ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგარეო ვალმა 7 მილიარდ ლარს გადააჭარბა


ეროვნულმა ბანკმა ქართული ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1 ლარითა და 80 თეთრით განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო ვალმა უკვე 7 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საგარეო ვალი 3 მილიარდ 936 მილიონ 882 ათასი ამერიკული დოლარია, რაც ახალი კურსით - 7 მილიარდ 87 მილიონ 174 ათას 976 ლარს შეადგენს.

2009 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 5 მილიარდ 700 მილიონი ლარი იყო, 2008 წელს - 4 მილიარდ 486 მილიონი; 2007 წელს - 2 მილიარდ 849 მილიონი.

საქართველოს ყველაზე მეტი მრავალმხრივი კრედიტორების მართებს, მათ შორის, მსოფლიო ბანკის - მილიარდ 184 მილიონი დოლარი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მილიარდ 50 მილიონი და აზიის განვითარების ბანკის - 510 მილიონი დოლარი.

მთლიანობაში მრავალმხრივი კრედიტორების წილი ვალის მთლიან მოცულობაში 2 მილიარდ 850 მილიონ დოლარს აღემატება. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავა ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ მთავრობა ახალი ვალების აღებას 2011 წელსაც გეგმავს:

„2011 წელს კვლავ ახალი ევროობლიგაციების ემისიას აპირებს საქართველოს მთავრობა, ამასთან ერთად, როგორც 2008 წელს არ განუმარტავს მთავრობას, რისთვის სჭირდებოდა მაშინ აღებული ნახევარი მილიარდი დოლარი, ახლაც, ჯერჯერობით, არ ამბობს მთავრობა თუ რაში აპირებს ამ ვალის აღებას.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვალი იქნება ასაღები ბიუჯეტში, ბიუჯეტში გაიზრდება დეფიციტის ოდენობა. ეს ვალი იქნება გადასახდელი იმისდა მიხედვით, როგორი პირობით იქნება ვალი აღებული, რა განაკვეთით, რამდენი წლით და რა ოდენობით.“

ორმხრივი კრედიტორებისგან აღებული ვალებიდან ყველაზე მეტი გერმანიის ვალია - 226 მილიონი დოლარი; შემდეგ მოდიან რუსეთი - 116 მილიონი; იაპონია - 59 მილიონი და ამერიკის შეერთებული შტატები - 35 მილიონი დოლარი.

საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვსი ქვეყნის ვალიც აქვს - მათ შორის, ყაზახეთის 27 მილიონი, სომხეთის - 16 მილიონი და აზერბაიჯანის - 14 მილიონი ამერიკული დოლარი.

500 მილიონი დოლარის ოდენობის ვალად დაუჯდა მთავრობას, 2008 წლის აპრილში განხორციელებული ფინანსური ოპერაცია, რომლის ავტორიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე იყო.

მაშინ ლონდონის ბირჟაზე პირველი სუვერენული ევროობლიგაციების განთავსებაში მთავრობას მსოფლიოს ორი წამყვანი ბანკი - ამერიკული JP Morgan და შვეიცარიული UBS-ს ეხმარებოდნენ. ამ ვალის გასტუმრება საქართველოს 2013 წელს უწევს. ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით ონოფრიშვილი ამბობს:

„საგარეო ვალები 2013 წლამდე საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს ქვეყანას, იმიტომ, რომ საგარეო ვალის მომსახურება სავალდებულო მომსახურებას ექვემდებარება. თავისთავად ეს თანხა ცხადია, რაც უფრო მეტია გადასახდელი, იმავე პროპორციით აკლდება იგივე სოციალურ დახმარებებს, ჯანდაცვას, განათლებას და სხვა პრიორიტეტულ სფეროებს.

2013 წელს როცა საგარეო ვალი მიაღწევს თავის პიკს, ფაქტიურად ბიუჯეტიდან გადასახდელი იქნება მილიარდ 300 მილიონი ლარი, ეს ძალიან გრანდიოზული თანხაა. ამიტომ ამ სფეროში მეტი სიფრთხილე გვმართებს.“

ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მომავალი ათი წლის მანძილზე, მზარდი საგარეო ვალების გამო, საქართველოს არანაირი პრობლემა არ ემუქრება.

მთავრობა ირწმუნება, რომ აღებულ სესხებს მსხვილი პროექტების განხორციელებაში ეფექტურად ხარჯავს. საუბარია ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, საბანკო სისტემის დახმარებასა და დევნილთა ახალ განსახლებებზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე კერძოდ ამბობს:

„ეს არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. ეს არაა, რაღაც მიმდინარე ხარჯების ანაზღაურება. უპირველეს ყოვლისა ეს არის ინფრასტრუქტურული დახმარება. აქ არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, აჭარის შემოვლითი გზები, მეორადი და ადგილობრივი გზების მშენებლობა.

აქ არის ფლაგმანური პროექტები ენერგო ინფრასტრუქტურის სფეროში, ისეთი, როგორიცაა, მაღალი ძაბვის გადამცემის პროექტი, რომელიც საქართველოს და თურქეთს დააკავშირებს.

ეს არის დევნილთა სახლების, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესაბა და ეს არის დიდი დახმარება, რომელსაც ვიღებთ კერძო სექტორის ოპერაციების კუთხით, რომელიც ხმარდება საბანკო სექტორს ანუ ფინანსურ შუამავლობას.

უპირველეს ყოვლისა, 70 პროცენტი ჩვენი საგარეო ვალის არის ვალი მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ - ეს არის გრძელვადიანი სესხები ჩვენთვის ხელსაყრელი პირობებით. 16 პროცენტი არის ჩვენი ვალი ორმხრივი კრედიტორების მიმართ.

2001-2004 წლებში, პარიზის კლუბის პირობებში მოხდა ამ თანხების გასტუმრების გახანგრძლივება და შესაბამისად ამ თანხებს გავისტუმრებთ 2021-2025 წლებში.

რაც შეეხება ევროობლიგაციებს. ჩვენ ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოვახდენთ 2012-2013 წლებში, არანაირ პრობლემას მე ვერ ვხედავ. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ამ ევროობლიგაციის გამოშვების იყო მცდელობა, საკმაოდ წარმატებული მცდელობა რომ შექმნილიყო ქვეყნის სუვერენული პროფილი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე.“

საქართველოს 2010 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურმა მაჩვენებელმა 19 მილიარდ 46 მილიონი ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 37,1 პროცენტია.

შედარებისთვის - მეზობელი სომხეთის საგარეო ვალი 3 მილიარდ 795 მილიონი დოლარია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 44 პროცენტს აღემატება.

კიდევ ერთი მეზობლის - აზერბაიჯანის საგარეო ვალი 3 მილიარდ 736 მილიონია, თუმცა ეს მათი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ რვა პროცენტია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წელს „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ წარდგენისას განაცხადა, რომ საგარეო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, არა უმეტეს 60 პროცენტისა უნდა იყოს, ისევე, როგორც ეს ევროზონის ქვეყნებშია, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავრობა ვალების აღებას კვლავაც აქტიურად განაგრძობს.

2011 წლის ბიუჯეტით, საქართველოს საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა, წლის ბოლოსთვის უკვე 8 მილიარდ 758 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

XS
SM
MD
LG