ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკოლოგები და მოსახლეობა ხუდონჰესის წინააღმდეგ


სვანეთი, განსაკუთრებით კი სოფელ ხაიშის მოსახლეობა დიდი ინტერესით ელოდება, 4 ნოემბერს, როცა სოფლის გამგეობის შენობაში, ჰუდონჰესის გიგანტური პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე შეფასების წინასწარი ანგარიშის“ საჯარო განხილვა უნდა შედგეს.

ფაქტიურად, ამ შეხვედრაზე გადაწყდება დარჩება თუ არა ხაიში და მიმდებარე სოფლები, საქართველოს რუქაზე, თუ სოფელს ხუდონჰესის მშენებლობისთვის დატბორავენ.

მოსახლეობა ელის პასუხს კითხვებზე - საით და რა პირობებით უპირებენ მათ გასახლებას? მოხდება თუ არა მამაპაპისეული სასაფლაოებიდან მიცვალებულების გადასვენება? როგორ გადაწყდება ამ ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიების ბედი?

ხაიშელთა დიდი ნაწილი ჰუდონჰესის აშენებისა და გადასახლების წინააღმდეგია. ადგილობრივები როინ ჭკადუა, ნანული სუსაძე, მერი ჭკადუა და ზურაბ ნიჟარაძე კერძოდ ამბობენ:

როინ ჭკადუა: „მე მიცვალებულები მყავს, შვილი აქ მყავს დამარხული, დედ-მამა. უამრავი ძველი სასაფლაო აქ, ჩემზე უფრო მეტი ადრეული მკვდრები ჰყავს აქ დამარხული ხალხს. საით უნდა წავიყვანოთ?!“

ნანული სუსაძე: „ვერსად ვერ წავალთ, საერთოდ არ გვინდა ჰესი, რომელ ხაიშელს უნდა ჰესი, გვითხარით ერთი?! რომელ ხაიშელს უნდა რომ ხაიში დაიტბოროს?! და ვინ შეგვიქმნის ჩვენ იმ პირობებს, როგორც აქ ვცხოვრობთ, ისე სადმე ვიცხოვროთ?! ამ სიბერეში, ორი წელი ვერ გავძლებთ სადმე რო წავიდეთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ!“

მერი ჭკადუა: „სვანეთის ხალხი აყრაში არ წავა! რატო გვყრით მითხარი რა დავაშავეთ! დანაშაული გვაქვს რამე?! ჩვენ ეს კლდეები გვირჩევნია იცი თუ არა შენ?! არსად არ მივდივართ იცოდე საყვარელო! არსად!“

ზურაბ ნიჟარაძე: „330 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი გვაქვს სვანებს „მოძმე“ რუსეთთან. მოძმე ბრჭყალებში რა თქმა უნდა. ამას დაუმატეთ 50-60 კილომეტრიანი საზღვარი აფხაზეთთან, რომელიც ფაქტიურად დღეს რუსეთია. აქედან ხალხის გასახლება არანაირად არ შეიძლება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.“

საქართველოს მთავრობამ ხუდონჰესის მშენებლობის განახლებას ჯერ კიდევ 2009 წლის დეკემბერში აუნთო მწვანე შუქი, როცა ინდურ კომპანია „კონტინენტალ კონსტრაქშენთან“ (Continental Construction Corp. Ltd) ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მოგვიანებით მშენებლობის უფლება, „კონტინენტალ კონსტრაქშენის“ შვილობილს ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ „ტრანს ელექტრიკას“ გადაეცა.

ამ კომპანიის დამფუძნებლების ვინაობა გასაიდუმლოებულია, სწორედ ამ მიზნით არის დაფუძნებული „ტრანს ელექსტრიკა“ ოფშორში. ცნობილია მხოლოდ რომ კომპანიაში წილებს საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები ფლობენ.

კომპანიის მეპატრონეების შესახებ კომენტარს არც საქართველოს მთავრობაში აკეთებენ „ტრანს ელექტრიკას“ საკუთარ ვებ-გვერდზე მითითებული აქვს რომ ინდოეთში, ლიბიასა და ერაყში რვა ჰიდროელექტროსადგური ააშენა, ყველა ეს პროექტი „კონტინენტალ კონსტრაქშენის“ მიერ არის განხორციელებული.

ხუდონჰესის პროექტი
ხუდონჰესის პროექტი

„ტრანს ელექტრიკამ“ ჰუდონჰესის მშენებლობა 2012 წლის აპრილში უნდა დაიწყოს და 780 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდოს. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე გიგანტურ პროექტთან დაკავშირებით აცხადებენ:

ნიკა გილაური: „ხუდონჰესის მშენებლობა არის მომგებიანი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განსახორციელებელი და საკმაოდ რთული იქნება მისი მშენებლობა, ტექნიკურად მშენებლობა შესაძლებელია და ეკონომიკურადაც მისაღებია.“

ლიანა ჯერვალიძე: „ხუდონჰესის მშენებლობა გაზრდის საქართველოს მხრიდან ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალს. ეს ელექტროენერგია მოხვდება თურქეთის ბაზარზე, მაგრამ ჩვენი ინტერესი არის მწვანე ენერგია მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზეც.“

ხაიშიდან მოსახლეობის, დაახლოებით 2000 ადამიანის გასახლება შესაძლოა უკვე გაზაფხულიდან დაიწყოს. 4 ნოემბერს, ხაიშელებს „ტრანს ელექტრიკას“ და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები სავარაუდოდ, ამ ინფორმაციას მიაწვდიან.

საით გაასახლებენ სვანებს და რამდენად მშვიდად ჩაივლის ეს პროცესი უცნობია. გადასახლებისთვის ინვესტორი 60 მილიონ დოლარს გამოყოფს. ხუდონჰესისი პროექტზე გასახლების სამოქმედო გეგმას „მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ APLR ასრულებს, რომლის ერთ-ერთი მეპატრონე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი კი მინისტრის მეუღლეა.

ხაიშის დაცარიელება და დატბორვა ავტომატურად ხაიშის თემის 18 სოფლის დაცარიელებასაც ნიშნავს. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების აზრით, სვანეთში, ენგურჰესის შემდეგ, მეორე დიდი ხელოვნური ტბის გაჩენა ეკოლოგიურ მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს:

„უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს საუბარი, დარჩება თუ არ დარჩება სოფელი ხაიში დ ათწლეულების განმავლობაში ელემენტარულად მოსახლეობამდე ვერ მივიდა ინფორმაცია. რამდენად გამართლებულია ეს ეკონომიკuრი და ეკოლოგიური თვალსაზრისით?

შედეგად ჩვენ მივიღებთ საქართველოს კიდევ ერთ დაცარიელებულ ტერიტორიას, მით უმეტეს, რომ ეს არის სასაზღვრო ტერიტორია და ძალიან მნiშვნელოვანია, რომ აქ მოსახლეობა და დასახლებული პუნქტები შენარჩუნებული იყოს.“

ხუდონჰესის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1979 წელს დაიწო და 1989 წლის ივნისში, საბჭოთა სისტემის კრიზისის, ქართული ეროვნული მოძრაობისა და სვანეთის მოსახლეობის პროტესტის გამო გაჩერდა.

პროტესტი 80-იანი წლების ბოლოს
პროტესტი 80-იანი წლების ბოლოს

მთავრობა დღეს იმედოვნებს, უკვე 2018 წელს, 702 მეგავატი სიმძლავრის ხუდონჰესი საქართველოს, როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის შესაძლებლობებს გააორმაგებს. ამასთან, მოხდება სვანეთისა და სამეგრელოს ახალი კურორტების მესტიისა და ანაკლიის სრული ელექტროფიცირება.

პროექტის ოპონენტები კი ამტკიცებენ - ხუდონჰესი ისე შეცვლის კლიმატს სვანეთში, რომ ახალ სათხილამურო კურორტ მესტიაში ჩადებული მილიონობით ინვესტიცია შეიძლება წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.

XS
SM
MD
LG