29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის დარბაზში პრეზიდენტად საარჩევნო კოლეგიის მიერ დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგა. მან ფიცი ბიბლიაზე და კონსტიტუციაზე დადო.
ინაუგურაციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი იყვნენ პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის კანონმდებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე უცხოელი დიპლომატები მიწვეულნი არ ყოფილან. საზეიმო ცერემონიის დროს შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. თავად ყაველაშვილი საინაუგურაციო ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები ყაველაშვილს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. მათ აზრს პროევროპული დემონსტრაციების ათასობით მონაწილეც იზიარებს.
29 დეკემბერსვე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ შეეხმიანა შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონი. მანამდე, ორი დღის წინ, მან სალომე ზურაბიშვილი ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე მიიწვია, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
დღეს, სოციალურ ქსელ X-ზე კონგრესმენმა დაწერა, რომ ამერიკა საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით რჩება, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. უილსონის თქმით, "სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს".