ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წლის ყველაზე ამოუცნობი საკადრო გადაწყვეტილება


წლის ყველაზე ამოუცნობი საკადრო გადაწყვეტილება
წლის ყველაზე ამოუცნობი საკადრო გადაწყვეტილება

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე, 28 წლის მომხიბლავი ვერონიკა ქობალიას წარდგენა, წლის ყველაზე ამოუცნობი საკადრო გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს.

პრეზიდენტის ეს ნაბიჯი უკვე გახდა საზოგადოების მწვავე კრიტიკის საფუძველი. აფხაზეთში დაბადებული ქობალია, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგ, ჯერ რუსეთში, შემდეგ კი კანადაში ცხოვრობდა, სამშობლოში თებერვალში დაბრუნდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მის კარიერაში ელვისებური ნახტომისთვის. პრეზიდენტმა ვერონიკა ქობალიას წარდგენისას, ბიზნეს ლედიც კი უწოდა. სააკაშვილის თქმით:

„ვერა ქობალიამ ბოლო რამდენიმე თვეში გააცნო თავი ჩვენს ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს. ძალიან საინტერესოდ იმუშავა... მე თვითონ ვიყავი მოწმე, რამდენიმე ძალიან მაგარი ღონისძიების, რაც გაკეთდა იმ თემის, იმ ტრაგედიის პოპულარიზაციისთვის (ეთნოწმენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში), რომელიც მოხდა საქართველოში. და, ის იყო ძალიან წარმატებული ბიზნეს ვუმენი, ალბათ, ასე ჰქვია კანადაში, სანამ დაბრუნდებოდა საქართველოში.“

ვერონიკა ქობალია ბოლო 15 წელი კანადაში ცხოვრობდა. 2001 წლიდან მამამისი ოთარ ქობალია ქალაქ ვანკუვერში, საკუთარ ბიზნესს - ევროპული პურის საცხობს ფლობს. ქართული და ევროპული პურის ნაწარმით ქობალიები ბრიტანული კოლუმბიის რამდენიმე ათეულ მაღაზიას და რესტორანს ამარაგებენ, ვერონიკა მამამისის კომპანიაში გაყიდვებს კურირებდა, მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი დღესაც არის განთავსებული ევროპული პურის საცხობის ინტერეტ-გვერდზე. მომავალი ეკონომიკის მინისტრი იხსენებს თუ როგორ დაიწყეს ბიზნესი ვანკუვერში.

„კანადაში არის ფუნთუშა, თეთრი პური და მართალი რომ გითხათ, არ არის გემრიელი. ვიჯექით სახლში მაგიდასთან, ვსაუზმობდით და ვთქვით, რომ რაღაც ბიზნესი უნდა დავიწყოთ. მამაჩემი სოხუმის უნივერსიტეტში ასწავლიდა, მათემატიკოსია, მაგრამ თავიდან უნდა ჩააბარო უნივერსიტეტში და გაიარო ყველა საფეხური, რომ შეძლო იქ მუშაობის დაწყება.

მამა ფიქრობდა, რა ბიზნესი დავიწყო, რა გავაკეთოო, ფინანსურადაც არ შეეძლო, რომ რაღაც დიდი საქმე წამოეწყო. გადაწვიტა, მოდი პურის საცხობს გავაკეთებ, პატარა საცხობს, ორი კაცით დავიწყებთ და შემდეგ ვნახოთ როგორ წავა საქმე და რა გამოვაო. როგორც კი დავიწყეთ, პირველივე კვირიდან ჩვენ საცხობთან რიგები გაჩნდა.“

ინტერნეტში შეიძლება ნახვა, რომ ვერონიკა ქობალიამ დაწყებითი განათლება ვანკუვერის King George Secondary სკოლაში მიიღო, შემდეგ კი ბერნაბში, British Columbia Institute of Technology დაამთავრა.

2007 წელს, ვერონიკა მუშაობდა კანადური კომპანია "ბოსტონის პიცაში", სადაც ფრანჩაიზინგის მიმართულებით კონფერენციების მოწყობას კურირებდა. კანადაში მისი საქმიანი ბიოგრაფიის სხვა დეტალები უცნობია.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქობალია მუშაობდა, ციტატა - „სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე, კანადის ბიზნესკომპანიებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში."

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერონიკა ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს გაიცნო, უკვე 24 თებერვალს კი პარლამენტში სტუმრის სტატუსით მოიწვია. საქართველოში დაბრუნებას ვერონიკა ასე იხსენებს:

„უნივერსიტეტი, რომ დავამთავრე, მართლა დავბრუნდი საქართველოში, კანადურ ორგანიზაციასთან ერთად. ვმუშაობდი აქ 2001 წელს, მაგრამ მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო საქართველოში. რვა თვის განმავლობაში დავრჩი და დავბრუნდი უკან.

ხელახლა ჩამოვედი 2010 წლის თებერვალში, არ ვაპირებდი დიდხანს დარჩენას. შემდეგ, გავიცანი არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცია სამართლიანობისთვის დამფუძნებლები. ამ ხალხმა, ვინც თავად არიან დევნილები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, შემომთავაზეს აქ დარჩენა და მუშაობა.“

ვერონიკას თაოსნობით, კოალიციამ "სამარლიანობისთვის", 26 მაისს ზუგდიდში, გამართული გრანდიოზული კონცერტით - „მუსიკა ათავისუფლებს“ დაგვამახსოვრა თავი.

არაოფიციალურად, ასევე ცნობილია, რომ კოალიციამ ხელისუფლების მხარდაჭერით, დაიწყო მუშაობა ქართველი დევნილების სარჩელების მომზადებაზე რუსეთის წინააღმდეგ, აფხაზეთსა და ცხივნალის რეგიონში ქონებრივი უფლებების აღსადგენად.

ამ სამუშაოს დასრულება სხვას მოუწევს, უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვერონიკა ქობალიას უპრობლემოდ დაამტკიცებს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე. პარლამენტარი აკაკი მინაშვილი ამბობს:

„ქალბატონი ქობალია არის ადამიანი, რომელიც ენერგიულად შეუდგება ამ საქმეს. ძალიან აქტიურად იკონტაქტებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებთან, უცხოელ ბიზნესმენებთან, რათა უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. ბევრი ინვესტიცია არის საფუძველი ქართული ეკონომიკის და ადამიანების დასაქმებისა საქართველოში.“

ეკონომიკის სამინისტროს ბოლო ორი ხელმძღვანელი პროფესიონალი დიპლომატი იყო. პრეზიდენტმა სააკაშვილა ჯერ ისრაელსა და კვიპროსში საქართველოს ელჩს ლაშა ჟვანიას ჩააბარა სამინისტრო, შემდეგ კი ესპანეთში ელჩს ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელმაც მინისტრად სულ ათი თვე გაძლო.

რა ნიშნით შეირჩა ვერონიკა ქობალია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე, საჭიროა თუ არა, რომ ეკონომიკის მინისტრს ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება, ღრმა ეკონომიკური განათლება, ამ კითხვებით, ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე-პრეზიდენტს, გია ჯანდიერს მივმართეთ:

„ცხადია, რომ ეკონომიკის მინისტრს ჯობია, რომ ეკონომიკური განათლება ჰქონდეს. და, ეს განათლება არ იყოს მხოლოდ უნივერსიტეტის განათლება. არამედ, მას ჰქონდეს საკმარისი გამოცდილება ეკონომიკის პოლიტიკის თვალსაზრისით.

რაც შეეხება, თავად ამ დანიშვნას, ჩემი აზრით, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ეკონომიკის სამინისტრო დარჩება ისევ „რომელიღაც“ სამინისტროდ და არა, მნიშვნელოვან სამინისტროდ.

რეალურად, ეკონომიკის სამინისტრო უნდა იყოს საპირწონე ფინანსთა სამინისტროსი. ფინანსთა სამინისტროს თავისი ამოცანა აქვს, მეტი ფული შეაგროვოს. ეკონომიკის სამინისტროს თავისი ამოცანა უნდა ჰქონდეს, რომ ეკონომიკა ჯანსაღი იყოს და ფინანსთა სამინისტროს ოპონირებას უნდა უწევდეს ხშირ შემთხვევაში. თუ ამას არ აპირებს ეს სამინიტრო მაშინ, ალბათ, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეკონომიკის სამინიტროს, როგორც ადრე, ახლაც არ ექნება რაიმე სერიოზული გავლენა.

ასევე მგონია, რომ ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ეკონომიკის ცოდნაა მნიშვნელოვანი. არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიეჭვიანო, რომ ამ ქალბატონმა ჩემზე ნაკლები იცის ეკონომიკურ სფეროში. მაგრამ მინისტრს, ასევე ელემენტარული გამოცდილება უნდა ჰქონდეს, იმაში თუ რამდენად შესაძლებელია მთავრობაში ეკონომიკური საკითხების გატანა და ლობირება.“

ეკონომიკის მინისტრად დამტკიცების შემდეგ, ვერონიკა ქობალია საქართველოს მთავრობაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდება. დღემდე ყველაზე ახალგაზრდა სოფლის მეურნეობის მინისტრი 29 წლის ბაკურ კვეზერელი იყო, ვერონიკას კი 29 წელი მხოლოდ 24 აგვისტოს შეუსრულდება.

XS
SM
MD
LG