ფიქრობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ნოუ ჰაუ“ ცალსახად მოახლოებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანმა ცვლილებებმა პარლამენტში სამი მოსმენა უკვე გაიარა, „ახალი რეგულაციის“ საბოლოო დამტკიცება გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა კენჭისყრა პარასკევისთვის გადაიდო.

XS
SM
MD
LG