ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუნდოვანი სტატუს ქვო ენგურჰესზე


როგორ და ვის მიერ იმართება ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესი ისევ გაურკვეველია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარე, ენგურჰესის ელექტროსადგური მოინახულა.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს მაშტაბით ეს უნიკალური ჰიდროელექტროსადგური აფხაზეთის ომმა, ფაქტობრივად, ორ ნაწილად გაყო. ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - წალენჯიხის რაიონშია, ელექტროსადგურები და ვარდნილჰესების კასკადი კი - ოკუპირებულ გალის რაიონში.

ამიერკავკასიაში უდიდესი, 1300 მეგავატი ჯამური სიმძლავრის ჰესის გამართული ფუნქციონირებით დაინტერესებულია, როგორ თბილისი, ისე სეპარატისტული სოხუმი და ოკუპანტი მოსკოვი ამიტომაც, ომის დასრულების შემდეგ, ეს ერთადერთი სფეროა, რომელშიც უმწვავესი კონფლიქტის მხარეები ურთიერთკომპრომისის პრინციპით მოქმედებენ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს აფხაზეთში, აფხაზური სახელმწიფო კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა რევაზ ზანთარიამ უმასპინძლა. საბერიოში ყოფნისას კახი კალაძემ აფხაზებს ძმები უწოდა. აფხაზებმა კი შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვეს.

„ძალიან კარგი ურთიერთობებია ამ კუთხით. პოლიტიკას არ უნდა შევეხოთ რა თქმა უნდა. ენერგეტიკული ურთიერთობები დიდი ხანია დაწყებულია და ჩვენი ახალი მთავრობის მიზანია დავათბოთ და დავარეგულიროთ ურთიერთობები აფხაზებთან.

ისინი ჩვენი ძმები არიან და მე დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობები ძალიან თბილი, მეგობრული და ძალიან დაახლოვებული იქნება.“

ენერგეტიკის მინისტრს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რეალურად როგორ იმართება დღეს „ენგურჰესი“. როგორც ცნობილია 1994-დან 2008 წლამდე აფხაზურ მხარეს „ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის ჯერ 20, ბოლოს კი უკვე 40 პროცენტი უფასოდ მიჰქონდა. დღეს ეს პროცენტი უფრო გაზრდილია.

ენგურის კაშხალი
ენგურის კაშხალი

2008 წელს, რუსეთთან ომში დამარცხების შემდეგ, „ჩერნომორენერგოს“ დირექტორი რევაზ ზანთარია ღიად დაემუქრა საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს.

ზანთარია აფხაზური მხარისთვის „ენგურჰესის“ აქციათა 50 პროცენტის ოფიციალურ გადაფორმებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰესის გაჩერებით იმუქრებოდა. 2011 წელს, „ვიკილიქსის“ მეშვეობით ცნობილი გახდა, 2009 წელს, საქართველოში ამერიკის ელჩის ჯონ ტეფტისა და ალექსანდრე ხეთაგურის საუბრის დეტალების შესახებ, რომელიც „ენგურჰესს“ შეეხებოდა.

ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აფხაზების მუქარის შემდეგ, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა რუსულ სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოსთან“ გაეფორმებინა მემორანდუმი - „ენგურჰესის“ ერთობლივი მართვის შესახებ.

„ინტერ რაოს“ მიეცა უფლება „ენგურჰესის“ გამომუშავებული ენერგიის 40 პროცენტი წაეღო. ამავე დროს, რუსეთიდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის საქართველოს ელექტროხაზები გამოეყენებინა.

„ინტერ რაოს“ უნდა მოეხდინა ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაციაც და საქართველოსთვის გადაეხადა იმ ელექტროენერგიის საფასური, რომელიც აფხაზებს უფასოდ მიჰქონდათ. თუმცა, მემორანდუმის ეს პუნქტები არ შესრულებულა, სეპარატისტებს ელექტოენერგია უფასოდ მიაქვთ.

აღებული ვალდებულებების შესრულების გარანტად, „ინტერ რაომ“ მაშინ საქართველოში მისი აქტივები წარმოადგინა: თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია თელასის, გარდაბნის თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 ენერგობლოკებისა და ხრამი-1 და ხრამი-2 ჰიდროექტროსადგურების აქციები.

„ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული მიმოწერიდან ცნობილია, რომ ხეთაგურმა პირდაპირ უთხრა რუსებს - ენგურჰესის კაშხლის სამხედრო გზით დაკავების შემხთვევაში, საქართველო „ინტერ რაოს“ ყველა ქართული აქტივის ნაციონალიზაციას მოახდენდა.

მემორანდუმის მიხედვით, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის აქციათა 100-ვე პროცენტი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა. მაშინ საქართველოს მთავრობამ მემორანდუმის ტექსტი სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების საბაბით გაასაიდუმლოვა.

ეს ნაბიჯი ოპოზოციის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გაზეთი „რეზონანსი“ წლების მანძილზე დავობდნენ მემორანდუმის განსაჯაროებისთვის, თუმცა სასამართლომ არცერთი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მემორანდუმის ტექსტი საიდუმლოდ დარჩა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც. ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა კახი კალაძემ გაარცელა განცხადება, რომ „ინტერ რაოსთან 2008 წელს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში არ შესულა. შესაბამისად, გაუქმებული მემორანდუმის დეტალების შესახებ საუბარი დღეს ინტერესს მოკლებულია და ეს ფაქტი საზოგადოებაში მხოლოდ დამატებით უსაფუძვლო კითხვებს გააჩენს.“

გაუგებარი დარჩა თუ მემორანდუმი ძალაში არ იყო შესული რატომ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მთავრობა და სასამართლო მის განსაჯაროებას და რა დამატებით უსაფუძვლო კითხვებს გაუჩენს საზოგადოებას, დღეს, იმის გაგება თუ რა ეწერა სინამდვილეში ამ დოკუმენტში?!

საჯარო რეესტრის მიხედვით, დღეს „ენგურჰესს“ ასი პროცენტით სახელმწიფო შპს „ენგურჰესი“ მართავს. თავის მხრივ, შპს „ენგურჰესის“ საწესდებო კაპიტალში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 პროცენტიანი წილი, პრეზიდენტ სააკაშვილის 2010 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით, მისი არსებობის ვადით, მართვის უფლებით ენერგეტიკის სამინისტროსთვის არის გადაცემული. „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ლევან მებონია ამბობს

„ეს სადგური დიდი ხნის განმავლობაში არ გარემონტებულა. ჩვენ ახლა უკვე ვართ სატენდერო პროცესში. გვაქვს სესხი აღებული ევროპის საინვესტიციო ბანკიდან. ამ სესხის საშუალებით უნდა ჩატარდეს ისეთი მნიშვბელოვანი სამუშაოები, როგორიც არის კაშხლის უსაფრთხოება, გამტარი არხის გაწმენდა, ელექტრო და ჰიდრო მექანიკური მოწყობილობების რეაბილიტაცია.

დაახლოებით, სამი წლის შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვარდნილჰესი-1 იქნება საპროექტო სიმძლავრისა და გამომუშავების ჰიდროელექტროსადგური. ეს არის სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური საქართველოში 220 მეგავატით და მისი გამომუშავება არის 750 მილიონი კილოვატ საათი.“

გასული საუკუნის 90 წლებიდან მოყოლებული „ენგურჰესის“ რეაბილიტაციაზე საქართველომ 100 მილიონ დოლარზე მეტი ისესხა და დახარჯა. „ენგურჰესისი“ წილი საქართველოს მთელ ენერგობალანსში 40 პროცენტია. მისი წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება, აქედან მილიარდზე მეტი კილოვატ საათი ელექტროენერგია აფხაზებს უფასოდ მიაქვთ.

საქართველოს სივრცეში „ენგურჰესის“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფი 1.187 თეთრს შეადგენს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი ტარიფი კი 10 თეთრიდან 18 თეთრამდე მერყეობს.

აფხაზეთში ერთი კილოვატი ელექტოენერგია მხოლოდ 2 თეთრი ღირს და ასეთი ფასის პირობებშიც კი, 2012 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მხოლოდ 47 პროცენტის ამოღება მოხერხდა. თებერვლიდან სოხუმის მთავრობა დენის გადასახადს 4 თეთრამდე ზრდის.

„ენგურჰესიდან“ უფასოდ წაღებული ელექტროენერგიის 20 პროცენტს აფხაზები რუსეთში კრასნოდარის მხარეში ჰყიდიან. ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები აფხაზებს კიდევ უფრო გაეზარდათ 2008 წლის ომის შემდეგ. კოდორის ხეობის დაკავებასთან ერთად, მათ დარჩათ 500 კილოვატიანი მაღალი ძაბვის ხაზი „კავკასიონი“, რომელიც საქართველოს რუსეთის ენერგოსისტემასთან აკავშირებდა.

მდინარე ენგურზე ჰესების კასკადის მშენებლობის სქემა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში დამუშავდა. მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და 1978 წელს დასრულდა.

ენგურჰესს ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელებას უწოდებენ. იდეას, რომელიც უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსის აგებას ითვალისწინებდა და საბჭოთა კავშირშიც კი ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა.

ენგურჰესის კაშხლის სიმაღლე 271 მეტრს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს უდიდესი კაშხლების ხუთეულში შედის.

XS
SM
MD
LG