ენერგეტიკის სამინისტრო, ჯერჯერობით, კვლავ უპასუხოდ ტოვებს, 26 გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის განცხადებას ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენელობლობასთან დაკავშირებით, რომელიც ცაგერისა, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონებში უნდა აშენდეს.
განცხადებაში, კერძოდ ნათქვამია, რომ განსახილველად წარმოდგენილი „გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიში": არ იძლევა საკმარის და სარწმუნო ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობაზე, ბუნებრივ გარემოსა და ზოგადად რეგიონზე ნამოხვანის კასკადის რეალური ზეგავლენის შესახებ; ანგარიშში მოყვანილი დასკვნები კი უსაფუძვლო და მიკერძოებულია მშენებლობის დაწყების სასარგებლოდ, ვინაიდან შესაბამისი კვლევებით გამყარებული არ არის.“
არასამთავროებმა ჯერ კიდევ თვენახევრის წინ მოუწოდეს ენერგეტიკის სამინისტროს ნამოხვანის ჰესების კასკადის საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოო ვერსია, ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების სამოქმედო გეგმასთან ერთად სასწრაფოდ გაეხადა საჯარო, თუმცა უშედეგოდ.
სოფლების მოსახლეობამ, დაახლოებით 1000 ადამიანმა, რომელთაც მშენებლობის გამო დატბორვა ემუქრებათ, ჯერ კიდევ არ იციან მთავრობა გადასახლებას საით უპირებს. სოფელ ონჭეიშის მკვიდრი გიზო კობორძალიძე და სოფელ ტვიშის თემის რწმუნებული თამილა გაბიძაშვილი კერძოდ ამბობენ
გიზო კიბორძალიძე: „არც ვიცით, ორ წყალში ვართ. გავაკეთოთ რამე თუ არ გავაკეთოთ რამე. რო გავაკეთოთ შეიძლება წყალმა დაფაროს, არ გააკეთო და შიმშილი მოგკლავს.“
თამილა გაბიძაშვილი: „საბოლოო გადაწყვეტილება და საბოლოო სიტყვა ჩვენზე მაინც არ არის დამოკიდებული. ეს ძალიან დიდი პროექტია და უბრალოდ იმდენად დიდია მიგრაცია სოფლიდან, თაობაც კი აღარ გვყავს, წინააღმდეგობის უნარიც აღარ გვაქვს. რა უნდა გავაკეთოდ, როცა არაფერი შეგვიძლია?!“
ნამოხვანის ჰესების მშენებლობის შესახებ მემორანდური ჯერ კიდევ 2009 წელს გაფორმდა, თუმცა მოგვიანებით, მშენებლობას სამხრეთ კორეული კომპანია „ინჟინერგ კონსტრუქშენი“ გამოაკლდა და კონსორციუმში მხოლოდ თურქული კომპანია „ნუროლი“ დარჩა.
„ნუროლი“ ქართული წარმოშობის თურქი მილიონერის ნურეთინ ჩარმიქლის საკუთრებაა. გარდა იმისა, რომ ჩარმიქლი თურქეთში საქართველოს საპატიო კონსულია, „ნუროლს“ უკვე აქვს საქართველოში შესრულებული ორი დიდი პროექტი. სწორედ ამ კომპანიამ ააშენა ბათუმში, სასტუმრო „შერატონი“, თბილისში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა.
თურქების პროექტის მიხედვით, სოფლებში: ტვიშში, ჟონეთსა და ნამოხვანში აშენდები სამი - 56, 31 დ 111 მეტრიანი კაშხალი. მდინარე რიონზე წყალსაცავის საერთო სიგრძე 28 კილომეტრი იქნება.
მთლიანად დაიტბორება რვა სოფელი, კიდევ ექვსი სოფელი ავტომატურად დაცარიელდება, ვინაიდან დატბორვის არეალში 700 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა მოხვდება, მათ შორის ტვიშის მიკროოინის უნიკალური ლეჩხუმური ცოლიკაურის ვენახები.
ამოქმედების შემდეგ, ნამახვანის ჰესების კასკადი მხოლოდ ექსპორტზე იმუშავეს, წარმოებული ელექტროენერგიას ინვესტორი 20 წლის მანძილზე თურქეთში გაყიდის. ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში დავით ებრალიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისა და თურქულ კომპანიის გარიგება ბევრ კითხვას ბადებს.
„ჰიდრორესურსი არის ისეთივე ენერგო რესურსი, როგორიც სხვა ქვეყნებისთვის არის ბუნებრივი აირი და ნავთობი. არცერთი ქვეყანა არ აძლევს ინვესტორებს ამ რესურსის მოპოვების საშუალებას, მხოლოდ იმ პირობით რომ ინვესტიციებს ჩადებს, მუშახელს დაასაქმებს და ასეთ მიზერ ელექტროენერგიას დატოვებს ქვეყნაში.“
ლეჩხუმში 1960 წლიდან უკვე ფუნქციონირებს ლაჯანურჰესი, რომელმაც ულამაზეს მეღვინეობის მხარეს უმძიმესი პრობლემები შეუქმნა. ცაგერის რაიონის 58 სოფლიდან 57 დამეწყრილია, იქ მცხოვრები 900-ზე მეტი ოჯახი კი უპირობო გადასახლებას საჭიროებს.
მეწყერი, ღვარცოფი და წყალდიდობა ლეჩხუმს ყოველწლიურად ანგრევს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს
„რამდენად გამართლებულია ეს ყველაფერი ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით?! მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მწარე გამოცდილება. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ, ლაჯანურჰესი და ცაგერის დამბა.
ბუნებრივია სარგებელი ნახა სახელმწიფომ ამ პროექტით, მაგრამ რამდენიმე ათეულ წელიწადში ამ პროექტმა გამოიწვია ცაგერის სანახევროდ დაცარიელება, ათამდე სოფლისთვის მთლიანად საარსებო წყაროს დაკარგვა და ბუნებრივი კატასტროფების ისეთ დონეზე გააქტიურება, რომ დღეს მთელი ცაგერის რაიონი, მთელი ლეჩხუმი არის რისკის ზონა და ძალიან ბევრი ადამიანი ექვემდებარება აუცილებელ გადასახლებას.
ნამოხვანის კასკადის აშენებით ჩვენ მივიღებთ საქართველოს კიდევ ერთ დაცარიელებულ ტერიტორიას.“
ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობა პროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დაიწყოს და 2017 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. მშენებლობაში 850 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს და ათასამდე ადამიანი დასაქმდეს.
ჰესების ახალი კასკადი 100 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ენერგეტიკის სამინისტრომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ გიგანტური მშენებლობა დადგენილ ვადებში დასრულდება.
გარემოსდამცველებმა კი უკვე მოუწოდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს არ დააფინანსონ ნამოხვანის ჰესების მშენებლობა მანამ, სანამ „საზოგადოების ფართო მონაწილეობით არ შემუშავდება საქართველოს ენერგო-სექტორის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია.“