ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეალურად ვის ხელში გადავიდა „თბილისის წყალი“?!


"თბილისის წყალი"
"თბილისის წყალი"

„მწვანე ალტერნატივა“ და რესპუბლიკური პარტია ეჭვობენ, რომ „მულტიპლექს სოლუშენსის“, „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედსა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ უკან ქართული კაპიტალი დგას და ქართველი სახელმწიფო მოხელეთა ინტერესი იმალება

რესპუბლიკური პარტია თბილისის მერს მსხვილ კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს, საქმე ეხება „თბილისის წყალის“, „საქწყალკანალის“, „მცხეთაწყალკანალის“, „რუსთავწყალკანალის“ და გარდაბნის გამწმენდი საკანალიზაციო ქსელის სრულიად უცნობი კომპანიის, შვეიცარიაში რეგისტრირებული „მულტიპლექს სოლუშენსისთვის“ მიყიდვას.

მთავრობა დღემდე, „კომერციული საიდუმლოების“ საბაბით არ ასაჯაროებს იმ ხელშეკრულებებს, რომელიც ერთის მხრივ მერიას, ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობას, მეორეს მხრივ კი „მულტიპლექს სოლუშენს“ შორის 2007, 2008 და 2009 წლებში გაფორმდა. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, რომელმაც თბილისის მერს სასამართლოში უჩივლა, ამერიკის ხმასთან ამბობს

„მე დღეს მაქვს საკმარისი მტკიცებულება, ვისაუბრო იმაზე, რომ გიგი უგულავა პირადად იყო კორუფციულად დაინტერესებული „თბილისის წყლის“, ისე გაყიდვაში, როგორც ეს განხორციელდა. მიუხედავად იმისა, გიგი უგულავა მოგვცემს თუ არა ამ პრივატიზაციასთან დაკავშირებულ საბუთებს, რესპუბლიკურ პარტიაში უკვე მრავალი დოკუმენტია დაცული, ეს გამოძიება ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს.

თუ ძალიან სწარაფად არ მოხდება თბილისის მერის მხრიდან ყველა იმ ხელშეკრულებების მოწოდება, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, საზოგადოებას დაუყოვნებლივ მივაწვდით იმ კორუფციულ სქემას, რომელიც „თბილისის წყალთან“ დაკავშირებით მოქმედებდა. ინფორმაციას გიგი უგულავას პირად ინტერესებზე და იმ პირად სარგებელზე, რომელიც მან და მისი მეგობრების ძალიან ვიწრო წრემ მიიღო ამ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით.“

2007 წლამდე „თბილისის წყალის“, როგორც სტრატეგიულ ობიექტის გაყიდვა დაუშვებელი იყო. საწარმოს აქციათა 100-ვე პროცენტი თბილისის თვითმმართველობის საკუთრება გახლდათ.

მომგებიანი კომპანიის გასხვისების პროცესი 2007 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა თბილისის მერიამ საწარმოს განვითარებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს 25 მილიონი დოლარის სესხი სთხოვა. ასევე საჯაროდ ითქვა, რომ „თბილისის წყალი“ რეაბილიტაციის შემდეგ, კერძო კომპანიის საკუთრებაში გადავიდოდა.

ბანკმა კრედიტი 2007 წლის ივლისის დასაწყისში დაამტკიცა, რასაც პარლამენტის მყისიერი გადაწყვეტილება მოჰყვა და „თბილისის წყალი“ სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოიღეს. ივლისის ბოლოს თბილისის მერიამ და ეკონომიკის სამინისტრომ „თბილისის წყალი“ ტენდერზე გაიტანეს. თუმცა ბანკმა კრედიტის გაცემა დაბლოკა, მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ სესხი არა სახელმწიფო საწარმოს, არამედ ტენდერში გამარჯვებულ უცნობ კომპანიას უნდა დაებრუნებინა.

არასამთავრო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ მესამე წელია ამ საქმეს სწავლობს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ეჭვობს, რომ მთავრობაში წინასწარ იცოდნენ ტენდერში ვის უნდა გაემარჯვა

„თბილისის მერია თავიდანვე ძალიან აქტიურად ცრდილობდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მოეპოვებინა სესხი „თბილისის წყლის“ განსავითარებლად.

ევრობანკმა გამოყო ეს 25 მილიონი, მერია გეგმავდა და ეს ჩვენ წერილობით განმარტებაც გვაქვს თბილისის მერიის, რომ მოიპოვებდნენ სესხს უკვე შემდგომ გაყიდული კომპანიისთვის და სესხის მომსახურება უკვე ახალ მფლობელზე გადავიდოდა.

აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რატომ ზრუნავდა მერია ვიღაცა უცნობი კომპანიის საკეთილდღეოდ?! თავად ბანკი წავიდა ამ სესხის დამტკიცების წინააღმდეგ. სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერი გარიგების კვალი მათაც დაინახეს.

სწორედ ეს მომენტი, გვაეჭვებს, ჩვენ რომ თბილისის მერიაში იყო გარკვეული ინტერესი და წინასწარი შეთანხმებები კონკრეტულ კომპანიასთან.“

„მწვანე ალტერნატივაში“ მიაჩნით, რომ ტენდერი კანონის სერიოზული დარღვევით ჩატარდა, თვითმართველობის საკუთრების პრივატიზებაში, საერთოდ არ მონაწილეობდა მისი მფლობელი - თბილისის საკრებულო.

თუმცა ყველაზე დიდი სიურპიზი მაინც ტენდერის ფინალი აღმოჩნდა. სრულიად უცნობმა, ჟენევაში, 2005 წელს რეგისტირებულმა კომპანია „მულტიპლექს სოლუშენსმა“ სასმელი წლით მომარაგების ისეთი გიგანტები დაამარცხა, როგორებიც ესპანური „აქვალია“, ბრიტანული „კასკალი“, ფრანგული „ვეოლია“ და ებრაული „ტაჰალი“ არიან.

არავის გასჩენია შეკითხვა, როგორ გადაიხდიდა ამხელა თანხებს კომპანია, რომლის კაპიტალი სულ რაღაც 90 ათასი დოლარი იყო. ნიშანდობლივია, რომ „მულტიპლექს სოლუშენის“ ქართული ფილიალი თბილისში 2007 წლის თებერვალში დარეგისტრირდა, 200 ლარიანი კაპიტალით.

თბილისის მაშინდელმა ვიცე მერმა მამუკა ახვლედიანმა 2007 წლის 27 ოქტომბერს პირველ არხზე გამოსვლისას კერძოდ ბრძანა:

„შვეიცარიული კომპანია აღნიშნულ ობიექტზე განახორციელებს 350 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას, ასევე მზადაა გადაიხადოს 85 მილიონი ამერიკული დოლარი. აგრეთვე, უზრუნველყოს ის პირობები, რომლებიც ჩვენთვის იყო პრიორიტეტული.“

თბილისის მერიის ვებ-გვერზე დღემდე დევს ინფორმაცია, რომ „მულტიპლექს სოლუშენსი“ 85 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაიხდის და 350 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს კვლევა, რომელიც „მწვავე ალტერნატივამ“ ჩაატარა.

სინამდვილეში 2007 წლის 24 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირი მიყიდვის წესით „საქწყალკანალი“, „მცხეთაწყალკანალი“ და „თბილისის წყალი“ ამჯერად მიჰყიდა, კომპანიას სულ სხვა სახელით - „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედი“.

ის შვეიცარიის ნაცვლად უკვე ოფშორულ ზონაში - ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. პლუს ამას „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ გადაეცა „რუსთავწყალკანალიც“, რომელზეც ტენდერზე საერთოდ არ იყო საუბარი.

"თბილისის წყალის" ქონება
"თბილისის წყალის" ქონება

იმ განკარგულებებისა და ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც „მწვავე ალტერნატივამ“ დღემდე მოიპოვა, ადრე და რეალურად დაფიქსირებულ თანხებს შორის, რომელიც „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ უნდა გადაეხადა, სხვაობა არც მეტი არც ნაკლები, 99 მილიონი დოლარია.

ნინო გუჯარაიძე ეჭვობს, რომ „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედი“ არ არის შვეიცარიული კომპანია და მის უკან, ქართველები ჩინოვნიკები დგანან.

„ამ კომპანიამ 2005 წლიდან დღემდე, უკვე მესამედ მოახდინა ხელახალი რეგისტრაცია და შეიცვალა სახელი. როგორც წესი ამგვარი ნაბიჯი, ოფშორში რეგისტრირებული მსგავსი კომპანიების კვალის მოსპობის ერთ-ერთი საშუალებაა.

რეალური მფლობელები არ ჩანს ფიზიკურად ვინ არიან, ერთადერთი ადამიანი, რომელიც დოკუმენტებში ფიგურირებს, ეს არის შვეიცარიის მოქალაქე ბიტ სპოერია, რომელიც კიდევ სხვა 89 კომპანიის დამფუძნებლებშიც გვხდება.

ჩვენი აზრით, ის მხოლოდ ფორმალური ფიგურაა, რომელიც აქტივებს არ ფლობს. ფაქტია, ტენდენციური დამოკიდებულება არსებობდა ამ კომპანიის მიმართ, როგორც საქართველოს მთავრობაში, ასევე თბილისის მერიაში, ამიტომ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ვიღაცა უცხო კომპანიის მიმართ უცებ გაგიჩნდეს ასეთი თბილი დამოკიდებულება და ამდენ დარღვევაზე დახუჭო თვალი.

რეალურად, როგორც აღმოვაჩინეთ უკვე ხელშეკრულების მოპოვების შემდეგ, რომელიც „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედთან“ გაფორმდა, ყველა გაყიდული ობიექტის წილების ჯამური ფასი შემცირებულია 15 მილიონი დოლარით!

80 მილიონი დოლარით შემცირდა განსახორციელებელი ინვესტიციების ჯამური ოდენობა! და შესაბამისად, საბანკო გარანტიის ოდენობაც შემცირდა 4 მილიონით.

ჩვენს მიერ მოთხოვნილი დანარჩენი ინფორმაცია ჯერჯერობით კვლავ საიდუმლოდ რჩება. ეს არის „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში, 2009 წლის დეკემბერში, შესული ცვლილებები, სადაც საუბარია ისევ ინვესტიციების გადავადებაზე, ანუ ისევ შეღავათებზეა საუბარი, ამ ცვლილებებთან ერთად, გასაიდუმლოებულია ხელშეკრულების დანართები.“

დღეისათვის, „მულტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ უკვე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჰქვია, ვერც ამ კომპანიის ვებ-გვერდზე ნახავთ ინფორმაციას, თუ ვინ არის მისი მფლობელი და მან რეალურად რა ინვესტიცია განახორციელა.

სამაგიეროდ, შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ ის წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე და 400 ათასამდე აბონენტს ემსახურება. „მწვანე ალტერნატივასა“ და რესპუბლიკელების მძიმე ბრალდებებს, ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ კომენტარი მხოლოდ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავჯდომარე ნინო თევდორაძემ გააკეთა.

„რამოდენიმე წლის წინ თბილისის წყალთან დაკავშირებით ჩატარდა აუქციონი, მასში მონაწილეობდა სხვადასხვა ათი კომპანია და მათგან გაიმარჯვა მხოლოდ იმან, რომელმაც ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა ქალაქ თბილისის მერიას და რომელიც სრულად აკმაყოფილებდა სააუქციონე პირობებს.

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს იმ დოკუმენტაციას, რომელიც არის დაცული თბილისის მერიაში და სხვა ყველა საჯარო დაწესებულებაში. ეს არის საჯარო ინფორმაცია, თუ, ვიმეორებ - ასეთი ინფორმაცია არ შეიცავს რაიმე კომერციულ საიდუმლოებას.“

„კომერციული საიდუმლოების“ მოტივით სახელმწიფო დღემდე რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტის გამოქვეყნებას ბლოკავს. მათ შორის არის „ენგურჰესთან“ დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და რუსულ „ინტერ რაოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი;

ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულება კომპანია „ჯორჯია მარგანეც ჰოლდინგ ლიმიტედსა“ და ეკომონიკის სამინისტროს შორის;

საქართველოს მთავრობის ხელშეკრულება ჩეხურ კომპანია „ენერგო პროსთან“ და სხვა მრავალი. დღემდე ყველა ასეთი, გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტის გასაჩივრება სასამართლოში მომჩივანი მხარის მარცხით მთავრდებოდა.

XS
SM
MD
LG