ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერიკ ფურნიე: „უცხოელი ინვესტორები სკეპტიკურად არიან განწყობილნი“


საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე
საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება. თუ შარშან, პირველ კვარტალში, ქვეყნის ეკონომიკაში 130 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, წელს, ანალოგიურმა მაჩვენებელმა, 54 მილიონით იკლო და თითქმის 76 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ამ მონაცემებით ირკვევა, რომ უცხოურმა ინვესტიციებმა მთელი ორმოცი პროცენტით მოიკლო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნოდარ ხადურმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გამოყო რამდენი ფაქტორი, რამაც კერძო უცხოური კაპიტალის შემოსვლა შეამცირა

„პირველი - სამწუხაროდ, ისევ გვიწევს კონსტანტირება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, რუსული ჯარი დგას. და, თანაც საომარი რიტორიკა, ჯერ არ არის, დამთავრებული. ამიტომ, ფაქტია, რომ ინვესტორები ცრდილობენ თავი შეიკავონ საქართველოში ინვესტირებისგან.

მეორე პრობლემა ის არის, რომ ზოგადად მსოფლიოში, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული გლობალური ფინანსური კრიზისი. ამიტომ, ცხადია, რომ საინვესტიციო რესურსის ნაკლებობაა.

გარდა, ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ხელისუფლების სიტყვა, ხშირად განსხვავდება საქმისაგან. მარტივ მაგალითს მოვიყვან - შარშან, 6 ოქტომბერს პრეზიდენტმა ბრძანა, რომ საქართველოში გადასახადები აღარ გაიზრდებოდა. გადასახადების ზრდა დაიწყო უკვე შარშან დეკემბრიდან, წელს, აგვისტოშიც მოიმატა გადასახადებმა და ახალი საგადასახადო კოდექსის ვარიანტით, ასევე გათვალისწინებულია გადასახადების მატება.

ანუ, ინვესტორებისათვის, ხელისუფლება და საქართველო, აღარ არის საიმედო პარტნიორი. და, კიდევ, ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ეს არის საგარეო ვალის ზრდა. ანუ, ინვესტორმა იცის, რომ თუ დღეს საქართველოში გადასახადები ნაკლებია და ამ გარღვევას ხელისუფლება ვალით ფარავს, რამდენიმე წლის შემდეგ, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს გადასახადების გაზრდა, იმისათვის, რათა ვალი გადაიხადოს.“

ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

2004 წელს - 499 მილიონი დოლარი, 2005 წელს - 449 მილიონი, 2006 წელს - მილიარდ 190 მილიონი; პირდაპირი ინვესტიციების პიკი იყო 2007 წელი - ეკონომიკაში შემოვიდა 2 მილიარდ 14 მილიონი.

რუსეთთან ომის შემდეგ, ციფრები უკვე იკლებს - 2008 წელს მილიარდ 564 მილიონი, ხოლო შარშან, 2009 წელს - მხოლოდ 759 მილიონი დოლარი.

ეკონომიკის მინისტრი ვორონიკა ქობალია ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა მაინც იზრდება და ქვეყანას რეგიონში ლიდერობის პრეტენზიაც აქვს.

„2010 წლის პირველ ნაწილში ჩვენი ეკონომიკის ზრდა არის 4,5 პროცენტი. 2009 წელს იყო ეკონომიკის ვარდნა 3,5 პროცენტით. მთელ რეგიონს თუ შევხედავთ, იგივე უკრაინაში, სომხეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იყო 15-20 პროცენტიანია ვარდნა ეკონომიკაში.

იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში ეკონომიკა ბევრად უფრო ძლიერია და იზრდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ეს ხდება რამდენიმე ფაქტორის გამო, ერთ-ერთი არის ის რეფორმები, რომელიც გატარდა საქართველოში.

მაგალითად, ის, რომ ჩვენთან არ არის კორუფცია. საქართველოში შემოსული ინვესტორი, პირველ რიგში, ხედავს რომ არ არის კორუფცია. ამიტომ, საქართველოს შეუძლია გახდეს ამ რეგიონის ცენტრი.“

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ამჟამად მეზობელი თურქეთია - 20 მილიონი დოლარის ინვესტიციით, მას მცირედით ჩამორჩება ჩეხეთი - 19 მილიონ 800 ათასი დოლარი, ეგვიპტე - 18 მილიონით და იაპონია 15 მილიონით. რუსეთიდან 5 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა.

ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთიდან ინვესტიცია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით მილიონ 245 ათასი მილიონით შემცირდა. თავად საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე, ამას საქართველოს საგადასახადო სამსახურების მუშაობას უკავშირებს. ფურნიე, თავის ყოველთვიურ მიმართვაში, რომელიც საფრანგეთის საელჩოს ვებ-გვერდზე გაქვეყნდა კერძოდ ამბობს.

"მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს კოზირად რჩება, ამ სექტორში გრძელვადიანი შედეგების დანახვა რთულია და უცხოელი ინვესტორები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, ვინაიდან არ ესმით საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების მათდამი მოკირკიტე დამოკიდებულება უცხოური ინვესტიციების მოცულობაში წლის დასაწყისიდან კლების ტენდენცია შეინიშნება."

ეკონომიკის დოქტორის ნოდარ ხადურის პროგნოზით, მომავალ წლებში, საქართველოში უცხოურმა ინვესტიციებმა შეიძლება შედარებით მოიმატოს, თუმცა მხოლოდ იმ ქართულ ქონებაში, რომელიც უკვე არსებობს.

„მომავალ წლებში, ალბათ, ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება საქართველოში. მაგრამ, ვეჭვობ, ეს იყოს, ისეთი მატება, როგორიც იყო, თუნდაც 2006-07 წლებში. ამ წლებში, საქართველოში ინვესტიციები ამერიკულ დოლარში გაორმაგდა. ამ დონეზე, ჯერჯერობით ვერ ავალთ.

მით უმეტეს, რომ ახლა ხელისუფლებას წამოწყებული აქვს სერიოზული პოლიტიკური თამაში - კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ვიდრე, ეს საკითხი არ დასრულდება და გარკვეული ჰორიზონტი პოლიტიკური სტაბილურობის ქვეყანაში არ გამოჩნდება რთული იქნება სერიოზულ, ცივილურ და მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებზე საუბარი. ინვესტიციები საქართველოში, შეიძლება იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ქონებაში. ანუ, იმაში, რაც უკვე არსებობს.“

2010 წლის პირველ კვარტალში, უცხოური ინვესტიციები შემცირდა მეზობელ სომხეთშიც, თუმცა, მხოლოდ 13 პროცენტით და 162 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. კიდევ ერთი მეზობლის - აზერბაიჯანის ბიუჯეტი უკვე მომავალ წელს, 20 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს და პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი საერთოდ აღარ იქნება უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებული.

აზერბაიჯანულმა ბიზნესმა პირველ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკაში 6,5 მილიონი დოლარი ჩადო. საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პროგნოზით, 2010 წლის ბოლომდე, ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, ამ პროგნოზს მსოფლიო სავალუტო ფონდიც კი სკეპტიკურად უყურებს.

XS
SM
MD
LG