ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ინფლაციამ 12%-ს გადააჭარბა


საქართველოს მთავრობაში ჯერჯერობით, ვერ იძლევიან ზუსტ პასუხს თუ როდის შეძლებენ მზარდი ინფლაციური პროცესების შეჩერებას, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის, კიდევ უფრო გაღატაკებას იწვევს.

ინფლაციის ზრდა გასული წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო და 2011 წლის დასაწყისში, ბოლო შვიდი წლის მანძილზე, სარეკორდო მაჩვენებელს - 12,3 პროცენტს მიაღწია.

2010 წლის დეკემბერთან შედარებით, 2011 წლის იანვარში ფასებმა კიდევ 2,1 პროცენტით მოიმატა. იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად გაშალა ფრთები ინფლაციამ, საკმარისია 2010 წლის იანვრის მაჩვენებლის მოხმობა - შარშან, ამ დროს ინფლაცია მხოლოდ, 2,7 პროცენტის ნიშნულზე იყო.

ეროვნული ბანკი არ უარყოფს, რომ საბიუჯეტო დეფიციტის აღმოსაფხვრელად ფულის დამატებითი მასის გაშვება მოუხდა, თუმცა ინფლაციის ზრდის ძირითად მიზეზად მაინც გარე ფაქტორებს მიიჩნევს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი კერძოდ ამბობს:

„აუცილებელია ინფლაციას შევხედოთ უფრო გრძელვადიან ჭრილში და არა მხოლოდ იმას, თუ რა მოხდა 2010 წლის დეკემბერში. ბოლო ორი-სამი წლის პერიოდში, საქართველოში ფასების ზრდა იყო უფრო ნაკლები, ვიდრე რეგიონის უმეტეს ქვეყნებში. ანუ, ამას ჩვენ ხელარებით შიდა პროცესებს ვერ დავაბრალებთ.

იმის გასარკვევად, ეს გამოიწვია ფულის მასის ზრდამ თუ გარეშე ფაქტორებმა ამისათვის არის ძალიან ბევრი მაჩვენებელი. ყველა ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ შიდა პროცესებით გამოწვეული ინფლაცია იყო ძალიან დაბალი.

რა თქმა უნდა, ახალი მონეტარული პოლიტიკა არის გამკაცრებული და თუ ამის საჭიროება იქნება ჩვენ მზად ვართ კიდევ გავამკაცროთ ის. იმიტომ, რომ პირველ რიგში, არ დავუშვათ მომავალი ინფლაცია.

თუმცა, ძალიან ბევრი გაურკვევლობაა დაკავშირებული ინფლაციის ზრდის პროგნოზებთან. დღევანდელი მონაცემებით, ძალიან დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამოდენიმე თვეში ინფლაცია დაიწყებს შემცირებას.“

ძირითადი სასაქონლო ჯგუფებიდან, გასული წლის იანვართან შედარებით, ყველაზე უფრო გაძვირდა ბოსტნეული - თითქმის 60 პროცენტით; 40 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხილსა და ყურძენზე; 36 პროცენტით გაძვირდა ზეთი და ცხიმი; 20 პროცენტით - პურპროდუქტები და ხორცპროდუქტები; 17 პროცენტით - შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი: 21 პროცენტით მოიმატა ფასმა დიზელზე და 14 პროცენტით გაძვირდა ბენზინი.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 25 პროცენტით გაძვირდა; ალკოჰოლი და თამბაქო - 10 პროცენტით, ხოლო სასტუმროები, კაფეები, რესტორნები და ტრანსპორტი შვიდი პროცენტით.

ექსპერტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი სურსათზე ფასების მატებისა, გარე ფაქტორების გარდა, არის ისიც, რომ მთავრობამ სოფლის მეურნეობის სექტორში ეფექტური პოლიტიკის გატარება ვერ შეძლო. ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით ონოფრიშვილი ამბობს:

„იგივე ხორბალზე ფასების ზრდა. სულ ცოტა 5-6 წლის წინ, საქართველო მისთვის საკმარისი ხორბლის სულ ცოტა 30-40 პროცენტს თავად აწარმოებდა. დღეს, ქართული ხორბლის წილი ბაზარზე მხოლოდ 5 პროცენტია.

სოფლის მეურნეობაში არგატარებულმა პოლიტიკამ, რომელიც საერთოდ გვერდზე იყო გადადებული, დღეს გარკვეულწილად გავლენა იქონია იმაზე, რომ ჩვენი საკუთარი პროდუქცია, რაც ტრადიციულად ქართული პროდუქცია იყო მკვეთრად შემცირდა, და მისი ადგილი დაიკავა იმპორტირებულმა პროდუქციამ.

დღეს, პირდაპირ დამოკიდებულნი ვართ მსოფლიო ბაზარის იმპორტულ პროდუქციაზე, სადაც ფასები მკვეთრად გაიზარდა. ჩვენ, რომ გვქონოდა უფრო ეფექტური მიდგომა სექტორის მიმართ, ფასების ზრდა ასეთი ძლიერი არ იქნებოდა.“

ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დიდი პრობლემა დეფიციტური ბიუჯეტია. ბოლო სამი წელია საქართველოს სწორედ დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში უწევს ცხოვრება.

2009 წელს ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 10 პროცენტი იყო, 2010 წელს თითქმის შვიდი პროცენტი, 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი 4,3 პროცენტით არის განსაზღვრული.

დეფიციტის აღმოსაფხვრელად მთავრობა სამ ძირითადად საშულებას იყენებს - დამატებითი ფულის მასის გაშვებას, საგარეო ვალის აღებასა და გადასახადების გაზრდას. დამატებითი ფულის მასამ ორნიშმა ინფლაცია მოგვიტანა, საგარეო ვალმა 7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მზარდი გადასახადები ადგილობრივ ბიზნესს უდიდეს პრობლემებს უქმნის.

ჯამში, სამივე ფაქტორი ერთად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს კატასტროფულად ამცირებს. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ღარიბი ქვეყნის მთავრობა გაცილებით ძუნწი უნდა იყოს:

„ზოგადად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგები გამოჩნდება პირველივე კვირაში, თუმცა ეს შედეგები, შეიძლება არ აისახოს იმაზე, რომ შემცირდეს ინფლაცია, არამედ შეიძლება ეკონომიკაზეც აისახოს. როგორც დადებითად, ისე უარყოფითად.

ამ ღონისძიებას, თუ არ მოჰყვება სხვა ღონისძიებები მთავრობის მხრიდან, რომელიც ასევე მიმართული იქნება ფისკალური სისტემის დისციპლინირებისაკენ, მაგალითად, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებისკენ.

ზოგადად, რომ ავიღოთ, საქართველოს მთავრობა, დღესდღეობით ითვლება, რომ ღარიბი ქვეყნის კვალობაზე ბევრ ფულს ხარჯავს. ამიტომ ჯობია, რომ ნაბიჯები გადაიდგეს იქეთკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფული ხარჯოს მთავრობამ და მეტი ფული დაუტოვოს ბიზნესს განვითარებისთვის.

სწორედ აქედან უნდა ველოდოთ ჩვენ სწრაფ განვითარებას და არა, რაღაც ხელოვნური გზებით, რომლითაც ვცდილობდით, 2010 წელს ეკონომიკური ზრდის მიღწევას.“

მთავრობის ანტიინფლაციური პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კომერციულ ბანკებზე დაწესებული შეზღუდვა გახდა. ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებს 20 იანვრიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო ნორმა 10 პროცენტით განუსაზღვრა. 17 თებერვლიდან ნორმა უკვე - 15 პროცენტი იქნება.

ეს მოთხოვა იმას ნიშნავს, რომ კომერციული ბანკები იძულებულნი არიან საკრედიტო აქტივობა - კრედიტების გაცემა მკვეთრად შეზღუდონ. მთავრობის გათვლებით, ამ ნაბიჯმა ფულის მასის ზრდის შეკავება და ინფლაციის შემცირება უნდა გამოიწვიოს.

ექსპერტთა მხრიდან, ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი არაერთგვაროვანი შეფასებების საფუძველი გახდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებიდანაც გამომდინარე, ყველა ერთმნიშვნელოვნად თანხმდება იმაზე, რომ ინფლაციამ საქართველოში სერიოზული მასშტაბები მიიღო.

XS
SM
MD
LG